ახალი ამბები

ნეთანიაჰუ ისრაელის ხელისუფლებაში ბრუნდება – ეგზიტპოლი

2 ნოემბერი, 2022 • 758
ნეთანიაჰუ ისრაელის ხელისუფლებაში ბრუნდება – ეგზიტპოლი

ეგზიტპოლის თანახმად, ისრაელის საპარლამენტო არჩევნებში ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს ბლოკი ლიდერობს. შედეგი, რომელიც ოფიციალურად ჯერ არ დადასტურებულა, ნიშნავს, რომ ნეთანიაჰუ, გასული წლის მარცხის შემდეგ, ისრაელის ხელისუფლებაში ბრუნდება.

“გამარჯვებასთან ახლოს ვართ”, — უთხრა ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა იერუსალიმში შეკრებილ მხარდამჭერებს. მისმა მთავარმა მოწინააღმდეგემ, მოქმედმა პრემიერმა იაირ ლაპიდმა თავის მხრივ დასძინა, რომ ჯერ არაფერია გადაწყვეტილი.

როგორც BBC წერს, ეგზიტპოლის მიხედვით, ნეთანიაჰუს მემარჯვენე ბლოკი საპარლამენტო მანდატების მცირე რაოდენობით ლიდერობს, აგროვებს რა 61 ან 62 მანდატს 120-ადგილიდან პარლამენტში.

ტელეკომპანიის ცნობით, არჩევნები, რომელიც 2019 წლის შემდეგ უკვე მეხუთედ ჩატარდა, ფართოდ იყო აღქმული როგორც ხმის მიცემა ნეთანიაჰუს ხელისუფლებაში დაბრუნების სასარგებლოდ ან მის წინააღმდეგ.

კენჭისყრის წინასწარი შედეგები, სავარაუდოდ, უახლოეს საათებში უნდა გამოქვეყნდეს.

როგორც ისრაელური გამოცემა Haaretz წერს, ხმათა 85% დათვლილია და ნეთანიაჰუს ბლოკი, როგორც ჩანს, კრავს გადამწყვეტ უმრავლესობას, 65 მანდატით. თუმცა იმ ფონზე, რომ ლიბერალური განწყობებით ცნობილი ტერიტორიებისა და არაბული დასახლებების ხმები ბოლომდე ჯერ არ დათვლილა, საბოლოო შედეგი კვლავაც ბუნდოვანია.

73 წლის ნეთანიაჰუ, რომელიც 12 წლის მანძილზე იკავებდა პრემიერ-მინისტრის პოსტს, ემხრობა ისრაელის მიერ ახალშენების მშენებლობის პროცესს მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე, რომელიც ისრაელს ოკუპირებული აქვს 1967 წელს, მასსა და არაბულ ქვეყნებს შორის მომხდარი ომის შემდეგ. ახალშენები, საერთაშორისო სამართლის მიხედვით, არალეგალურად მიიჩნევა, თუმცა ისრაელი აღნიშნულს არ იზიარებს.

ამასთან, ნეთანიაჰუ ეწინააღმდეგება დასავლეთ სანაპიროსა და ღაზის სექტორში პალესტინური სახელმწიფოს შექმნას, როგორც ისრაელ-პალესტინური კონფლიქტის გადაჭრის გზას, რომელსაც მხარს უჭერს საერთაშორისო საზოგადოების დიდი ნაწილი, მათ შორის აშშ.

მეორე მხრივ, ყოფილი პრემიერ-მინისტრის საქმე კვლავ განიხილება სასამართლოში: მას მოსყიდვასა და თაღლითობას ედავებიან. ნეთანიაჰუ ამას უარყოფს. სამთავრობო კოალიციაში მისი პოტენციური პარტნიორები ამბობენ, რომ კანონს შეცვლიან, ამ ნაბიჯმა კი, შესაძლოა, შეაჩეროს სასამართლო განხილვა ექსპრემიერის საქმეზე.

ეგზიტპოლის მიხედვით, ნეთანიაჰუს პარტია “ლიკუდი” უდიდესი იქნება პარლამენტში მანდატების რაოდენობით. მისი ულტრანაციონალისტი მოკავშირე, “რელიგიური სიონიზმი”, სავარაუდოდ, 14 მანდატს მიიღებს, რაც მესამე უდიდეს პარტიად აქცევს საკანონმდებლო ორგანოში.

BBC-ის მიხედვით, “რელიგიური სიონიზმის” ლიდერები ანტიარაბული რიტორიკით გამოირჩევიან და მხარს უჭერენ “არალოიალური” პოლიტიკოსებისა და სამოქალაქო პირების დეპორტაციას ისრაელიდან.

ისრაელის მოქმედი მთავრობა გასული წლის ივნისში დაკომპლექტდა იდეოლოგიურად ერთმანეთისაგან განსხვავებული პარტიების მონაწილეობით. მათი საერთო მიზანი ნეთანიაჰუს ხელისუფლებიდან ჩამოშორება იყო.

თუმცა კოალიციის წევრებს შორის არსებულმა იდეოლოგიური განსხვავებებმა და კანონშემოქმედებით პროცესში უთანხმოებამ  მრავალი გამოწვევის წინაშე დააყენა, დეპუტატების გადადგომამ კი მთავრობას საპარლამენტო უმრავლესობა დააკარგვინა.

ამ ფონზე დეპუტატებმა პარლამენტის დაშლას მისცეს ხმა. ახალი არჩევნები მაშინ დაინიშნა.

მასალების გადაბეჭდვის წესი