ახალი ამბები

ჭიაბერაშვილი ამბობს, რომ ენმ-ის თავმჯდომარეობაზე ფიქრობს

27 ნოემბერი, 2022 • 773
ჭიაბერაშვილი ამბობს, რომ ენმ-ის თავმჯდომარეობაზე ფიქრობს

პოლიტიკოსი ზურაბ ჭიაბერაშვილი ამბობს, რომ მას უფიქრია მონაწილეობაზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის შესარჩევ შიდა არჩევნებში. ამის შესახებ მას კითხვა ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში ტელეწამყვანმა ირაკლი ტაბლიაშვილმა 26 ნოემბერს დაუსვა.

„ამაზე მიფიქრია და ახლაც ვფიქრობ. მინდა განვმარტო, რატომ ვფიქრობ ამაზე. პირველი ჩემი მოტივაცია არის , რომ ენმ-სა და ზოგადად, ოპოზიციის დღის წესრიგი განისაზღვროს ისე, როგორც მე წარმომიდგენია. მიმაჩნია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ უნდა იყოს „ქოლგა პარტია“ თუ პლატფორმა, რომელშიც თავი უნდა იპოვოს საზოგადოების ძალიან ბევრმა ჯგუფმა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ამ ტიპის ნაციონალური მოძრაობისთვის ხელშეწყობა.

მეორე არის ის, რაზეც წუხილი მომისმენია არა მხოლოდ ნაციონალური მოძრაობის წევრებისგან, არამედ სხვა ადამიანებისგანაც, რომლებსაც ესმით ენმ-ის, როგორც სისტემური პოლიტიკური პარტიის მნიშვნელობა იმ გარდატეხისთვის, რაც საზოგადოებაში უნდა მოხდეს: ზოგჯერ ის კონკურენცია, რასაც ჩვენ ვხედავთ, არც თუ სასურველ სახეს იღებს. არ უნდა დავუკარგოთ არც ნიკა მელიას, არც ლევან ხაბეიშვილს და არც გიორგი მუმლაძეს ის ღირსებები, რაც გაუკეთებიათ, ნიკა მელიას ის თავგანწირვა, რაც ჩაიდინა, არ უნდა დავივიწყოთ. თავის პოზიციაზე ასევე მნიშვნელოვანი საქმე აქვს გაკეთებული ლევან ხაბეიშვილს. ვერავინ დასვამს ეჭვქვეშ გიორგი მუმლაძის თავგანწირვასა და გულწრფელობას. მიმაჩნია, რომ კიდევ უფრო მეტი არის საჭირო ამ პარტიისთვის იმისთვის, რომ ის იყოს პლატფორმა რომელიც შეკრავს ფართო საზოგადოებრივ კონსენსუსს“, — თქვა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

მისივე განცხადებით, „არ უნდა მოგვერიდოს“ ნაკლებზე საუბარიც.

„მაგალთად, არჩევნებს ოდესმე მოვიგებთ და სააკაშვილის ამის შემდეგ გათავისუფლდება, მე ეს მცდარ მესიჯად მიმაჩნია. მე მირჩევნია, საბოლოო ჯამში, თუნდაც „ნაციონალურ მოძრაობაში“, კამათი იყოს არა პიროვნებების, არამედ, სტრატეგიის გარშემო“, — აღნიშნა ჭიაბერაშვილმა.

პოლიტიკოსის თქმით, ის საკუთარ თავში ხედავს მაკონსოლიდირებელ როლს, რომელიც გააერთიანებს პარტიის შიგნით არსებულ დაყოფილ ჯგუფებს, რომლებიც ახლა სხვადასხვა ლიდერს უჭერენ მხარს.

როგორც ჭიაბერაშვილი ამბობს, ის უახლოეს დღეებში გადაწყვეტს, ოფიციალურად ჩაერთვება თუ არა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის არჩევნებში.

ზურაბ ჭიაბერაშვილმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ 2017 წელს სხვა ლიდერებთან ერთად დატოვა და „ევროპული საქართველოს“ წევრი გახდა.

მან 2021 წელს საკუთარ ბლოგზე სტატია გამოაქვეყნა, სადაც წერდა, რომ „ევროპულ საქართველოსთან“ ერთად, პოლიტიკიდანაც მიდიოდა.

„თუ რადიკალური ცვლილებები გვინდა, ყველამ ჩვენი თავიდან უნდა დავიწყოთ – ოპოზიციამ, ცალკეულმა პარტიებმა, თითოეულმა პიროვნებამ. ფაქტია, რომ ამ სახით გარღვევა არ ხდება. ამიტომ აუცილებლობად მიმაჩნია, გვერდზე გაწევით (და არა უკანდახევით), გზა დავუთმოთ მომავალ თაობას“, — წერდა გასულ წელს ჭიაბერაშვილი.


ენმ-ის თავმჯდომარის არჩევნებში მონაწილეობის სურვილი გაცხადებული აქვს ლევან ხაბეიშვილს, მოქმედ თავმჯდომარე ნიკა მელიას და ასევე აქტივისტ გიორგი მუმლაძეს. გიორგი მუმლაძე და ლევან ხაბეიშვილი ხშირად აკრიტიკებენ ნიკა მელიას „უმოქმედობის“ გამო.

ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი, ვანო მერაბიშვილი, საპატიმროს დატოვების შემდეგ, ოფიციალურად არ მონაწილეობს პარტიის მართვის პროცესში, თუმცა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების ნაწილის თანახმად, თავმჯდომარეობის არჩევნებში მხარს ლევან ხაბეიშვილს უჭერს.

ლევან ხაბეიშვილმა ენმ-ს თავმჯდომარეობის სურვილის გაცხადებიდან მალევე ტვ პირველის ეთერში, 23 ნოემბერს თქვა, რომ წლების წინ თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით კეზერაშვილის „მოპარულ მილიონებზე“ საუბრობდა, თუმცა ამის შემდეგ ძალიან ბევრი რამ შეიცვალა და აზრიც შეეცვალა.

„რაც შეეხება კეზერაშვილის [ჩემ] უკან დგომას და არჩევნებს, კეზერაშვილს ერთი ხმაც კი არ აქვს ამ[ენმ-ის] არჩევნებში. მართლა არ მესმის, რატომ შეიძლება დავით კეზერაშვილს პარტიის გაკონტროლება სურდეს“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი