პარლამენტის დეპუტატი ალეკო ელისაშვილი მიიჩნევს, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობა ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, თუმცა ექსპრეზიდენტის საზღვარგარეთ გადაყვანის მოთხოვნას ვერ ეთანხმება. მისი შეფასებით, მძიმე ავადმყოფი მსჯავრდადებულის უცხოეთში გადაყვანის პრეცედენტს ციხეებში “ბუნტი” მოჰყვება.
“მე მიმაჩნია, რომ სააკაშვილს თუ რამე მოუვა და ღმერთმა დაიფაროს, ეს იქნება კატასტროფა ქვეყნისთვის და ეს იქნება ხელისუფლების პასუხისმგებლობა ისევე, როგორც ყველა მსჯავრდებულზე პასუხისმგებელი არის ხელისუფლება”, — დასძინა მან “პალიტრანიუსის” ეთერში.
ამავე ინტერვიუში ელისაშვილმა გააკრიტიკა ადამიანები, ვინც “გულს იფხანს” პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტის მდგომარეობის გამო.
“ამ ხელისუფლებაში მე რასაც ვხედავ და რაც მაცოფებს, არის, რომ ბევრი გულს იფხანს სააკაშვილის დაუძლურების ყურებით… დამარცხებულ მეტოქეზე შურისძიება არ არის შურისძიება. შურისძიება ხშირ შემთხვევაში არის ძალიან ღირსეული ამბავი, მე შურისძიება მესმის, ტოლზე ან შენზე ძლიერზე როცა შურს იძიებ, მაგრამ დამარცხებულზე, დაუძლურებულზე რომ შურს იძიებ, მაგას სიმდაბლე ჰქვია…
ვიღაცები გულს იფხანენ და თან ისეთი ტიპები, სააკაშვილის ქება-დიდებით რომ იყვნენ დაკავებულები სააკაშვილის დროს ან ნაციონალურ მოძრაობაში იყვნენ”, — დასძინა მან და დაამატა:
“თუმცა მე მიმაჩნია, რომ მეორე მხრივ რომ შევხედოთ, სააკაშვილი ციხეში არ არის, სააკაშვილი არის კლინიკაში. და პირიქით, სააკაშვილის დროს რაები ხდებოდა, კარგად გვახსოვს ყველას.
ახლა კიდევ ის წამოტივტივდა, ახალი ტალღა არის, “ქართული ოცნებაც” ეხმარება ხალხს და ყველა პატიმარი იგონებს თავის [ისტორიას], ჰყვება ამბავს… პირიქით, ახლა არის შეტევა იქით”.
ელისაშვილი მიიჩნევს, რომ სააკაშვილი პოლიტიკური პატიმარი არ არის, მან “დააშავა ხელისუფლებაში ყოფნის დროს და ძალაუფლებას გადააჭარბა, ამის გამო ის ციხეში უნდა მჯდარიყო”.
მისივე თქმით, “ქართული ოცნების” ადგილას არანაირ კითხვას არ დატოვებდა და იტყოდა, “რომელი ექიმიც გინდათ, მოიყვანეთ, რომელი კლინიკაც გინდათ, შეარჩიეთ საქართველოში… და ნებისმიერ კითხვაზე გავცეთ პასუხი”.
“აქ სცოდავს ქართული ოცნება, რომ წელათრევით აკეთებს, რასაც აკეთებს. და მანდ ჩნდება კითხვები. თორემ, თუ არაფერი არ აქვს დასამალი, პირიქით უნდა ბრდღვნიდეს, თავს კი არ უნდა იმართლებდეს ქართული ოცნება”, — დაამატა მან.
ამავე ინტერვიუში დეპუტატმა თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანას ციხეებში პროტესტი მოჰყვება.
“ამას მთლად ვერ ვეთანხმები, სიმართლე გითხრათ… გულახდილად ვილაპარაკოთ: თუ დაშვება მოხდება პრეცედენტის, რომ მძიმე ავადმყოფი მსჯავრდადებულის გადაყვანა მოხდება უცხოეთში, ციხეებში მოხდება მაგარი ბუნტი, პირდაპირ გეუბნებით.
შეწყალების კომისიის თავმჯდომარე ვიყავი, 4 თვე მქონდა პატიმრებთან შეხება. ისეთი ამბავი ატყდება ციხეებში… საგნების გადაყლაპვა…” — დასძინა მან.
წამყვანის რეპლიკის საპასუხოდ — “ეტყვიან, რომ პრეზიდენტი ჩვეულებრივი პატიმარი არ არის” – ელისაშვილმა თქვა:
“მიდი და გააგებინე. იქ იცი როგორ არის?! იქ აბსოლუტურად სხვა რაღაც ხდება. 25 წელი რომ გაქვს მისჯილი, კოვზსაც გადაყლაპავ, ჩუსტსაც მიაყოლებ ზემოდან, თავსაც დაიზიანებ. ტყუილუბრალოდ იზიანებენ და პირს იკერავენ… იცით, რა ამბები ატყდება იქ, ამ პრეცედენტის დაშვება თუ იქნება?! და რა, გგონიათ, მძიმე ავადმყოფები იქ არ არიან?”
სააკაშვილის მდგომარეობა
პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მიმდინარე წლის მაისში გადაიყვანეს მას შემდეგ, რაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა.
სააკაშვილის ოჯახის წევრები და ადვოკატები აცხადებენ, რომ საქართველოში მისი მკურნალობა შეუძლებელია და სამკურნალოდ მის საზღვარგარეთ გადაყვანას ითხოვენ. ამ მოთხოვნით, მეოთხე დღეა, ენმ-ის წარმომადგენელ დეპუტატთა ნაწილი პარლამენტში შიმშილობს.
ცენტრმა „ემპათიამ“ 1 დეკემბერს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით დასკვნა გამოაქვეყნა, სადაც ამბობს, რომ ყოფილ პრეზიდენტს აღენიშნება 20-ზე მეტი დიაგნოზი თუ სიმპტომი, რაც შეუთავსებელს ხდის მის პატიმრობას.
სახალხო დამცველის ბაზაზე შექმნილი კონსილიუმის შეფასებით, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა ამჟამად მე-4 ხარისხის კახექსიას შეესაბამება. (კახექსია — ორგანიზმის გამოფიტვა, დაუძლურება)
სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების საკითხზე სასამართლო სხდომა 22 დეკემბერს უნდა გაიმართოს.
დეპუტატების მიერ შიმშილობის დაწყებამდე, 14 დეკემბერს, სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტის კადრები, რომლებიც კლინიკა “ვივამედში” სამეთვალყურეო კამერით არის გადაღებული.
პენიტენციური სამსახური მაღალი საზოგადოებრივი ინტერესით ხსნის დამონტაჟებული ვიდეოს გავრცელებას და ამბობს, რომ კადრები “სააკაშვილის სიმულაციურ ქმედებებს” ასახავს.
სახალხო დამცველის შეფასებით, ხსენებული კადრები სიმულაციების მტკიცებულებას არ შეიცავს. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური აცხადებს, რომ ვიდეოჩანაწერების გასაჯაროების გზით სააკაშვილის პერსონალური მონაცემების დამუშავების ფაქტზე შესწავლა დაიწყო.







