ახალი ამბებირეკლამა

„გმირობის ნაყოფი“ – შეიძინე საოკუპაციო ხაზთან დამზადებული ნუგბარი

22 დეკემბერი, 2022 • 1266
„გმირობის ნაყოფი“ – შეიძინე საოკუპაციო ხაზთან დამზადებული ნუგბარი

„გმირობის ნაყოფის“ ბრენდის ქვეშ მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, შეიძინოს საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები ფერმერების დამზადებული ჩურჩხელა, ჩირი, ტყლაპი და ვაშლის ჩიფსი. ამ პროდუქტებს, მათი საოცარი გემოვნური თვისებების გარდა, უნიკალურობას ისიც სძენს, რომ ყველა პროდუქტი დამზადებულია დვანში, მეჯვრისხევში, დირბსა და შინდისში, სოფლებში, სადაც რუსული ოკუპაცია ყოველდღიური ცხოვრების ნაწილია.

საახალწლო სუფრისთვის „გმირობის ნაყოფის“ პროდუქტების შეძენა „კარფურის“, „ზღაპარისა“ და „სმარტის” მაღაზიათა ქსელშია შესაძლებელი.

36 წლის დავით გელუტაშივილი კომპანია „ფრუტერას“ წარმომადგენელია. სიმბოლურად, ხილის გადამამუშავებელი საწარმო დავითმა სოფელ დირბში, სწორედ იქ ააშენა, სადაც 2008 წელს რუსების მიერ ნასროლი ბომბი ჩამოვარდა.

ფერმერის თქმით, მათი პროდუქტების შეძენით მომხმარებლები აძლიერებენ მათ, ვინც საკუთარ მიწას არ ღალატობს და დიდი შრომის ფასად 100%-ით ნატურალურ პროდუქციას აწარმოებს.

„საოცარ პასუხისმგებლობას ვგრძნობ თითოეული მომხმარებლის წინაშე, როცა ისინი ყიდულობენ „ფრუტერას“ პროდუქტებს. გარდა იმისა, რომ მოტივაციას მაძლევენ, განვაგრძო ჩემი საქმე, ასევე ვგრძნობ პასუხისმგებლობას, რომ არ გავჩერდე“, – ამბობს დათო გელუტაშვილი მეწარმე საოკუპაციო ხაზიდან.

დათოს მსგავსად, 63 წლის იური კოპაძეც საოკუპაციო ხაზთან ცხოვრობს. მისი სახლი ოკუპირებული ტერიტორიიდან 500 მეტრით არის დაშორებული.

ფერმერის თქმით, მისთვის უმნიშვნელოვანესია იყოს სოფელ დვანში და იბრძოლოს ოკუპაციის წინააღმდეგ ყველა ხელმისაწვდომი მეთოდით. ეს მეთოდი კი სოფლის ეკონომიკური გაძლიერებაა. სწორედ ამიტომ, იური ოჯახთან ერთად ამზადებს ჩურჩხელას, ტყლაპს, ჩირსა და მშრალ მურაბებს, დასაქმებული ჰყავს ადგილობრივებიც.

„ადგილზე საკმაოდ ბევრი პრობლემაა, მაგრამ მიუხედავად ამისა გაანალიზებული მაქვს, რომ სხვანაირად არ შეიძლება.

თუ დავნებდებით და ვიტყვით, რომ აქ ცხოვრება და საქმის კეთება შეუძლებელია, ამით ვაწყენინებთ ჩვენს ქვეყანას, მტერს კი გავახარებთ. მე ასე არ მინდა“, – ამბობს იური კოპაძე

„ჩემპი“- ასე ჰქვია თამარ შეიხნიშვილისა და ნონა  ნონიაშვილის ვაშლის ჩიფსის წარმოებას, რომელიც გორის მუნიციპალიტეტის სოფელ დიცში მდებარეობს.

ფერმერების მიზანი ადგილობრივების, განსაკუთრებით კი ქალების ეკონომიკური გაძლიერებაა.

„შეგვეძლო თბილისში გაგვეკეთებინა ეს საწარმო, გაცილებით დიდი იქნებოდა ჩვენი მოგება, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საოკუპაციო ხაზის ახლომახლო სოფლებიდან ადამიანები არ მიდიოდნენ. საჭიროა დარჩენა და ამ ადგილების გაძლიერება“ ,- ამბობს თამარი.

ამავე მოსაზრებას იზიარებს ნონაც, რომლის თქმით, საქმიანობა საოკუპაციო ხაზთან არა უბრალოდ ბიზნესი, არამედ სოციალური პასუხისმგებლობაა სასაზღვრო სოფლების გასაძლიერებლად.

მოიკითხეთ მაღაზიებში საოკუპაციო ხაზთან მოყვანილი „გმირობის ნაყოფი“ და მხარი დაუჭირეთ ფერმერებს, რომლებიც საკუთარი სიცოცხლის ფასად იცავენ ქართულ მიწას და აწარმოებენ გმირობის ნაყოფს.


მასალა მომზადებულია პროექტის – „საქართველოს ინფორმაციული სანდოობის პროგრამის“ ფარგლებში. პროექტს ახორციელებს Zink Network. პროექტი დაფინანსებულია USAID საქართველოს მიერ. მასალაში გამოთქმული შეხედულებები და მოსაზრებები არ არის აუცილებელი გამოხატავდეს დონორის ან ორგანიზაციის შეხედულებებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი