ახალი ამბები

ამერიკული სანქციების შემდეგ დეპუტატმა “ალტ-ინფოს” “დასახურად” კომისიას მიმართა

17 სექტემბერი, 2024 •
ამერიკული სანქციების შემდეგ დეპუტატმა “ალტ-ინფოს” “დასახურად” კომისიას მიმართა

დეპუტატმა რომან გოცირიძემ კომუნიკაციების კომისიას მიმართა, რათა “ალტ-ინფოს” სიგნალის გადაცემა შეწყდეს.

“მაივიდეოსა” და ‘მაგთი ტივიზე” მიმდინარეობს ” ალტ-ინფოს” სიგნალის ტრანსლირება. ალბათ, დღესვე უნდა დაიხუროს ეს ტელევიზია. მე მივწერე წერილი კომუნიკაციების კომისიას, რადგან მათი დამფუძნებლები არიან სანქცირებული. ამერიკული სანქციები ამასაც ითვალისწინებს, რომ აფილირებულ პირებს შეეხოთ. ბევრი მიმართულებით მოუწევს მთავრობას და საბანკო სისტემას მუშაობა, რომ სანქციები დააკმაყოფილოს. დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში იქნება ფინანსური სისტემის კოლაფსი” ,- უთხრა რომან გოცირიძემ ნეტგაზეთს.

საჯარო რეესტრის თანახმად,  “ალტ-ინფოს” წილის 50% კონსტანტინე მორგოშიას მამიდას, ციალა მორგოშიას ეკუთვნის, 50% კი – ალექსანდრე ქარდავას.

16 სექტემბერს ამერიკის შეერთებული შტატების ხაზინის დეპარტამენტის საგარეო აქტივების კონტროლის ოფისმა (OFAC) ადამიანის ფუნდამენტური უფლებების ძირგამომთხრელი საქმიანობისთვის, მათ შორის გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევის გამო, საქართველოს ოთხი მოქალაქე დაასანქცირა.

დასანქცირებულები არიან შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი ზვიად ხარაზიშვილი (ხარება), მისი მოადგილე მილერი ლაგაზაური, პრორუსული ალტ-ინფოს დამფუძნებლები- ზურა მახარაძე და კონსტანტინე მორგოშია.

სანქცირება შემდეგ შეზღუდვებს გულისხმობს:

  • სანქცირებული პირების საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება და ქონებაში მათი წილები შეერთებულ შტატებში დაყადაღებულია.
  • დაყადაღებულია სუბიექტები, რომლებიც აშშ-ში ან მის იურისდიქციაში 50% ან მეტით, პირდაპირ თუ ირიბად, სანქცირებული ფიზიკური პირების საკუთრებაშია.
  • აკრძალულია ნებისმიერი ტრანზაქცია აშშ-ში, რომელიც სანქცირებული პირების საკუთრებას ან ინტერესებს ეხება. ამ წესიდან გამონაკლისი მხოლოდ აშშ-ის შესაბამისი უწყების მიერ გაცემული ნებართვით იქნება დაშვებული.

აშშ-მა ფინანსური სანქციები დაუწესა „ხარებას”, მახარაძეს და მორგოშიას

მასალების გადაბეჭდვის წესი