ახალი ამბები

მეც მინდა ენმ-ის თავმჯდომარეობა, მაგრამ, ალბათ, არ გამომივა – მეგრელიშვილი

29 ნოემბერი, 2022 • 632
მეც მინდა ენმ-ის თავმჯდომარეობა, მაგრამ, ალბათ,  არ გამომივა – მეგრელიშვილი

„მე ვამბობ, რომ მეც მინდა [„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობა]. მართლა მინდა“, – განაცხადა „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ვახტანგ მეგრელიშვილმა 28 ნოემბერს „პალიტრანიუსის“ ეთერში.

მეგრელიშვილის თქმით, შესაძლოა, მისი წინადადება უცნაურად ჟღერს, მაგრამ ასაბუთებს რისთვის უნდა ენმ-ის თავმჯდომარეობა.

მისი თქმით, უზარმაზარ ორგანიზაციას, თავისი უზარმაზარი მხარდაჭერით, „უბრალოდ, პატრონი არ ჰყავს, ანუ უპატრონოდ დარჩება“.

როგორც მეგრელიშვილი ამბობს, ელემენტარული შანსი რომ ჰქონდეს ენმ-ში მიმდინარე დისკუსიაში ჩართვის და მათ სერიოზულად შეხედონ ამ საქმეს, თავად წარდგებოდა გეგმით, რომლითაც ეს პარტია ბევრად უფრო ეფექტური და ძლიერი იქნებოდა.

„დიდი ალბათობით, არ გამომივა. მე ამის იმედი კი არ მაქვს. მე რაღაც ვახსენე, მით უმეტეს, ჭიაბერაშვილი გამოჩნდა, კიდევ ერთი კანდიდატი, რომელსაც იმ წესებისგან განსხვავებული „ბექგრაუნდი“ ჰქონდა, რომელსაც ენმ აცხადებდა. მე ვახსენე, თუმცა არანაირი სერიოზული იმედი არ მაქვს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ კარებს გახსნის და იქ ადამიანებს შეუშვებს“, – განაცხადა მეგრელიშვილმა.


ენმ-ის თავმჯდომარის არჩევნები რამდენიმე კვირის წინ მოითხოვეს. თავმჯდომარეობის სურვილი მალევე გამოთქვეს ლევან ხაბეიშვილმა და გიორგი მუმლაძემ. პოლიტიკოსმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა კი 26 ნოემბერს განაცხადა, რომ თავადაც ფიქრობს თავმჯდომარეობისთვის ბრძოლაზე.

მიუხედავად ბრალდებებისა, ლევან ხაბეიშვილი უარყოფს, რომ მას თავმჯდომარეობისთვის ბრძოლაში ზურგს უმაგრებს თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ტვ „ფორმულას“ დამფუძნებელი დავით კეზერაშვილი.

ასევე, ენმ-ის წევრმა პეტრე ცისკარიშვილმა თქვა, რომ ლევან ხაბეიშვილს მხარს უჭერს ყოფილი შს მინისტრი ვანო მერაბიშვილი. თავის მხრივ, ხაბეიშვილმა ვანო მერაბიშვილზე უარყოფითი განცხადების გამო ირიბად გააკრიტიკა ნიკა მელია, რომელმაც 2020 წელს თქვა, რომ საკუთარ თავს ვერ ხედავს გუნდში, სადაც ვანო მერაბიშვილიც იქნება. ხაბეიშვილის აზრით, ამ საკითხზე „ვიღაცების რიტორიკა დაემსგავსა კობახიძის რიტორიკას…“.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი