საზოგადოება

რუსეთის გავლენის აგენტობაში დადანაშაულებული PACE-ს პრეზიდენტი და მისი როლი საქართველოში

16 სექტემბერი, 2022 • 2634
რუსეთის გავლენის აგენტობაში დადანაშაულებული PACE-ს პრეზიდენტი და მისი როლი საქართველოში

მიხაილ ხოდორკოვსკის დაარსებული საგამოძიებო ჟურნალისტური პლატფორმა „დოსიე“ და EUobserver ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) მოქმედ და ყოფილი პრეზიდენტებს ამხელენ რუსეთის გენშტაბის მთავარი სამმართველოს (ГРУ) აგენტთან კავშირში.

მედიასაშუალებები ჰყვებიან, თუ როგორ ემხრობოდა ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის მხარდამჭერი ორგანიზაცია რუსეთის ხელისუფლებას, როდესაც რუსეთში რეჟიმს ამკაცრებდა და უკრაინაზე თავდასხმას ამზადებდა.

ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ამჟამინდელი ხელმძღვანელი ტინი კოქსი რამდენიმე წლის განმავლობაში კრემლის ინტერესების გამტარებელი იყო და ასამბლეის ხელმძღვანელის პოსტზე მის არჩევას ГРУ-ს თანამშრომელი ლობირებდა. კოქსის გარდა, კრემლის გავლენის ქსელში შედიოდნენ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წინა თავმჯდომარე, ესპანელი პედრო აგრამუნტი, რომელიც 2017 წელს რუსეთის დელეგაციასთან ერთად სირიას ეწვია და შემდგომში იძულებული გახდა, გადამდგარიყო; აგრამუნტის წინამორბედი, ჰოლანდიელი რენე ვან დერ ლინდენი და ორგანიზაციის ყოფილი გენერალური მდივანი, ფრანგი ბრუნო ალერი. მათი მთავარი კოორდინატორი აღმოჩნდა რუსული დაზვერვის ოფიცერი ვალერი ლევიცკი, რომელიც ჯაშუშობისთვის 2018 წელს საფრანგეთიდან გააძევეს. „დოსიეს“ ხელში ჩაუვარდა ლევიცკის მოხსენებები, რომელთა თანახმად, PACE-ს რამდენიმე თავმჯდომარე საფრანგეთიდან გაძევების შემდეგაც ეკონტაქტებოდა ГРУ-ს ოფიცერს.

Dossier Center-ის გამოძიება

„სოციალისტური პარტიის“ წარმომადგენელი ტინი კოქსი 2003 წლიდან არის ნიდერლანების დელეგაციის წევრი ევროპის საპარლამენტო ასამბლეაში. 2022 წლის 24 იანვარიდან არჩეულია ასამბლეის პრეზიდენტად, თავდაპირველად ერთი წლის ვადით. Dossier Center-ის გამოძიების თანახმად, კრემლი ტინი კოქსს მიიჩნევდა თავის „კონტაქტად“ PACE-ში, სულ მცირე, 2014 წლის ზაფხულიდან, ხოლო ასამბლეის პრეზიდენტად მისი არჩევის იდეა მოსკოვში გაჩნდა არაუგვიანეს 2017 წლის ზაფხულისა. Dossier Center წერს, რომ მართალია, თვით კრემლშიც კი, თავდაპირველად, არ სჯეროდათ, რომ ეს შესაძლებელი იყო, მაგრამ უკვე 2021 წლის მარტში მოსკოვს ეჭვი არ ეპარებოდა, რომ კოქსი გახდებოდა PACE-ს თავმჯდომარე — იმ დროს მისი კანდიდატურა ჯერ საჯაროდ არ იყო წარდგენილი. მიზანი მიღწეული იქნა უკრაინაზე თავდასხმამდე ცოტა ხნით ადრე.

ტინი კოქსს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში თავის კონტაქტად ასახელებს რუსეთის დაზვერვის ოფიცერი ვალერი ლევიცკი დოკუმენტში, სახელწოდებით „კონტაქტების სია ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში“, რომელიც ლევიცკიმ 2014 წლის ივნისში შეადგინა – რუსეთის დელეგაციის უფლებამოსილების შეზღუდვის შემდეგ ორი თვის მერე.

ვალერი ლევიცკი

ვალერი ლევიცკი იყო რუსეთის გენერალური კონსული სტრასბურგში, მაგრამ 2018 წლის აპრილში საფრანგეთიდან გააძევეს, როგორც ГРУ-ს აგენტი — დიპლომატის სტატუსთან შეუთავსებელი საქმიანობის გამო. ახლა მუშაობს სახელმწიფო სათათბიროს საერთაშორისო თანამშრომლობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილედ.

„ბატონი ლევიცკი გააძევეს იმიტომ, რომ შუამავალი იყო ძალზე აგრესიული რუსული გავლენის აგენტებისა და ჯაშუშებისთვისაც კი. ის აღებდა მათთვის კარებს და უწყობდა შეხვედრებს ჩვეულებრივ მიუწვდომელ პიროვნებებთან. იგი ეწეოდა გავლენის ოპერაციებს და მაღალი რანგის დიპლომატებთან კომუნიკაციით აგროვებდა დაზვერვის ცნობებს. ფარული ზეგავლენა ჰქონდა გარკვეულ სტრატეგიულ გადაწყვეტილებებზე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში“, — წერს Le Monde.

„დოსიეს“ კი აქვს დოკუმენტი, რომელშიც თავად ლევიცკი აღიარებს, რომ 1995 წლიდან 1998 წლამდე მარსელში, რუსეთის ვიცე-კონსულის თანამდებობაზე მუშაობის დროს, ოფიციალურად იყო რუსეთის შეიარაღებული ძალების წევრი. „დოსიეს“ თანახმად, ეს პირდაპირ ადასტურებს, რომ დიპლომატიური პოსტი მხოლოდ ГРУ-ს ოფიცრის საფარველი იყო.

წყარო: Dossier center

ჟურნალისტური გამოძიებით ირკვევა, რომ სწორედ ლევიცკის გაუჩნდა პირველი იდეა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარის პოსტზე ტინი კოქსის წარდგენის შესახებ. ეს მოხდა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ყოფილ გენერალურ მდივანთან, ბრუნო ალერთან შეხვედრის დროს, რომელიც, როგორც „დოსიეს“ მასალებიდან ჩანს, ასევე, თანამშრომლობდა რუსულ მხარესთან.

2017 წლის აგვისტოს მოსხენებაში, რომელიც „დოსიეს“ ხელთ ჩაუვარდა, ლევიცკი წერს, რომ ალერს ჰკითხა, თუ ვინ შეიძლებოდა გამხდარიყო ასამბლეის მორიგი პრეზიდენტი. ლევიცკის თქმით, ალერი დაიბნა, დაიწყო დიდი ჯგუფების ლიდერების ჩამოთვლა და აღმოაჩინა, რომ ისინი „საკმარისად კომპეტენტურები და ძლიერები არ არიან ჩვენთან დიალოგის გასაგრძელებლად“. შემდეგ ლევიცკიმ თავად დაუსახელა კოქსის კანდიდატურა, რაზეც ალერმა თქვა, რომ მემარცხენეების ლიდერი ვერასდროს უხელმძღვანელებდა ასამბლეას. მან აღნიშნა, რომ ესპანელის [პედრო აგრამუნტის] წასვლით ყველა შეთანხმება დაირღვა და გარდამავალი პერიოდი იყო საჭირო. ლევიცკის თანახმად, დაფიქრების შემდეგ ბრუნო ალერი დაეთანხმა, რომ სხვა ძლიერი ფიგურების არარსებობის შემთხვევაში, ტინი კოქსის კანდიდატურა სასურველია.

რამდენიმე დღის შემდეგ ლევიცკიმ კვლავ განიხილა კოქსის კანდიდატურა — ამჯერად ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ყოფილ თავმჯდომარესთან, რენე ვან დერ ლინდენთან შეხვედრის დროს, რომელიც, დაზვერვის ოფიცრის ანგარიშებიდან გამომდინარე, ასევე, ლობირებდა კრემლის ინტერესებს ევროპის საბჭოში.

