ახალი ამბები

„ოცნებამ“ PACE-ს პრეზიდენტად უკრაინელ კანდიდატს მხარი არ დაუჭირა

23 იანვარი, 2023 • 2236
„ოცნებამ“ PACE-ს პრეზიდენტად უკრაინელ კანდიდატს მხარი არ დაუჭირა

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) პრეზიდენტის თანამდებობაზე ტინი კოქსი მეორე ვადით აირჩიეს.

PACE-ის პრეზიდენტის თანამდებობაზე კენჭს უკრაინის წარმომადგენელი ოლექსანდრ მერეჟკოც იყრიდა, თუმცა საქართველოს დელეგაციამ მხარი ტინი კოქსს დაუჭირა. ოლექსანდრ მერეჟკო უკრაინის მმართველი პარტიის „ხალხის მსახურის“ წევრია.

როგორც „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ კენჭისყრამდე განაცხადა, ოლექსანდრ მერეჟკოს მხარს არ უჭერდნენ, რადგან ჩართული იყო PACE-ს მიერ იმ რეზოლუციის მიღებაში, რომელშიც მიხეილ სააკაშვილი პოლიტპატიმრადაა მოხსენიებული.

„ჩვენ მხარს ვუჭერთ ტინი კოქსის ხელახლა არჩევას. ეს არის მიღებული პრაქტიკა ევროპის საბჭოში, რომ როდესაც ერთხელ არის პრეზიდენტი არჩეული კონკრეტული პოლიტიკური პარტიის კვოტით, მისი მეორე ვადით არჩევა ხდება. ალტერნატიული კანდიდატი არის უკრაინის წარმომადგენელი მერეჟკო, რომელიც იყო ჩართული იმ ცვლილებების მიღებაში, რომელიც ჩვენთვის აბსოლუტურად მიუღებელი იყო. ეს არის ერთ-ერთი ფაქტორი, რატომაც ჩვენ მხარს არ დავუჭერთ მის კანდიდატურას. საუბარია ცვლილებებზე, რომელიც უკავშირდებოდა სააკაშვილის გვარის ჩასმას წინა რეზოლუციაში, წინა სესიაზე, რაც ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელი იყო“, – განუცხადა კობახიძემ სტრასბუგრში მყოფ ჟურნალისტებს.


მიხაილ ხოდორკოვსკის დაარსებული საგამოძიებო ჟურნალისტური პლატფორმა „დოსიე“ და EUobserver ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) მოქმედ და ყოფილი პრეზიდენტებს ამხელენ რუსეთის გენშტაბის მთავარი სამმართველოს (ГРУ) აგენტთან კავშირში.

მედიასაშუალებები ყვებიან, თუ როგორ ემხრობოდა ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის მხარდამჭერი ორგანიზაცია რუსეთის ხელისუფლებას, როდესაც რუსეთში რეჟიმს ამკაცრებდა და უკრაინაზე თავდასხმას ამზადებდა.

ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ამჟამინდელი ხელმძღვანელი ტინი კოქსი რამდენიმე წლის განმავლობაში კრემლის ინტერესების გამტარებელი იყო და ასამბლეის ხელმძღვანელის პოსტზე მის არჩევას ГРУ-ს თანამშრომელი ლობირებდა.

ტინი კოქსი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე საქართველოში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი იყო. ოპოზიციური პარტიები მიიჩნევდნენ, რომ ხელისუფლებამ 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები გააყალბა და საპტროტესტო აქციებთან ერთად, პარლამენტის ბოიკოტირებას აანონსებდნენ.

ტინი კოქსმა მაშინ განაცხადა, რომ არჩევნების დღესვე შედეგების ეჭვქვეშ დაყენება და აქციებისკენ მოწოდება განვითარებული დემოკრატიებისთვის დამახასიათებელი არ არის.

„მიტინგებისკენ მოწოდება არჩევნების დღეს და მომდევნო დღეს, ჩემი აზრით, არ არის საუკეთესო ნიშანი, რომ პატივს სცემთ თქვენი ამომრჩევლის გადაწყვეტილებას”, – თქვა კოქსმა.

მან ასევე მოუწოდა პარლამენტს, რაც შეიძლება მალე შეიკრიბოს.

კოქსის ხელმძღვანელობით დელეგაციამ დაასკვნა, რომ საქართველოს საპარლამენტო არჩევნები იყო კონკურენტული და მთლიანობაში დაცული იყო ფუნდამენტური თავისუფლებები, მიუხედავად ამისა, ყოვლისმომცველმა ბრალდებებმა ამომრჩევლებზე ზეწოლის შესახებ, მმართველ პარტიასა და სახელმწიფოს შორის ზღვრის გაბუნდოვნებამ და კამპანიის დაფინანსების მკაფიო რეგულაციის არარსებობამ შეამცირა საზოგადოების ნდობა პროცესის ზოგიერთი ასპექტის მიმართ.

მასალების გადაბეჭდვის წესი