ახალი ამბებიეკონომიკა

მთავრობა საქართველოს გავლით კასპიის გაზის ევროპაში ექსპორტზე საუბრობს

21 ნოემბერი, 2022 • 3413
მთავრობა საქართველოს გავლით კასპიის გაზის ევროპაში ექსპორტზე საუბრობს

საქართველოს ეკონომიკის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, აზერბაიჯანთან, უნგრეთთან და რუმინეთთან ერთად, ქვეყანა მუშაობს საქართველოს გავლით ევროპისთვის გათხევადებული ბუნებრივი აირის მიწოდების პროექტზე.

მან ეს განცხადება დღეს, 21 ნოემბერს გააკეთა.

„საქართველოსა და აზერბაიჯანს რუმინეთთან და უნგრეთთან ერთად ჰქონდა დაწყებული პროექტი, რომელიც  გულისხმობდა კასპიის ზღვის გაზის მიწოდებას ევროპისთვის საქართველოს გავლით; მოხდებოდა საქართველოს ტერიტორიაზე თხევად მდგომარეობაში აირის გარდაქმნა.

ეს პროექტი, სამწუხაროდ, შეჩერდა და შემდგომი განვითარება აღარ ჰქონდა, მაგრამ ახლა როდესაც ევროპა დაინტერესებულია გაზის მიწოდების ალტერნატიული წყაროებით, პროექტმა აქტუალურობა კვლავ შეიძინა“, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

მისი განცხადებით, სამუშაოები უკვე დაწყებულია.

„იცით საქართველოში იმყოფებოდა ალიევი. ამის შემდეგ დავგეგმეთ სამუშაო პროცესი, რომელიც დღესაც მიმდინარეობს.

საქართველოს მხრიდან ჩართულია ნავთობისა და გაზის კორპორაცია, აზერბაიჯანიდან ჩართული იქნება სოკარი, ასევე, ჩვენი პარტნიორები რუმინეთსა და უნგრეთში.

ეს არ იქნება ერთ დღეში ან ერთ წელიწადში, საჭიროა გვქონდეს არსებული ინფრასტრუქტურის სრული სურათი, შემდგომში ჩამოყალიბდეს დეტალური სამოქმედო გეგმა და დავიწყოთ ამ გეგმის შესრულება, მათ შორის მოხდეს ინვესტიციების მოზიდვა ამ მიმართულებით“.

მისი განცხადებით, პროექტის განხორციელების ვადები დაზუსტდება მას შემდეგ, რაც მხარეები საქართველოსა და აზერბაიჯანში არსებული მილსადენების მდგომარეობას შეისწავლიან.

უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, რუსეთი, რომელიც ევროკავშირისთვის ბუნებრივი აირის მთავარი მიმწოდებელია, გაერთიანებას აშანტაჟებს ბუნებრივ აირზე ფასების ზრდითა და მიწოდების სიმძლავრეების შემცირებით.

პარალელურად, ევროკავშირის სახელმწიფოები ბუნებრივი აირის მიწოდების ალტერნატიულ გზებს ეძებენ.

აზერბაიჯანში ამ მიზნით იმყოფებოდა ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი, რომელმაც აზერბაიჯანულ მხარესთან მომდევნო წლებში გაზის მიწოდების ზრდის შესახებ შეთანხმებას მოაწერა ხელი.

საქართველო ასევე განიხილავს აზერბაიჯანიდან უნგრეთში ელექტროენერგიის ექსპორტის პროექტში ჩართვასაც.

სწორედ ეს პროექტი განიხილებოდა ჯერ ირაკლი ღარიბაშვილისა და ილჰამ ალიევის შეხვედრაზე თბილისში, შემდეგ კი, ვიქტორ ორბანსა და ირაკლი ღარიბაშვილის შეხვედრაზე ბუდაპეშტში.

მასალების გადაბეჭდვის წესი