იმავე 2017 წლის დეკემბერში, როგორც ლევიცკის სხვა მოხსენებიდან ჩანს, ვან დერ ლინდენი და კოქსი ერთად იბრძოდნენ რუსეთის ინტერესებისთვის და დარწმუნებულნიც კი იყვნენ, რომ ყველაფერი მალე კრემლის სასარგებლოდ გადაწყდებოდა:

„გუშინ ვივახშმეთ რენესთან, რომელიც სტრასბურგში გავლით იყო. ტინიმ უთხრა მას 14 და 15 დეკემბერს პარიზში გამართული შეხვედრების შესახებ, რამაც რენე აღფრთოვანებული დატოვა უახლოესი პერსპექტივებით. ტინის თქმით, აპრილისთვის ყველაფერი ჩვენს სასარგებლოდ უნდა დასრულდეს“.

„დოსიე“ ვარაუდობს, რომ ამ მოხსენებაში საუბარი ეხებოდა რუსეთის იმდროინდელ მთავარ ამოცანას საპარლამენტო ასამბლეაში — ხმის უფლების აღდგენას, რომელიც ყირიმის ანექსიის შემდეგ შეჩერებული ჰქონდა. ეს მართლაც მოხდა, თუმცა არც ისე მალე, არამედ 2019 წლის ზაფხულში. მოხსენება ამ საკითხზე სწორედ ტინი კოქსმა მოამზადა.

„დოსიე“ წერს, რომ ლევიცკი აგრძელებდა ევროპის საბჭოში კრემლის ქსელის კოორდინაციას და ტინი კოქსის კანდიდატურის დაწინაურების პროექტს მისი საფრანგეთიდან გაძევების შემდეგაც.

მაგალითად, Dossier Center-ს ხელთ აქვს მიმართვა, რომელიც ლევიცკიმ გაუგზავნა კოლეგებს სახელმწიფო სათათბიროში 2021 წლის მარტის ბოლოს, კოქსის ანგარიშში „ასამბლეის ხედვა ევროპის საბჭოს სტრატეგიული პრიორიტეტების შესახებ“ ცვლილებების შიდა განხილვისას. მოკლე მიმართვაში ლევიცკი პირდაპირ უწოდებს კოქსს PACE-ს მომავალ თავმჯდომარეს, თუმცა იმ დროს მისი კანდიდატურა არც კი იყო წარდგენილი და ასამბლეის ახალი ხელმძღვანელის არჩევამდე თითქმის ერთი წელი რჩებოდა. ის აფრთხილებს კოლეგებს დუმაში, არ შეიტანონ ცვლილებები, რომლებმაც შეიძლება მომავალი თავმჯდომარის არასაჯარო გეგმები გაანადგურონ.

„დოსიე“ აღნიშნავს, რომ 2022 წლის იანვარში ტინი კოქსი სათავეში ჩაუდგა PACE-ს, იმავდროულად, აჯობა ერთადერთ კონკურენტს უკრაინიდან. საინფორმაციო სტატიებში კრემლთან დაახლოებული გამოცემები მას პირდაპირ უწოდებდნენ „პრორუსულ კანდიდატს“ და გაიხსენეს, რომ სწორედ ის იყო რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მოხსნის ინიციატორი.

ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, კრემლის ინტერესების ლობირებაში განსაკუთრებული როლი ითამაშა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ყოფილმა თავმჯდომარემ რენე ვან დერ ლინდენმა, რომელიც ინარჩუნებდა კონტაქტებს და გავლენას ორგანიზაციაში. ვან დერ ლინდენის როლის ყველაზე თვალსაჩინო მაგალითი შეიძლება იყოს ლევიცკის მოხსენება, სადაც აყალიბებს გეგმას პედრო აგრამუნტის გადასარჩენად, რომელიც სკანდალში გაეხვა რუსეთის დელეგაციასთან ერთად სირიაში მოგზაურობის გამო. საუბარია მექანიზმზე, რომ თავმჯდომარის არჩევასთან დაკავშირებით ქარტიის ჩანაწერის ინტერპრეტაციისთვის მიმართონ ვენეციის კომისიას, ამდენად, აგრამუნტის გადაყენების საკითხი გადაიდებოდა და ის თანამდებობაზე დიდხანს დარჩენას შეძლებდა. როგორც ლევიცკიმ დაგეგმა, რენე ვან დერ ლინდენს ეს გეგმა კოქსისთვის უნდა მიეტანა და ის მიაღწევდა მის შესრულებას.  გეგმა ვერ განხორციელდა — 2017 წლის 6 ოქტომბერს, რამდენიმეთვიანი წინააღმდეგობის შემდეგ, პედრო აგრამუნტი გადადგა.

აგრამუნტის გადადგომას წინ უძღოდა ასამბლეაში ინიცირებული შუამდგომლობა მისთვის უფლებამოსილების შეჩერების შესახებ. ამასთან, აგრამუნტს აუკრძალეს ორგანიზაციის სახელით განცხადებების გაკეთება. აღნიშნული მოჰყვა სირიაში ვიზიტს, რომელსაც აგრამუნტმა მოგვიანებით შეცდომა უწოდა.

როგორც „დოსიე“ წერს, კრემლის მოკავშირეები ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში არა მხოლოდ ასრულებდნენ ГРУ-ს ოფიცრის მითითებებს, არამედ საკუთარი ინიციატივებიც გამოიჩინეს [რუსეთის ინტერესების სასარგებლოდ]. მაგალითად, სანქციების მოხსნაზე მუშაობის გარდა, თავად კოქსმა შესთავაზა არაფორმალური შეხვედრები რუს პოლიტიკოსებს — 2017 წლის დეკემბერში მან უზრუნველყო, რომ რუსი პარლამენტარების დელეგაცია მიიწვიეს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საპრეზიდენტო კომიტეტის სხდომაზე პარიზში. დეპუტატები ლეონიდ სლუცკი და პიოტრ ტოლსტოი, სენატორები კონსტანტინე კოსაჩოვი და ვლადიმერ ლუკინი საფრანგეთის დედაქალაქში გაემგზავრნენ, სადაც ოფიციალური ღონისძიებების დაწყებამდე, კოქსმა არაფორმალურ გარემოში შეხვედრა შესთავაზა.

კიდევ ერთი მოხსენება, რომელიც დათარიღებულია 2019 წლის დეკემბრით, ადასტურებს, რომ Le Monde-ში ზაფხულში გამოქვეყნებულ პუბლიკაციას იმის შესახებ, რომ ლევიცკი ГРУ-ში მუშაობს, არ დაუჩრდილავს მისი ურთიერთობები ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ყოფილ გენერალურ მდივან ბრუნო ალერთან.

„ევროპის საბჭო უკვე დაადანაშაულეს ავტორიტარული რეჟიმების ინტერესების ლობირებაში. მაგალითად, 2012 წელს გაირკვა, რომ აზერბაიჯანი პირდაპირ მოისყიდავდა ორგანიზაციის წევრებს ქვეყნის მასშტაბით ფასიან მოგზაურობებზე დაპატიჟებით და ძვირადღირებული საჩუქრებით. კერძოდ, ბაქოს ემისარებმა ევროპელ პოლიტიკოსებს კილოგრამები შავი ხიზილალა აჩუქეს, რის გამოც მათ ტაქტიკას „ხიზილალის დიპლომატია“ უწოდეს.

ამ გამოძიების დროს გამოვლენილ კრემლის ქმედებებს ახალი სახელი არ სჭირდება — ეს სტრატეგია დიდი ხანია ღია საიდუმლოდ რჩება. მაგრამ ის ფაქტი, რომ ომის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე კრემლმა მოახერხა „საკუთარი“ კანდიდატის დაყენება ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ხელმძღვანელის ადგილზე, აჩვენებს, რომ თავად ასამბლეაში ცოტა რამ შეიცვალა „ხიზილალის დიპლომატიის“ დროიდან. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა რჩება ავტორიტარული რეჟიმების თავშესაფარად. აქ იკრიბებიან პარლამენტარები ევროპის კონტინენტის 46 ქვეყნიდან, რაც იმას ნიშნავს, რომ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში მიღწეული გავლენა ადვილად ვრცელდება“, — წერს „დოსიე“.

