„ქართული ოცნების“ მთავრობის გადაწყვეტილებით, ცენტრალური შემსყიდველი ორგანო შეიქმნა, რომელიც 2026 წლიდან დამოუკიდებლად უზრუნველყოფს ცალკეული საქონლისა და მომსახურების სახელმწიფო შესყიდვას.

„ოცნების“ მთავრობის ცნობით, ცენტრალური შემსყიდველი ორგანო, შესყიდვის ახალი მანდატის ფარგლებში, უზრუნველყოფს ცენტრალიზებული შესყიდვისათვის გაფორმებული ხელშეკრულებების მონიტორინგს.

„ცენტრალური შემსყიდველი ორგანოს მიერ შესასყიდი საქონლისა და მომსახურების საპროგნოზო ღირებულება წლიურად შეადგენს 2 მილიარდ ლარს. უწყება დაკომპლექტდება მაღალი კვალიფიკაციის კადრებით, რომლებიც უზრუნველყოფენ დასახული მიზნების მიღწევას. უწყება შესყიდვებს განახორციელებს როგორც კონსოლიდირებული ტენდერის საშუალებებით, ასევე დამხმარე საქმიანობის ფარგლებში, ცალკეული შემსყიდველი ორგანიზაციის მიმართვის საფუძველზე ექნება შესაძლებლობა, განახორციელოს ცენტრალიზებული შესყიდვა. ცენტრალური შემსყიდველი ორგანოს შექმნა გათვალისწინებული იყო „საჯარო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონითაც, რომელიც მიღებულ იქნა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ფარგლებში“, – ნათქვამია „ოცნების“ მთავრობის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.