ახალი ამბები

უკრაინა მზადაა სააკაშვილის მისაღებად — პოდოლიაკი

20 დეკემბერი, 2022 • 1186
უკრაინა მზადაა სააკაშვილის მისაღებად — პოდოლიაკი

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი აცხადებს, რომ მისი ქვეყანა მიხეილ სააკაშვილის მისაღებად მზადაა. პატიმრობაში მყოფ ექსპრეზიდენტთან დაკავშირებით მიხაილო პოდოლიაკმა “ტვიტერზე” დაწერა.

“შეუძლებელია, უყურო, როგორ კვდება პირდაპირ ეთერში ადამიანი, რომელსაც იცნობ. შეუძლებელია, უყურო, როგორ კლავენ საქართველოს ისტორიასა და მის პრეზიდენტს ცივილიზებული მსოფლიოს თვალწინ.

უკრაინა მზადაა, მიიღოს მიხეილ სააკაშვილი, უზრუნველყოს მისი უსაფრთხოება და სათანადო მკურნალობა. საქართველო, გააკეთე სწორი არჩევანი”, — დასძენს ის.

სააკაშვილი 2020 წლის მაისიდან უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის ხელმძღვანელია. სანამ საქართველოში დაბრუნდებოდა, გასული წლები, ძირითადად სწორედ უკრაინაში გაატარა, სადაც პოლიტიკურ საქმიანობას ეწეოდა.

მიუხედავად იმისა, რომ 2021 წლის ოქტომბრიდან საქართველოში პატიმრობაში იმყოფება, სააკაშვილი კვლავ რჩება რეფორმების საბჭოს თავმჯდომარედ.

სააკაშვილის მდგომარეობა

პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მიმდინარე წლის მაისში გადაიყვანეს მას შემდეგ, რაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა.

სააკაშვილის ოჯახის წევრები და ადვოკატები აცხადებენ, რომ საქართველოში მისი მკურნალობა შეუძლებელია და სამკურნალოდ მის საზღვარგარეთ გადაყვანას ითხოვენ. ამ მოთხოვნით, მეოთხე დღეა, ენმ-ის წარმომადგენელ დეპუტატთა ნაწილი პარლამენტში შიმშილობს.

ცენტრმა „ემპათიამ“ 1 დეკემბერს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით დასკვნა გამოაქვეყნა, სადაც ამბობს, რომ ყოფილ პრეზიდენტს აღენიშნება 20-ზე მეტი დიაგნოზი თუ სიმპტომი, რაც შეუთავსებელს ხდის მის პატიმრობას.

სახალხო დამცველის ბაზაზე შექმნილი კონსილიუმის შეფასებით, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა ამჟამად მე-4 ხარისხის კახექსიას შეესაბამება. (კახექსია — ორგანიზმის გამოფიტვა, დაუძლურება)

სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების საკითხზე სასამართლო სხდომა 22 დეკემბერს უნდა გაიმართოს.

დეპუტატების მიერ შიმშილობის დაწყებამდე, 14 დეკემბერს, სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტის კადრები, რომლებიც კლინიკა “ვივამედში” სამეთვალყურეო კამერით არის გადაღებული.

პენიტენციური სამსახური მაღალი საზოგადოებრივი ინტერესით ხსნის დამონტაჟებული ვიდეოს გავრცელებას და ამბობს, რომ კადრები “სააკაშვილის სიმულაციურ ქმედებებს” ასახავს.

სახალხო დამცველის შეფასებით, ხსენებული კადრები სიმულაციების მტკიცებულებას არ შეიცავს. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური აცხადებს, რომ ვიდეოჩანაწერების გასაჯაროების გზით სააკაშვილის პერსონალური მონაცემების დამუშავების ფაქტზე შესწავლა დაიწყო.

მასალების გადაბეჭდვის წესი