ის ფაქტი, რომ რუსეთი გარიცხულია ევროსაბჭოდან, „დოსიეს“ შეფასებით, არ ცვლის ამ მდგომარეობას, სანამ მისი მთავარი თანამშრომლების საიდუმლო კონტაქტები კრემლთან და ГРУ-სთან  გამოუძიებელი.

ტინი კოქსის გამოხმაურება

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა უარყო, რომ კრემლის მომრიგებელია PACE-ში.

„ასეთი ცნობები ყალბი და უსაფუძვლოა“, — განუცხადა კოქსის კერძო ოფისმა EUobserver-ს ელფოსტით ოთხშაბათს, 14 სექტემბერს.

ომის დაწყების შემდეგ, თავად კოქსი საჯაროდ მკაცრ პოზიციას იკავებს მოსკოვის მიმართ და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ, მისი ხელმძღვანელობით, მიიღო რეკომენდაცია უკრაინასთან ომის გამო რუსეთის ევროსაბჭოდან გარიცხვის შესახებ.

ГРУ-ის კონტაქტები და საქართველო

ტინი კოქსი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე საქართველოში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი იყო. ოპოზიციური პარტიები მიიჩნევდნენ, რომ ხელისუფლებამ 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები გააყალბა და საპტროტესტო აქციებთან ერთად, პარლამენტის ბოიკოტირებას აანონსებდნენ.

ტინი კოქსმა მაშინ განაცხადა, რომ არჩევნების დღესვე შედეგების ეჭვქვეშ დაყენება და აქციებისკენ მოწოდება განვითარებული დემოკრატიებისთვის დამახასიათებელი არ არის.

„მიტინგებისკენ მოწოდება არჩევნების დღეს და მომდევნო დღეს, ჩემი აზრით, არ არის საუკეთესო ნიშანი, რომ პატივს სცემთ თქვენი ამომრჩევლის გადაწყვეტილებას”, – თქვა კოქსმა.

მან ასევე მოუწოდა პარლამენტს, რაც შეიძლება მალე შეიკრიბოს.

კოქსის ხელმძღვანელობით დელეგაციამ დაასკვნა, რომ საქართველოს საპარლამენტო არჩევნები იყო კონკურენტული და, მთლიანობაში, ფუნდამენტური თავისუფლებები დაცული იყო, მიუხედავად ამისა, ყოვლისმომცველმა ბრალდებებმა ამომრჩევლებზე ზეწოლის შესახებ, მმართველ პარტიასა და სახელმწიფოს შორის ზღვრის გაბუნდოვნებამ და კამპანიის დაფინანსების მკაფიო რეგულაციის არარსებობამ შეამცირა საზოგადოების ნდობა პროცესის ზოგიერთი ასპექტის მიმართ.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ყოფილი პრეზიდენტი პედრო აგრამუნტი ევროპის სახალხო პარტიის (ესპანეთი) წევრია.

აგრამუნტი აღმოსავლეთ სამეზობლოს ევროინტეგრაციის მომხრეა და უკრაინის მხარდამჭერი არაერთი განცხადებით გამოსულა. თუმცა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის პოსტზე, ასევე, მხარს უჭერდა დიალოგის განახლებას რუსეთის დელეგაციასთან, რომელსაც ხმის უფლება ჩამორთმეული ჰქონდა ყირიმის ანექსიის გამო.

2014-16 წლებში „ქართული ოცნება“ აკრიტიკებდა პედრო აგრამუნტს იმის გამო, რომ ამ უკანასკნელმა გიგი უგულავას პოლიტიკური პატიმარი უწოდა და მისი გათავისუფლება მოითხოვა.

მასალების გადაბეჭდვის წესი