ახალი ამბები

ნენსკრას ინვესტორს პირობებზე დასათანხმებლად წლის ბოლომდე აქვს ვადა — დავითაშვილი

21 ნოემბერი, 2022 • 872
ნენსკრას ინვესტორს პირობებზე დასათანხმებლად წლის ბოლომდე აქვს ვადა — დავითაშვილი

საქართველოს ეკონომიკის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, საქართველოს მთავრობა ნენსკრაჰესის მშენებელ კომპანიას კვლავ სთავაზობს განახლებულ პირობებს, რათა კომპანიამ ნაკისრი ვალდებულებები შეასრულოს.

წინააღმდეგ შემთხვევაში, მინისტრის განცხადებით, სახელმწიფო იძულებული გახდება, კომპანიასთან ხელშეკრულების გაწყვეტის პროცედურები დაიწყოს.

„დღეს ინვესტორი არის სამხელმწიფო კომპანია, რომელსაც თუ ექნება მზადყოფნა, რომ პროექტი განახორციელოს და ახალ ვადებში რეალური შედეგები დადოს, საქართველოს მთავრობა მზადაა, მხარი დაუჭიროს პროექტის განხორციელებას და კიდევ ერთი შანსი მივეცით კომპანიას წლის დასაწყისიდან.

განვაახლეთ პირობები. ვნახეთ, რომ სატარიფო პოლიტიკის ნაწილში სახელმწიფოს ჰქონდა სრული უფლება, რათა მოეთხოვა უკეთესი ტარიფი გამომუშავებულ ენერგიაზე. ვფიქრობ, რომ ეს სამართლიანია, რადგან კომპანიამ ამდენი ხანი ვალდებულებები ვერ შეასრულა და სახელმწიფო დააზიანა განუხორციელებელი პროექტით.

იმედია, კომპანია აღმოჩნდება მოქნილი, რომ მიიღოს საქართველოს მთავრობის პირობები“, — განაცხადა მინისტრმა.

მისი განცხადებით, პროექტის განხორციელებას სჭირდება 5 წლამდე პერიოდი.

„ჩვენ წლის ბოლომდე უნდა შევთანხმდეთ კომპანიასთან, რადგან მომავალ წელს მეტი დრო აღარ გვექნება, პროექტი უნდა განვახორციელოთ“, — განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

პროექტის ამჟამინდელი ინვესტორი K-water-ია, რომლის აღმასრულებელ დირექტორთან, პარკ ჯე-ჰიონთან შეხვედრისას ირაკლი ღარიბაშვილმა 14 ნოემბერს განაცხადა, რომ პროექტის განხორციელება უნდა დაჩქარდეს.

ნენსკრა ჰესის აშენებაზე ხელშეკრულება 2015 წლის 31 აგვისტოს არის დადებული ხუთ მოთამაშეს შორის და 2017 წლის 17 ივნისსაა განახლებული. ეს მოთამაშეები არიან თავად ინვესტორი — სააქციო საზოგადოება (სს) „ნენსკრა ჰიდრო“ და სახელმწიფო, რომელსაც ოთხი სუბიექტი წარმოადგენს:

  • საქართველოს მთავრობა/მაშინდელი ენერგეტიკის სამინისტრო, კახი კალაძის ხელმძღვანელობით; ახლა ეს როლი ეკონომიკის სამინისტროს აქვს;
  • ენერგეტიკული ბაზრის ოპერატორი (ესკო);
  • სახელმწიფო ელექტროსისტემა (სსე);
  • საპარტნიორო ფონდი.

პროექტის საერთო ღირებულება $1,031 მილიარდია. პროექტის ავტორებს გათვალისწინებული აქვთ, რომ ამ თანხის 30%-ს თვითონ გაიღებენ, 70%-ს კი ხუთი საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციისგან მიღებული სესხები დაფარავს. კონტრაქტის მიხედვით, ესენი არიან:

  • „კორეის განვითარების ბანკი“ (KDB) — $100 მილიონი (9.7%)
  • “აზიის განვითარების ბანკი” (ADB) — $174,1 მილიონი (16.9%)
  • „ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი“ (EBRD) — $174.1 მილიონი (16.9%)
  • „ევროპული საინვესტიციო ბანკი“ (EIB) — $100 მილიონი (9.7%)
  • „იტალიის ექსპორტის საკრედიტო სააგენტო“ (SACE) — $174.1 მილიონი (16.9%)

რაც შეეხება ინვესტორის ნაწილს, დარჩენილ 30%-ს ფარავს „ნენკრა ჰიდრო“. თავის მხრივ, ნენსკრა ჰიდროს აქციების 10%-ს საპარტნიორო ფონდი ფლობს, 90%-ს კი, კორეული სახელმწიფო კომპანია K-water [ანუ გამოდის, რომ პროექტის საერთო ღირებულების 26.3%-ს კორეული სახელმწიფო კომპანია K-water ფარავს, 2.2%-ს -საპარტნიორო ფონდი, 1.5%-ს- კვლავ EBRD-ის სესხი].

უკვე წლებია, პროექტის განხორციელებას და ნენსკრა-ნაკრას ხეობის დატბორვას კატეგორიულად ეწინააღმდეგება სვანეთისა და დანარჩენი საქართველოს მოსახლეობის ნაწილი.

ვრცლად ნენსკრა ჰესზე:

„ფასდაუდებელი“ ნენსკრა ჰესი

მასალების გადაბეჭდვის წესი