საზოგადოება

PACE სააკაშვილს პოლიტპატიმრად მოიხსენიებს და მისი საქმის გადახედვისკენ მოუწოდებს

14 ოქტომბერი, 2022 • 1693
PACE სააკაშვილს პოლიტპატიმრად მოიხსენიებს და მისი საქმის გადახედვისკენ მოუწოდებს

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) რეზოლუცია საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს პუტინის მოწინააღმდეგე პოლიტიკურ პატიმარს უწოდებს და მისი საქმის გადახედვისკენ მოუწოდებს.

PACE-მ 13 ოქტომბერს 99 ხმით მიიღო რეზოლუცია სახელწოდებით, „რუსეთის ფედერაციის აგრესიის შემდგომი ესკალაცია უკრაინის წინააღმდეგ“, რომლითაც რუსეთის დღევანდელი რეჟიმი ტერორისტულად არის აღიარებული.

რეზოლუციაში ნათქვამია, რომ რუსეთის ფედერაციაში მზარდი რეპრესიების კლიმატია, დემოკრატიული ფიგურები რეპრესირებული ან მოკლული არიან, ოპოზიციური პარტიების სისტემა დაინგრა, სასამართლო არ არის დამოუკიდებელი და ბევრი მედია და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაცია, როგორიცაა Memorial International, დაიხურა. ასამბლეა რუსეთის ხელისუფლებას მოუწოდებს ვლადიმირ კარა-მურზას დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ.

45-მა დეპუტატმა, ხატია დეკანოიძის, ლიზა იასკოს, ოლექსი გონჩარენკოს და ემანუელ ზინგერისის ჩათვლით, რომლის ანგარიშის საფუძველზეც მომზადდა რეზოლუცია, დააინიცირა ზეპირი შესწორება, ზემოაღნიშნულ პარაგრაფს დამატებოდა ჩანაწერი:

„ასამბლეა, ასევე, მოუწოდებს სხვა პოლიტიკური პატიმრების საქმეების გადახედვისკენ, რომლებიც ეწინააღმდეგებიან პრეზიდენტ პუტინს რუსეთის ფედერაციასა და სხვა ქვეყნებში, და მათი გათავისუფლებისკენ (უკრაინის მოქალაქის და საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჩათვლით)“.

„მიხეილ სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა. უკრაინელი თანამდებობის პირია. ის ვლადიმერ პუტინის ოპონენტია. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია, ამ კონტექსტში იყოს მოხსენიებული და გათავისუფლდნენ იგი და სხვა პოლიტპატიმრები. ნახეთ, ვინ მოაწერა ხელი ამ ცვლილებას. ისინი არიან პოლიტიკური ჯგუფების ლიდერები, ეროვნული დელეგაციების ლიდერები და ადამიანები, რომლებიც ძალიან აქტიურობენ საპარლამენტო ასამბლეაში. ამიტომ გთხოვთ, მხარი დაუჭირეთ ამ ცვლილებას“, — განაცხადა შვედმა დეპუტატმა ბორიანა აბერგმა (ქრისტიან- დემოკრატები/EPP).

„მე უნდა ვილაპარაკო მე-4 შესწორების წინააღმდეგ და მოგიწოდოთ, უარი თქვათ მასზე, რადგან არის ზეპირი ცვლილება, რომელიც უკეთ განმარტავს ტექსტს, რომელიც ეხება ვლადიმერ კარა-მურზას დაუყოვნებლივ გათავისუფლებას და სააკაშვილის საქმის გადახედვის აუცილებლობას. ეს შესწორება, სამწუხაროდ, არ იყო განხილული კომიტეტში, მაგრამ არსებობს ბევრად უფრო თანმიმდევრული და პასუხისმგებლიანი გზა ორივე შეშფოთების აღსანიშნავად. გთხოვთ, უარყოთ შესწორება, რათა ჩვენ შევცვალოთ სათანადო გზით“, — აღნიშნა, თავის მხრივ, ინდრეკ საარმა, ესტონელმა დეპუტატმა სოციალისტებიდან.

საბოლოოდ, 56 ხმით 27-ის წინააღმდეგ, შესწორება მიიღეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი