ახალი ამბები

„დეკრეტული“ შვებულება 1000 ლარის ნაცვლად 2000 ლარით ანაზღაურდება

23 იანვარი, 2023 • 1434
„დეკრეტული“ შვებულება 1000 ლარის ნაცვლად 2000 ლარით ანაზღაურდება

მთავრობის დადგენილებით, ე.წ. დეკრეტული შვებულების ანაზღაურება 1000 ლარის ნაცვლად 2000 ლარით განისაზღვრა. აღნიშნული საკითხი დღეს, 23 იანვარს, გამართულ მთავრობის სხდომაზე განიხილეს.

ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

„საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტის თანახმად, აღნიშნული ფულადი დახმარების ოდენობა ჯამურად, 1000 ლარის ნაცვლად, 2000 ლარით განისაზღვრა“, – ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ამასთან, მათივე ცნობით, საჯარო სკოლის მასწავლებელს, ორსულობისა და მშობიარობის, ბავშვის მოვლის, აგრეთვე ახალშობილის შვილად აყვანის გამო, „დეკრეტული“ შვებულების ანაზღაურებასთან ერთად, მის მიერ შვებულებების პერიოდში მისაღები შრომითი გასამრჯელოს სრულ ოდენობამდე შესავსებად, დამატებითი სოციალური დაცვის ღონისძიების სახით, მიეცემა დამატებითი ანაზღაურება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ, მისთვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში.

მათივე ინფორმაციით, დადგენილების მოქმედება გავრცელდება იმ დასაქმებულებზე, რომლებიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, 2023 წლის 1 იანვრიდან ისარგებლებენ ორსულობისა და მშობიარობის გამო შვებულებით, ბავშვის მოვლის გამო შვებულებითა და ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულებით.

საქართველოს ორგანულ კანონში – „საქართველოს შრომის კოდექსში“ ზემოაღნიშნული ცვლილების განხორციელებამდე ე.წ. დეკრეტული შვებულების ანაზღაურების ოდენობა 2014 წლიდან 1000 ლარს შეადგენდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი