ახალი ამბები

ბრეგაძე: როცა იქნება ექიმების რეკომენდაცია, სააკაშვილს პენიტენციურ დაწესებულებაში გადავიყვანთ

14 ნოემბერი, 2023 • 1186
ბრეგაძე: როცა იქნება ექიმების რეკომენდაცია, სააკაშვილს პენიტენციურ დაწესებულებაში გადავიყვანთ

საქართველოს იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესებულია და როცა ექიმების შესაბამისი რეკომენდაცია იქნება, სააკაშვილს პენიტენციურ დაწესებულებაში დააბრუნებენ.

აღნიშნული კომენტარი ბრეგაძემ ევროპის სახალხო პარტიის [EPP] მიერ მიღებული რეზოლუციის კომენტირებისას გააკეთა, რომელიც მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, გაათავისუფლოს მიხეილ სააკაშვილი ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების გამო:

„მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არის გაუმჯობესებული, რითაც ჩვენ ვართ ძალიან მოხარულები და როდესაც იქნება ექიმების შესაბამისი რეკომენდაცია, ის იქნება გადაყვანილი პენიტენციურ დაწესებულებაში. რაც შეეხება ამ რეზოლუციის შეფასებას, ყველას მოვუწოდებდი, რომ იმოქმედონ სამართლის მიხედვით, იმიტომ, რომ ჩვენ ვხელმძღვანელობთ მხოლოდ და მხოლოდ სამართლის ნორმებით და არა პოლიტიკური აღქმებით“, – ამბობს რატი ბრეგაძე.

„ნაციონალური მოძრაობის“ ცნობით, ევროპის უმსხვილესმა, ევროპის სახალხო პარტიამ [EPP] მიიღო რეზოლუცია, რომელშიც მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, გაათავისუფლოს მიხეილ სააკაშვილი ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების გამო.

„რეზოლუციაში ნახსენებია საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკურად მოტივირებული საქმე, ის, რომ მას არ აქვს სათანადო სამედიცინო მომსახურება და მის ჯანმრთელობის მდგომარეობა სერიოზული საფრთხე ექმნება“, – აღნიშნავენ „ნაციონალურ მოძრაობაში“.

პარტიის საერთაშორისო მდივანი, ზურაბ ჭიაბერაშვილი მადლობას უხდის რეზოლუციის ინიციატორებს და ამბობს, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობა და სიცოცხლე კვლავ რისკის ქვეშაა.

თუმცა ჭიაბერაშვილი აგრეთვე მიიჩნევს, რომ რეზოლუციაში ერთი ცვლილება უნდა შევიდეს – „მანამ, სანამ პრეზიდენტ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გამოწვეულია პოლიტიკური დევნის შედეგად, ანუ პირველადი მიზეზი არის პოლიტიკური დევნა, გვინდა შემოგთავაზოთ, რომ წინადადების ბოლოს ამოვიღოთ ბოლო ფრაზა სამედიცინო საფუძველზე“, – ამბობს იგი.

თვეების განმავლობაში მიხეილ სააკშვილი, მისი ადვოკატები და ენმ აქტიურ კამპანიას ეწეოდნენ, ლობირებდნენ ქვეყანაში უცხოელი ექიმების ჩამოყვანას, რომლებსაც უნდა დაედასტურებინან პატიმრობაში მყოფი ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის მკვეთრი და შეუქცევადი გაუარესება. ისინი მოითხოვდნენ, რომ სწორედ ამ დასკვნების საფუძველზე მიხეილ სააკაშვილს უნდა მისცემოდა საზღვარგარეთ სამკურნალოდ წასვლის საშუალება.

თუმცა ბოლო თვეებია, მათი მხრიდან აღნიშნული ტაქტიკა შეიცვალა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი