ახალი ამბები

მოვუწოდებთ პარლამენტს, რაც შეიძლება მალე შეიკრიბონ — PACE

1 ნოემბერი, 2020 • 1240
მოვუწოდებთ პარლამენტს, რაც შეიძლება მალე შეიკრიბონ — PACE

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სადამკვირვებლო ჯგუფის ხელმღვანელი ტინ კოქსი ამბობს, რომ პარტიების საარჩევნო კამპანიების დაფინანსების წესმა არჩევნების სამართლიანობაზე უარყოფითი გავლენა მოახდინა. ამასთანავე, მან მოუწოდა პოლიტიკოსებსა და ახალ პარლამენტს, “რაც შეიძლება მალე” შეიკრიბონ.

მისი თქმით, ახალმა პარლამენტმა უნდა უზრუნველყოს, რომ საარჩევნო კამპანიების დაფინანსებასთან დაკავშირებით კანონმდებლობა გაუმჯობესდეს.

როგორც კოქსი ამბობს, ისეთი ღარიბი ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, წინასაარჩევნოდ ამდენი ფულის დახარჯვა კარგი სიგნალი არ არის და პარტიებს გარკეული ლიმიტი უნდა დაუწესდეთ.

“ეს საპარლამენტო არჩევნები ზოგადად თავისუფალი იყო, მაგრამ ჩვენ, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა გამოვხატავთ სინანულს, რომ თქვენს ქვეყანაში ბოლომდე მაინც არ არის წარმოდგენელი გამჭვირვალე წესები კამპანიის დაფინანსების, თანხის სიდიდისა და შეუზღუდავი დაფინანსების მიმართ. ეს, რა თქმა უნდა, უარყოფით ზეგავლენას ახდენს არჩევნების სამართლიანობაზე და ეს კარგ სიგნალს არ აძლევს თქვენს მოქალაქეებს.

შესაბამისად, მოვუწოდებთ ქართველ პოლიტიკოსებს და ახალ პარლამენტს, რომ რაც შეიძლება მალე შეიკრიბონ და დაიწყონ მოქმედება იმისათვის, რომ გააუმჯობესონ საკანონმდებლო ჩარჩო კამპანიების ზედამხედველობის მიხედვით. მე დარწმუნებული ვარ, რომ რაც საჭიროა გაკეთდება, თუკი ამის პოლიტიკური ნება იარსებებს”, — განაცხადა კოქსმა.

ტინ კოქსი იმედოვნებს, რომ ის მიგნებები და რეკომენდაციები, რაც არჩევნებთან დაკავშირებით საერთაშორისო დამკვირვებლებს აქვთ, ყველა პოლიტიკური პარტიის მიერ იქნება გათვალისწინებული.

ოპოზიციური პარტიები მიიჩნევენ, რომ ხელისუფლებამ 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები გააყალბა და ისინი, საპტროტესტო აქციებთან ერთად პარლამენტის ბოიკოტირებას გეგმავენ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი