ახალი ამბები

კომიკური იქნება, რომ ოლიგარქთა რეესტრს ღარიბაშვილი შეადგენს – გოცირიძე

16 ნოემბერი, 2022 • 869
კომიკური იქნება, რომ ოლიგარქთა რეესტრს ღარიბაშვილი შეადგენს – გოცირიძე

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რომან გოცირიძიე „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტში ცვლილებებს აკრიტიკებს, რომლის მიხედვითაც ოლიგარქთა რეესტრს პარლამენტის ნაცვლად მთავრობამ შეადგენს.

გოცირიძის თქმით, მათი მოთხოვნაა, რომ ოლიგარქის სტატუსი არსებული კრეტერიუმებიდან გამომდინარე პარლამენტთან შექმნილმა დამოუკიდებელმა კომისიამ განსაზღვროს, რომელიც პარლამენტის წევრთა 2/3- ით იქნება არჩეული.

როგორც გოცირიძე ამბობს, მათ მოსწონთ „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ უკრაინული კანონი, რომლის გადმოღებასაც „ქართული ოცნება“ გეგმავს, თუმცა აცხადებს, რომ აღნიშნული კანონის მიღებით „ოცნების“ ხელისუფლება ბიძინა ივანიშვილსა და მასთან დაკავშირებულ სხვა ბიზნესმენებს ოლიგარქთა რეესტრში არასდროს შეიყვანს.

მისი თქმით, „ქართულ ოცნებას“ სურს, საკუთარ ხელში ჰქონდეს ის მექანიზმი, რომლითაც ოპოზიციას გამოაცხადებს ოლიგარქებად, დევნას დაუწყებს და „თავის ოლიგარქებს ხელს გადააფარებს“.

„ჩვენი მოთხოვნაა, რომ ოლიგარქის სტატუსი არსებული კრეტერიუმებიდან გამომდინარე განსაზღვროს პარლამენტთან შექმნილმა ნეიტრალურმა, დამოუკიდებელმა კომისიამ. კომისია უნდა შეიქმნას დიდი ქვორუმით, მაგალითად, პარლამენტის 100 წევრით, 2/3- ით, როცა ოპოზიციის გარეშე ამ კომისიას ვერ შექმნის უმრავლესობა და მას ექნება ნდობა, მაგრამ ამას არასდროს გააკეთებს [ოცნება].

პირიქით, პარლამენტიდანაც კი გამოაქვთ და პრემიერ-მინისტრს უქვემდებარებენ. წარმოგიდგენიათ, რა კომიკური სიტუაცია იქნება?! –  ოლიგარქის რეესტრს შეადგენს ივანიშვილის მონა-მორჩილი ღარიბაშვილი. ღარიბაშვილი გაუბედავს ივანიშვილს რეესტრში შეყვანას?! ამიტომ არის ეს ცუდი.

ბოლოს და ბოლოს, პრეზიდენტმა შეადგინოს, ან საჯარო სამსახურის ბიურომ, სადაც სახელმწიფო მოხელეები დეკლარაციებს აბარებენ, ან აუდიტის სამსახურმა გააკეთოს, რომელიც აკვირდება პოლიტიკური პარტიების საარჩევნო ბიუჯეტს. არა, მათ უნდათ, საკუთარ ხელში ჰქონდეთ ის მექანიზმი, რომლითაც ოპოზიციას გამოაცხადებს ოლიგარქებად, დევნას დაუწყებს და თავის ოლიგარქებს ხელს გადააფარებს”,- განაცხადა გოცირიძემ.

„დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტის ინიცირებულ ვერსიაში ოლიგარქების სპეციალური რეესტრის შედგენაზე პასუხისმგებელი იყო პარლამენტი, თუმცა ანრი ოხანაშვილმა დეპუტატებს შესთავაზა ცვლილების შეტანა პროექტში, რომლის თანახმად, აღნიშნულ საკითხზე პასუხისმგებელი მთავრობა იქნება.

„ჩვენ შემოგთავაზეთ პარლამენტის ჩართულობა ამ პროცესში და ეს ოპოზიციონერი კოლეგების მხრიდან შეფასდა როგორც ინტერსთა კონფლიქტი და სპეკულაციურად გამოიყენეს, რომ თითქოს ჩვენ ამით ავცდით უკრაინულ მოდელს. გთავაზობთ, რომ პარლამენტის ნაცვლად საქართველოს მთავრობა იყოს განსაზღვრული ოლიგარქთა რეესტრის შედგენაზე, როგორც ეს უკრაინაშია“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.


„დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტი, რომლის ინიცირებაც პარლამენტში „ქართული ოცნების“ წევრებმა მოახდინეს, ანალოგიური შინაარსის მქონე უკრაინის კანონის მაგალითზეა შემუშავებული.

უკრაინული კანონის გადმოღებას არ ეთენხმება ოპოზიცია და აცხადებს, რომ ამ კანონპროექტის ამ სახით მიღება არ შეიძლება და ის ქართულ რეალობას უნდა შეესაბამებოდეს.

ამასთან, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და ევროკავშირის წარმომადგენლებს მიაჩნიათ, რომ კანონპროექტი ვენეციის კომისიაში უნდა გაიგზავნოს.

თუმცა „ქართული ოცნება“ კანონპროექტის ვენეციის კომისიაში გაგზავნაზე უარს ამბობს და აცხადებს, რომ საქართველოს შეუძლია ერთი-ერთში გაითვალისწინოს ვენეციის კომისიის დასკვნა, რომელსაც დეოლიგარქიზაციის შესახებ უკრაინულ კანონზე გასცემს, ვინაიდან სწორედ უკრაინული მოდელის მიღებას გეგმავს.

ვის მიიჩნევენ ოლიგარქად? — „ოცნებამ“ დეოლიგარქიზაციის კანონპროექტი წარადგინა

მასალების გადაბეჭდვის წესი