ახალი ამბები

“ეს არის სიმბოლური გაფრთხილება” – სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია ივანიშვილის ბიზნეს ცენტრთან

18 დეკემბერი, 2022 • 977
“ეს არის სიმბოლური გაფრთხილება” – სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია ივანიშვილის ბიზნეს ცენტრთან

თბილისში მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი კიდევ ერთი აქცია გაიმართა. 18 დეკემბერს მოქალაქეთა ჯგუფი სოლოლაკში, “ქართული ოცნების დამფუძნებლის”, ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს ცენტრთან შეიკრიბა.

“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარეობის კანდიდატი გიორგი მუმლაძე, რომელიც პროტესტის ერთ-ერთი ორგანიზატორია, აღნიშნავს, რომ “პერმანენტული აქციები” მოეწყობა, თუ 22 დეკემბრის პროცესზე სასამართლო ექსპრეზიდენტს პატიმრობაში დატოვებს.

მუმლაძის სიტყვებით, სასამართლოს ასეთი გადაწყვეტილება, “პრაქტიკულად სასიკვდილო განაჩენი” იქნება სააკაშვილისთვის.

“ეს არის სიმბოლური გაფრთხილება, რომ არ მოვაკვლევინებთ რუს ოლიგარქს ქვეყნის მესამე პრეზიდენტს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი ჩვენი მხარდამჭერებისთვის: ჩვენ გვჭირდება პერმანენტული აქციებისთვის მომზადება.

ეს აქციები იქნება წერტილოვანი და პირველ რიგში იქნებ ბიძინა ივანიშვილის საცხოვრებელ სახლებთან, ისევე როგორც სალომე ზურაბიშვილის რეზიდენციასთან…

ეს ორი პერსონა არის პასუხისმგებელი იმაზე, რომ ერთი მხრივ, რეჟიმი თავიდან ბოლომდე დგას ბიძინა ივანიშვილზე, სალომე ზურაბიშვილს კი შეუძლია, მიხეილ სააკაშვილი გაათავისუფლოს თავისი კონსტიტუციური უფლებამოსილებით”, — უთხრა მუმლაძემ “მთავარ არხს”.

აქციაზე მისულ არაერთ მოქალაქეს ხელში ეჭირა პლაკატები მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებისაკენ მოწოდებებით. პარალელურად, ბიზნეს ცენტრთან პოლიცია იყო მობილიზებული.

ენმ-ის ერთ-ერთი ლიდერის, ლევან ხაბეიშვილის თქმით, რომელიც ასევე იმყოფებოდა 18 დეკემბრის შეკრებაზე, შეუერთდება “ყველა აქციას, სადაც საუბარი იქნება რუსი ოლიგარქის დასრულებაზე”.

“ბიძინა ივანიშვილმა დაყო საზოგადოება, დააპირისპირა… ამიტომ, უნდა გავერთიანდეთ, ხელები არ უნდა ჩამოვუშვათ, არ უნდა დავნებდეთ”, — დასძინა მან.

22 დეკემბრის სასამართლო პროცესზე სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების შესახებ უნდა იმსჯელონ. ენმ-ის კიდევ ერთი ლიდერის, ირაკლი ნადირაძის სიტყვებით, “უნდა მოვითხოვოთ ყველამ ერთად, რომ რაც შეიძლება სწრაფად იქნას მიხეილ სააკაშვილი გადაყვანილი უცხოეთში სამკურნალოდ”.

ივანიშვილის ბიზნეს ცენტრამდე, 18 დეკემბერს, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციასთან ჩატარდა.


პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მიმდინარე წლის მაისში გადაიყვანეს მას შემდეგ, რაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა.

სააკაშვილის ოჯახის წევრები და ადვოკატები აცხადებენ, რომ საქართველოში მისი მკურნალობა შეუძლებელია და სამკურნალოდ მის საზღვარგარეთ გადაყვანას ითხოვენ. ამ მოთხოვნით, მეოთხე დღეა, ენმ-ის წარმომადგენელ დეპუტატთა ნაწილი პარლამენტში შიმშილობს.

ცენტრმა „ემპათიამ“ 1 დეკემბერს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით დასკვნა გამოაქვეყნა, სადაც ამბობს, რომ ყოფილ პრეზიდენტს აღენიშნება 20-ზე მეტი დიაგნოზი თუ სიმპტომი, რაც შეუთავსებელს ხდის მის პატიმრობას.

სახალხო დამცველის ბაზაზე შექმნილი კონსილიუმის შეფასებით, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა ამჟამად მე-4 ხარისხის კახექსიას შეესაბამება. (კახექსია — ორგანიზმის გამოფიტვა, დაუძლურება)

სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების საკითხზე სასამართლო სხდომა 22 დეკემბერს უნდა გაიმართოს.

დეპუტატების მიერ შიმშილობის დაწყებამდე, 14 დეკემბერს, სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტის კადრები, რომლებიც კლინიკა “ვივამედში” სამეთვალყურეო კამერით არის გადაღებული.

პენიტენციური სამსახური მაღალი საზოგადოებრივი ინტერესით ხსნის დამონტაჟებული ვიდეოს გავრცელებას და ამბობს, რომ კადრები “სააკაშვილის სიმულაციურ ქმედებებს” ასახავს.

სახალხო დამცველის შეფასებით, ხსენებული კადრები სიმულაციების მტკიცებულებას არ შეიცავს. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური აცხადებს, რომ ვიდეოჩანაწერების გასაჯაროების გზით სააკაშვილის პერსონალური მონაცემების დამუშავების ფაქტზე შესწავლა დაიწყო.

გარეკანის ფოტო: “მთავარი არხი”

მასალების გადაბეჭდვის წესი