ახალი ამბები

ისრაელში “ყველაზე მემარჯვენე” მთავრობის ფორმირებაზე შეთანხმებას მიაღწიეს

22 დეკემბერი, 2022 • 989
ისრაელში “ყველაზე მემარჯვენე” მთავრობის ფორმირებაზე შეთანხმებას მიაღწიეს

ისრაელში ახალი მთავრობის ფორმირების შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს. კოალიციაში არაერთი ულტრამემარჯვენე და ულტრაორთოდუქსული პარტია შედის, პრემიერ-მინისტრად კი, მეექვსე ვადით, ბენიამინ ნეთანიაჰუ ბრუნდება.

გასულ თვეში ნეთანიაჰუს “ლიკუდმა” და მისმა მოკავშირე მემარჯვენე პარტიებმა არჩევნებში უმრავლესობა მოიპოვეს, რის შედეგადაც მიეცათ უფლება, ახალი მთავრობის ჩამოყალიბებისთვის მოლაპარაკებები დაეწყოთ.

საერთაშორისო მედიაში ისრაელის ახლად ფორმირებულ მთავრობას ახასიათებენ “ყველაზე მემარჯვენე მთავრობად” მის ისტორიაში.

კოალიციური პარტნიორების მიერ დაანონსებულ რეფორმებს შორისაა საკანონმდებლო ცვლილება, რომელმაც შესაძლოა, შეაჩეროს სასამართლო საქმის განხილვა ბენიამინ ნეთანიაჰუს წინააღმდეგ: მას მოსყიდვასა და თაღლითობას ედავებიან, რასაც ნეთანიაჰუ უარყოფს.

ისრაელელი ოპოზიციონერები, ისევე როგორც გენერალური პროკურორი, მიიჩნევენ, რომ მომავალი მთავრობის მიერ დაგეგმილი რეფორმები, მათ შორის, პარლამენტისთვის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებების გაუქმების უფლების მინიჭება — ისრაელის დემოკრატიას ემუქრება.

ნეთანიაჰუს კოალიციური პარტნიორები უარყოფენ ე.წ. ორი სახელმწიფოს იდეას, რომელსაც საერთაშორისო საზოგადოება განიხილავს ისრაელ-პალესტინური კონფლიქტის გადაჭრის გზად. ერთ-ერთი მათგანი, პარტია “რელიგიური სიონიზმის” ლიდერი, ისრაელის მიერ ოკუპირებული დასავლეთ სანაპიროს ანექსიას ემხრობა.

მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპირო ისრაელს 1967 წლის ომის შემდეგ აქვს ოკუპირებული.

ნეთანიაჰუს კიდევ ერთი კოალიციური პარტნიორის, “ოცმა იეჰუდიტის”(ებრაული ძალა) ლიდერი თავისი ანტიარაბული განწყობითაა ცნობილი. ერთ დროს რასიზმის წაქეზებისა და ტერორისტული ორგანიზაციის მხარდაჭერის ბრალდებით გასამართლებული ბენ-გვირი ახლა ეროვნული უსაფრთხოების მინისტრი ხდება.

კოალიციაში შემავალი კიდევ ერთი ულტრამემარჯვენე, ანტილგბტ პარტიის(“ნოამ”) ლიდერმა ავი მოაზმა, BBC-ის ცნობით, იერუსალიმის გეი პრაიდის აკრძალვა მოითხოვა. მას ასევე სურს ისრაელში იმიგრაციის შეზღუდვა, ასევე, არ ეთანხმება არმიაში თანასწორ შესაძლებლობებს ქალებისთვის.

თავად ბენიამინ ნეთანიაჰუ კრიტიკოსებს შიშის გაღვივებაში სდებს ბრალს.

“ორივე ხელი მყარად მექნება საჭეზე… არავის მივცემ ნებას, რაიმე გაუკეთოს ლგბტ [ადამიანებს], უარყოს ჩვენი არაბი მოქალაქეების უფლებები ან რაიმე მსგავსი. ეს უბრალოდ არ მოხდება. დროის ტესტი დაამტკიცებს ამას”, — უთხრა მან ამერიკულ NPR-ს.

ისრაელის ახალი მთავრობა ამჟამად მოქმედი, მემარცხენე-ცენტრისტული დროებითი მთავრობისგან ძალაუფლებას, სავარაუდოდ, მომავალ კვირას გადაიბარებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი