ახალი ამბები

პატიმრის ერთადგილიან საკანში მოთავსების წესი არაკონსტიტუციურად ცნეს – ომბუდსმენი

28 დეკემბერი, 2022 • 631
პატიმრის ერთადგილიან საკანში მოთავსების წესი არაკონსტიტუციურად ცნეს – ომბუდსმენი

სახალხო დამცველის განცხადებით, მსჯავრდებულთა ერთადგილიან საკანში მოთავსების წესი სახალხო დამცველის კონსტიტუციური სარჩელის საფუძველზე არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი.

ომბუდსმენის თქმით, სასამართლოს გადაწყვეტილებით, იუსტიციის სამინისტრომ, საქართველოს კონსტიტუციის მოთხოვნების შესაბამისად, 2023 წლის 1 მაისამდე უნდა დაარეგულიროს ერთადგილიან საკანში პატიმრების მოთავსების პროცედურა და საფუძვლები:

„სახალხო დამცველი წლებია მოითხოვდა №3 და №6 პენიტენციურ დაწესებულებებში მსჯავრდებულთა ხანგრძლივი დროით იზოლირებისა და სხვა პატიმრებთან კონტაქტის შეზღუდვის წესის შეცვლას. პენიტენციურ დაწესებულებებში მსჯავრდებულების თვეებისა და წლების განმავლობაში იზოლაციის პრაქტიკა, სახალხო დამცველს შეფასებული აქვს, როგორც არასათანადო მოპყრობა.

წამების პრევენციის ევროპული კომიტეტი (CPT) ყოველთვის განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობდა სამარტოო საკნებში მოთავსებულ პატიმრებს, რადგან ამან შესაძლოა მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს აღნიშნული პირების ფსიქიკურ, სომატურ და სოციალურ ჯანმრთელობას“, – ნათქვამია ომბუდსმენის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

აღნიშნული სარჩელით სახალხო დამცველმა საკონსტიტუციო სასამართლოს 2022 წლის 7 თებერვალს მიმართა და №3 და №6 პენიტენციურ დაწესებულებებში მსჯავრდებულთა საკანში განთავსების იმ წესის არაკონსტიტუციურად ცნობა, რომლითაც შესაძლებელი იყო პირის მოთავსება სამარტოო საკანში განუსაზღვრელი ვადით ჯეროვანი დასაბუთების გარეშე.

ომბუდსმენის შეფასებით, მოქმედი რეგულაცია წინააღმდეგობაში მოდიოდა ღირსების უფლებასთან.

ომბუდსმენის განცხადებით, 2022 წლის 21 დეკემბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ დააკმაყოფილა №1676 კონსტიტუციური სარჩელი („საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს იუსტიციის მინისტრის წინააღმდეგ“) და არაკონსტიტუციურად ცნო მათ მიერ გასაჩივრებული ნორმები.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა რომ:

  • ერთადგილიან საკანში მსჯავრდებულის სასჯელის მოსახდელად განწესების დროს გადაწყვეტილება უნდა მიიღებოდეს განსაზღვრული ვადით, წერილობით და დასაბუთებულად;
  • გადაწყვეტილება სავალდებულო წესით უნდა ეფუძნებოდეს ინდივიდუალური შეფასებისა და გამოკვლევის შედეგებს და ითვალისწინებდეს პენიტენციური დაწესებულების მხრიდან მიღებული გადაწყვეტილების პერიოდული შეფასების ვალდებულებას;
  • გარდა ამისა, მსჯავრდებული უზრუნველყოფილი უნდა იყოს ქმედითი და ეფექტიანი გასაჩივრების უფლებით, რასაც სადავო ნორმებით დადგენილი წესი არ ითვალისწინებდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი