ახალი ამბები

„ოცნების“ ოპონენტები: სებ-ი ლარის კურსის დასაჭერად ასეულობით მლნ დოლარს ყიდის ეროვნული რეზერვებიდან

18 ოქტომბერი, 2024 •
„ოცნების“ ოპონენტები: სებ-ი ლარის კურსის დასაჭერად ასეულობით მლნ დოლარს ყიდის ეროვნული რეზერვებიდან

„ქართული ოცნების“ პოლიტიკური ოპონენტების თქმით, ეროვნული ბანკი მმართველი პარტიის დავალების შემსრულებელია, რაც გულისხმობს არჩევნებამდე ლარის კურსის ნებისმიერ ფასად შენარჩუნებას.

ოპონენტები დაბეჯითებით ამტკიცებენ, რომ: ეროვნული ბანკი უცხოური ვალუტის რეზერვებს არა მარტო სავალუტო აუქციონზე, არამედ სხვა პლატფორმების გამოყენებითაც ასხვისებს.  მსგავსი ინტერვენციების მასშტაბი არის უპრეცედენტო და დიდი საფრთხის შემცველი საქართველოს საფინანსო სისტემისთვის — გამოიწვევს ლარის კურსის მკვეთრად გაუარესებასა და ფასების მკვეთრ ზრდას. თან იმ ფონზე, რომ გარედან დახმარების მიღების იმედიც ვეღარ გვექნება, „ოცნება“ თუ ხელისუფლებაში დარჩება.

შეგახსენებთ, რომ ბოლო ათ დღეში, მხოლოდ სავალუტო აუქციონზე, ეროვნულმა ბანკმა 113 მილიონზე მეტი აშშ დოლარი გაყიდა. 8 ოქტომბერს 60 მილიონი გამოიტანა გასაყიდად და საბოლოოდ 48.5 მილიონი გაასხვისა. 16 ოქტომბერს 64 900 000 მილიონი აშშ დოლარი გაყიდა და საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.7139 შეადგინა.

პარლამენტის ფრაქციის, „ევროოპტიმისტების“ წევრი რომან გოცირიძე ამბობს, რომ ინფორმაცია ალტერნატიულ პლატფორმებზე გატანილი რეზერვების შესახებ გვიან ხდება ცნობილი. მაგალითად, სექტემბერში ე.წ. ბიმატჩ პლატფორმის საშუალებით გაყიდული თანხების შესახებ ინფორმაცია 25 ოქტომბერს გახდება მხოლოდ ცნობილი. ოქტომბერში გაყიდული ვალუტის მოცულობა კი 25 ნოემბერს გვეცოდინება.

„ეროვნულმა ბანკმა დაკარგა დამოუკიდებლობა. ის გახდა მთავრობის ადმინისტრაციის დანაყოფი. იმართება პოლიტიკურად. ამის ნიშანია ისიც, რაც ახლა ხდება. ეროვნულ ბანკს მიღებული აქვს დავალება, რომ ლარი იყოს უძრავად. იყოს 2.71-ის ფარგლებში, რეზერვები სულ ბოლომდეც რომ ამოიწუროს. ეს არის იმდენად კატასტროფული მდგომარეობა, რომ პანდემიის დროსაც არ ყოფილა მსგავსი“, — ამბობს რომან გოცირიძე.

„ოცნების“ ოპონენტები ამბობენ, რომ სექტემბერ-ოქტომბერში უპრეცედენტო მასშტაბებს მიაღწია მსგავსმა ინტერვენციებმა. რომან გოცირიძის თქმით, ეს შეადგენს დაახლოებით 350 მილიონ დოლარს და ოქტომბრის ბოლომდე შეიძლება 400 მილიონსაც მიაღწიოს, რაც საერთო რეზერვების 10 პროცენტია.

გოცირიძე წერს, რომ მიუხედავად გასაიდუმლოებისა, უცხოური ვალუტით ვაჭრობის მოცულობის დადგენა მეტ-ნაკლები სიზუსტით მაინც შესაძლებელია.

„როცა რაღაცის დამალვას ცდილობს ხელისუფლება, ამას მხოლოდ ორი მიზეზი აქვს: ან ცუდ მუშაობას მალავს, ან კორუფციას. ქვეყნის უცხოური ვალუტის რეზერვები ოქტომბრის ბოლოსათვის კრიტიკულ დონემდე იქნება შემცირებული, დამხმარეები კი არავინ დარჩა ამ ხელისუფლებას — ყველამ ზურგი აქცია. გრანტები შეჩერებულია და სანქციები ჯერ კიდევ არ ამოქმედებულა. ხელისუფლების შეცვლის გარეშე ლარის კურსის მკვეთრი გაუფასურებისა და ფასების ზრდის თავიდან აცილება შეუძლებელი იქნება“, — წერს რომან გოცირიძე.

250 მილიონზე მეტი დოლარის გასხვისებაზე საუბრობს კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ წარმომადგენელი თაზო დათუნაშვილი.

„ნათია თურნავა ვერ იცავს ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობას, ის ასრულებს საქართველოს მთავრობის დირექტივებს. ეს დირექტივა არის ის, რომ ეროვნულმა ბანკმა ნებისმიერ ფასად მოახერხოს ლარის კურსის დასტაბილურება არჩევნებამდე. ლარის კურსის მთავარი სტრესი წინასაარჩევნოდ არის „ქართული ოცნების“ მიერ წინასაარჩევნოდ ძალიან დიდი რაოდენობით შავი ფულის, ზოგადად ლარის დახარჯვა, რაც პირდაპირ ურტყამს სავალუტო კურსს. ამ ეფექტის გადასაფარად ხდება ეს ყველაფერი და ნათია თურნავა ამისთვის აყენებს საქართველოს საფინანსო სისტემას უდიდესი რისკის ქვეშ. რეზერვების მცირე მოცულობა საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში ყველაზე მეტ დარტყმას მიაყენებს ლარის კურსს, რისი სიმყარეც სწორედ ეროვნულ ბანკში არსებულ რეზერვებზეა დამოკიდებული“, — ამბობს დათუნაშვილი.

გახმიანებულ ბრალდებებზე ეროვნული ბანკიდან კომენტარის მიღების შემთხვევაში სტატია განახლდება.

საერთაშორისო ფინანსურმა გამოცემამ, Global Finance-მა ევროპის რეგიონში ცენტრალური ბანკების მმართველებს შორის ნათია თურნავა ყველაზე დაბალი ქულით შეაფასა და ბოლო ადგილზე გაიყვანა. გამოცემა ეყრდნობა ინფლაციის კონტროლის, ეკონომიკური ზრდისა და მასთან დაკავშირებული მოკლე და საშუალოვადიანი მიზნების, სავალუტო სტაბილურობისა და მონეტარული პოლიტიკის ძირითად კრიტერიუმებს. გამოცემა წერს, რომ თურნავას სიახლოვე მმართველ პარტიასთან, გადაწყვეტილებები სანქციებთან, უცხოური ვალუტის რეზერვების ხარჯვასთან დაკავშირებით, მის მიმართ კითხვებს აჩენს.

მასალების გადაბეჭდვის წესი