ახალი ამბები

სააკაშვილთან იყენებენ 14 წამალს, რომლებიც წამლის სააგენტოსგან დადასტურებული არაა – ადვოკატი

5 დეკემბერი, 2022 • 1521
სააკაშვილთან იყენებენ 14 წამალს, რომლებიც წამლის სააგენტოსგან დადასტურებული არაა – ადვოკატი

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი, მასიმო დანჯელო აცხადებს, რომ სააკაშვილის მკურნალობის პროცესში ისეთი დასახლების მედიკამენტებს იყენებენ, რომლებიც წამლის სააგენტოს მიერ დადასტურებული არ არის. ამის შესახებ მან ტელეკომპანია “ფორმულასთან” ინტერვიუში ისაუბრა.

მისი თქმით, ყოფილ პრეზიდენტის მდგომარეობა, რომელიც გასული წლის ნოემბერში დააკავეს, ერთი წლის განმავლობაში სწრაფად გაუარესდა. დანჯელოს განცხადებით, ის წონაში 22 კილოგრამით ნაკლებია და დაეწყო თმის ცვენაც.

დანჯელოს განცხადებით სააკაშვილს, რომელიც ამჟამად კლინიკა “ვივამედში” იმყოფება, დანიშნული აქვს 14 დასახელების მედიკამენტი, რომლებიც წამლის სააგენტოს მიერ არ არის დადასტურებული და არის რუსული წარმოების:

“ის იყო უკიდურესად ჯანმრთელი, ენერგიული 54 წლის კაცი ძალიან მუქი თმით, ერთი წლის შემდეგ კი მისი მდგომარეობა ძალიან სწრაფად გაუარესდა. დაკარგა დაახლოებით 22 კგ, მისი თმა აღარ არის ისეთი მუქი და დაიწყო ბუდობრივი ცვენა. მე მასთან ნევროლოგ ექიმ შაჰინ ლაჰინთან ერთად ვიყავი და ვნახე, როგორ აცლიდა ის თმას თავიდან. ახლა ეს ენერგიული კაცი შეგიძლიათ ნახოთ უზომოდ გაუარესებულ მდგომარეობაში.

უპრეცედენტო მდგომარეობა გვაქვს. აშშ-ში როცა გვინდა, შეაფასო პაციენტის მდგომარეობა, რომელიც საავადმყოფოსა თუ ციხის დაწესებულებაშია, შეგიძლია, გადაიღო ვიდეო, შეიტანო კამერა, რისი უფლებაც აქ არ მოგვცეს… ეს ხომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტია, რომელმაც ბევრი გააკეთა ქვეყნის ვესტერნიზებისა და იდენტობის შექმნისთვის? ახლა კი მოკლებულია ყველა საჭირო დახმარებას, მას სცემეს კიდეც, ფიზიკურად ათრიეს, მენტალურად დააზიანეს. ეს არის წამება და უფრო მეტიც, ის მოწამლეს კიდეც. დოქტორმა სმიტმა მის სხეულში იპოვა დარიშხანის და მერკურის კვალი. ის არის პოლიფარმაციის მსხვერპლი. მასთან იყენებენ დაახლოებით 14 დასახელების წამალს, რომლებიც არ არის დადასტურებული წამლის სააგენტოს მიერ. ეს არის რუსული წარმოების წამლები”, – განაცხადა მასიმო დანჯელომ ტელეკომპანია “ფორმულასთან”. [“ფორმულას” თარგმანი]


ცენტრმა „ემპათიამ“ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით დასკვნა გამოაქვეყნა, სადაც ამბობს, რომ ყოფილ პრეზიდენტს აღენიშნება 20-ზე მეტი დიაგნოზი თუ სიმპტომი, რაც შეუთავსებელს ხდის მის პატიმრობას.

„ემპათიის“ დასკვნით, სააკაშვილს აღენიშნება დაუდგენელი ეტიოლოგიის ცხელება, ანორექსია, წონაში სწრაფი კლება, კუნთების, სახსრების ძვლების ტკივილი, სხეულზე ესკორიაციები – ნაკაწრები – ფხანის კვალი, კუნთების განლევა, რომელიც შესაძლოა წარმოადგენდეს დაუდგენელი ინფექციური პროცესის ან/და შესაძლო ინტოქსიკაციის შედეგებსაც, ვინაიდან თმის ნიმუშის ტოქსიკოლოგიურ ექსპერტიზაში გამოვლენილი იქნა დოკუმენტირების ლიმიტზე მეტი Ba, Bi, Mercury (Hg).

„ემპათიის“ ცნობით, სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით მომზადებული დასკვნა შედგება 194 გვერდისა და 22 დანართისგან. დოკუმენტი მოამზადა ცენტრის სასამართლო საექსპერტო კომისიამ, რომელშიც „ემპათიის“ თქმით, შედიოდნენ ასევე საერთაშორისო ექსპერტები. ორგანიზაცია ამ ეტაპზე ძირითად დიაგნოზებს არ ასაჯაროებს..

მასალების გადაბეჭდვის წესი