ახალი ამბები

„არასოდეს თქვათ არასოდეს“ – პრეზიდენტი ნატოში გაწევრიანებისადმი სკეპტიციზმზე

21 ნოემბერი, 2022 • 653
„არასოდეს თქვათ არასოდეს“ – პრეზიდენტი ნატოში გაწევრიანებისადმი სკეპტიციზმზე

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ საქართველო აგრძელებს მომზადებას ნატოში შესვლისათვის.

21 ნოემბერს BBC-ის გადაცემა Hardtalk-ში ჟურნალისტ ზეინაბ ბადავიმ მაგალითად მოიყვანა კავკასიაში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის, ხავიერ კოლომინას განცხადება, რომლის თანახმადაც, „როდესაც საქართველო მზად იქნება ნატოში გაწევრებისათვის, ასეც მოხდება, თუმცა არ ფიქრობს, რომ შესაძლებელი იქნება საქართველოს მხოლოდ ერთი ნაწილის ინტეგრირება“.

ბადავის კითხვაზე, რამდენად შესაძლებელი იქნება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რუსეთის მიერ ოკუპაციის პირობებში საქართველოს ნატოში გაწევრიანება, პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა განაცხადა:

„არასოდეს თქვათ არასოდეს“.

პრეზიდენტი ზურაბიშვილის თქმით, მსოფლიოში მოულოდნელი პროცესები მიმდინარეობს, მაგალითად, „არავინ ელოდა, რომ რუსეთი ასე ახლოს იქნებოდა დამარცხებასთან თავის ერთ-ერთ მეზობელთან [ბრძოლაში]“.

„ვფიქრობ, რაღაცები ისე სწრაფად იცვლება, როგორიც არასოდეს გვინახავს. ჩვენ ვემზადებით ნატოში შესვლისათვის. ჩვენ ვატარებთ წვრთნებს ნატოსთან ერთად, მათ შორის უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ გვქონდა სამხედრო წვრთნები ჩვენს ტერიტორიაზე. ასე რომ, ჩვენ ვინარჩუნებთ სიფრთხილეს, მაგრამ კვლავ ვაკეთებთ იმას, რაც საჭიროა… ეს [ორი რეგიონის ოკუპაცია] შემაფერხებელი ფაქტორია, მაგრამ შეხედეთ გერმანიას. არის მაგალითები აღმოსავლეთ ევროპაში“, – განაცხადა მან.

დასავლეთ გერმანია ნატო-ს წევრი 1955 წელს გახდა. ცივი ომის დასრულებისა და გერმანიის გაერთიანების შემდეგ კი, აღმოსავლეთ გერმანია ალიანსს შეუერთდა გაერთიანებული გერმანიის შემადგენლობაში.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების პრობლემიდან გამომდინარე და იმ ფაქტორის გათვალისწინებით, რომ ალიანსს არ სურს, ჩაერთოს რუსეთთან შეიარაღებულ დაპირისპირებაში აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში უკვე არსებული კონფლიქტის გამო, აკადემიურ და პოლიტიკურ წრეებში არაოფიციალურად დიდი ხანია მსჯელობენ ვარიანტზე – საქართველო ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანდეს დათქმით, რომ ვაშინგტონის ხელშეკრულების მე-5 მუხლი ოკუპირებულ ტერიტორიებზე არ გავრცელდება.

ვრცლად გირჩევთ:

მასალების გადაბეჭდვის წესი