ახალი ამბები

სამივე ერთმანეთზე უინტელექტოა – კობახიძე ენმ-ის თავმჯდომარეობის კანდიდატებზე

29 ნოემბერი, 2022 • 673
სამივე ერთმანეთზე უინტელექტოა – კობახიძე ენმ-ის თავმჯდომარეობის კანდიდატებზე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, ენმ-ში მიმდინარე პროცესებით პარტია  სუსტდება და ეს პოლიტიკური სისტემის გაჯანსაღებისთვის კარგია.

მისი თქმით, ენმ-ის თავმჯდომარეობის მსურველი ყველა კანდიდატი „უინტელექტო და ოდიოზური“ პიროვნებაა და საზოგადეობა ნახავს, რამდენად „გოიმური“ პარტიაა ის თავისი არსით.

„ჩვენთვის დიდად საინტერესო არ არის ეს პროცესი. ერთადერთი, რითაც არის საინტერესო, არის ის, რომ „ნაცმოძრაობაში“ გრძელდება დაშლის პროცესი და პარტია სუსტდება თანდათანობით, რაც ძალიან კარგია ჩვენი პოლიტიკური სისტემის ჯანსაღი ფორმით განვითარებისთვის. სამი კანდიდატია ამ პოლიტიკურ პარტიაში და სამივე არის ერთმანეთზე უინტელექტო, ერთმანეთზე ოდიოზური და ერთმანეთზე სამარცხვინო. ვგულისხმობ ხაბეიშვილს, მელიას და მუმლაძეს.

საზოგადოება შეხედავს ამ ყველაფერს და ნახავს, თუ რამდენად გოიმურია თავისი არსით ის პოლიტიკური პარტია, რასაც „ნაციონალური მოძრაობა“ ჰქვია და რამდენად უინტელექტოა ის შემადგენლობა, რომელიც ამ პოლიტიკურ პარტიას ხელმძღვანელობს. საზოგადოებამ უნდა გამოიტანოს დასკვნები ამასთან დაკავშირებით“,- განაცხადა კობახიძემ.


ენმ-ის თავმჯდომარის არჩევნები რამდენიმე კვირის წინ მოითხოვეს. თავმჯდომარეობის სურვილი მალევე გამოთქვეს ლევან ხაბეიშვილმა და გიორგი მუმლაძემ. პოლიტიკოსმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა კი 26 ნოემბერს განაცხადა, რომ თავადაც ფიქრობს თავმჯდომარეობისთვის ბრძოლაზე.

მიუხედავად ბრალდებებისა, ლევან ხაბეიშვილი უარყოფს, რომ მას თავმჯდომარეობისთვის ბრძოლაში ზურგს უმაგრებს თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ტვ „ფორმულას“ დამფუძნებელი დავით კეზერაშვილი.

ასევე, ენმ-ის წევრმა პეტრე ცისკარიშვილმა თქვა, რომ ლევან ხაბეიშვილს მხარს უჭერს ყოფილი შს მინისტრი ვანო მერაბიშვილი. თავის მხრივ, ხაბეიშვილმა ვანო მერაბიშვილზე უარყოფითი განცხადების გამო ირიბად გააკრიტიკა ნიკა მელია, რომელმაც 2020 წელს თქვა, რომ საკუთარ თავს ვერ ხედავს გუნდში, სადაც ვანო მერაბიშვილიც იქნება. ხაბეიშვილის აზრით, ამ საკითხზე „ვიღაცების რიტორიკა დაემსგავსა კობახიძის რიტორიკას…“.

მასალების გადაბეჭდვის წესი