ახალი ამბები

რომან გოცირიძე: სად ჩაურიცხავს შსს [“ხარებას”] ხელფასს?

17 სექტემბერი, 2024 •
რომან გოცირიძე: სად ჩაურიცხავს შსს [“ხარებას”] ხელფასს?

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის, „ევროოპტიმისტების“ წევრი რომან გოცირიძე აცხადებს, რომ აშშ-ის მიერ 16 სექტემბერს დაწესებული ფინანსური სანქციები საქართველოს ხელისუფლებისთვის ძალიან დიდი თავსატეხია, ვინაიდან შსს-ს ორ მოქმედ თანამშრომელს ეხება, რომლებიც სახელმწიფოსგან ხელფასს იღებენ.

„ეს არის გაცილებით მძიმე სანქცია, ვიდრე ის, რომელიც დაწესებული იქნა ფარცხალაძის მიმართ. ეს სანქცია, რომელიც 4 პირს დაუწესდა, არის აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს მიერ დაწესებული სანქცია, რომელიც ითვალისწინებს ფინანსურ სანქციებს. გარდა ამისა, მას აქვს პოლიტიკური დატვირთვა, ვინაიდან ეს ადამიანები მოხვდნენ გლობალური „მაგნიტსკის სიაში“. ეს ნიშნავს, რომ ცხოვრების ბოლომდე, სამუდამოდ, ეს ხალხი იქნებიან დამღადასმულები და მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ყველა სახელმწიფო შეწყვეტს მათთან ურთიერთობას, როგორც ფინანსურად, ასევე პერსონალურად.

უპრეცედენტო არის იმიტომაც, რომ საქართველოს ხელისუფლებისთვის ეს არის ძალიან დიდი თავსატეხი და გამოწვევა. განსაკუთრებით იმის გამო, რომ 2 მაღალჩინოსანი ხელფასს იღებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან. ეს ფული მათ ერიცხებათ „თიბისი ბანკში“. „თიბისი ბანკი“, რომელიც წარმოდგენილია ლონდონის ბირჟაზე და რომლის აქციონერთა უდიდესი ნაწილი მსხვილი დასავლური ფონდები და კომპანიებია, იძულებული გახდება, რომ შეწყვიტოს ყოველგვარი ურთიერთობა ამ პოლიციელებთან“, – აცხადებს რომან გოცირიძე.

რომან გოცირიძის თქმით, დღეს კომერციული ბანკები უმძიმეს მდგომარეობაში არიან, ვინაიდან მათ, ერთი მხრივ, საერთაშორისო სანქციები უნდა აღასრულონ, მეორე მხრივ კი, ეროვნული ბანკის რეგულაცია, რაც ურთიერთგამომრიცხავია.

„სად ჩარიცხავს [“ხარებას”] ხელფასს შინაგან საქმეთა სამინისტრო? „ქართუ ბანკში“? ნურას უკაცრავად, ივანიშვილი ძალიან ეშმაკია, საკუთარ ბანკს არ გაწირავს სანქციებისათვის. გადაურიცხავენ რუხაძის „ლიბერთი ბანკში“? არა მგონია, რომ რუხაძე, რომელიც „ქართული ოცნების“ მარიონეტია, დათანხმდეს საკუთარი ბანკის რისკის ქვეშ დაყენებას. გარდა ამისა, ამ ადამიანს [„ხარებას“] აქვს დაცვის კომპანია „სარანგი“, რომლის 50%-იანი წილის მფლობელია. ამ კომპანიის ანგარიშებიც დაყადაღდება და ვერაფერს იყიდის უცხოეთიდან. თუ ეს არ გააკეთა ქართულმა საბანკო სისტემამ, მაშინ საერთაშორისო დონეზე იქნება ჩვენი ქვეყნის საბანკო სისტემის კოლაფსი…

როგორ მოიქცევა ეროვნული ბანკი? მიუთითებს კომერციულ ბანკებს, რომ აღსრულდეს საერთაშორისო ფინანსური სანქციები, თუ დაავალებს კომერციულ ბანკებს, რომ აღსრულდეს თავისი განკარგულება? უმძიმეს მდგომარეობაში არიან დღეს ბანკები და საფინანსო ინსტიტუტები“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

16 სექტემბერს ამერიკის შეერთებული შტატების ხაზინის დეპარტამენტის საგარეო აქტივების კონტროლის ოფისმა (OFAC) ადამიანის ფუნდამენტური უფლებების ძირგამომთხრელი საქმიანობისთვის, მათ შორის გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევის გამო, საქართველოს ოთხი მოქალაქე დაასანქცირა.

დასანქცირებულები არიან შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი ზვიად ხარაზიშვილი (ხარება), მისი მოადგილე მილერი ლაგაზაური, პრორუსული ალტ-ინფოს დამფუძნებლები- ზურა მახარაძე და კონსტანტინე მორგოშია.

სანქცირება შემდეგ შეზღუდვებს გულისხმობს:

  • სანქცირებული პირების საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება და ქონებაში მათი წილები შეერთებულ შტატებში დაყადაღებულია.
  • დაყადაღებულია სუბიექტები, რომლებიც 50% ან მეტით, პირდაპირ თუ ირიბად, სანქცირებული ფიზიკური პირების საკუთრებაშია.
  • აკრძალულია ნებისმიერი ტრანზაქცია აშშ-ში, რომელიც სანქცირებული პირების საკუთრებას ან ინტერესებს ეხება. ამ წესიდან გამონაკლისი მხოლოდ აშშ-ს შესაბამისი უწყების მიერ გაცემული ნებართვით იქნება დაშვებული.

ზვიად ხარაზიშვილის მიერ შევსებული ბოლო დეკლარაციის მიხედვით, რომელიც მიმდინარე წლის ივნისში აქვს ჩაბარებული, საბანკო ანგარიში „თიბისი ბანკში“ აქვს. სწორედ „თიბისი ბანკში“ ერიცხება მას ხელფასი.

საქართველოს საბანკო ასოციაციაში აცხადებენ, რომ საბანკო სისტემა „განუხრელად დაიცავს“ საერთაშორისო სანქციების მოთხოვნებს.

ამ ეტაპისთვის უცნობია, როგორც მოიქცევიან ბანკები, აღასრულებენ აშშ-ის სანქციას თუ ეროვნული ბანკის რეგულაციას, როდესაც ისინი ერთმანეთთან წინააღმდეგობაში მოდის.

აშშ-ის მიერ ყოფილი გენერალური პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის დასანქცირების შემდეგ, გასული წლის სექტემბერში ეროვნულმა ბანკმა სანქციების აღსრულებასთან დაკავშირებით რეგულაცია შეცვალა.

ამ ცვლილების მიხედვით, სანქციათა რეჟიმი საქართველოს მოქალაქეზე იმ შემთხვევაში გავრცელდება, თუ დაწესებულ სანქციებთან დაკავშირებით სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენია გამოტანილი. იმავე პრინციპით გავრცელდება სანქციათა რეჟიმი იმ იურიდიულ პირზე, რომლის წილსაც სანქცირებული საქართველოს მოქალაქე ფლობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი