ახალი ამბები

ბაიდენის თქმით, პოლონეთში აფეთქება უკრაინის ჰსთ-მ გამოიწვია — როიტერსი

16 ნოემბერი, 2022 • 871
ბაიდენის თქმით, პოლონეთში აფეთქება უკრაინის ჰსთ-მ გამოიწვია — როიტერსი

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა G7-სა და ნატო-ს პარტნიორებს განუცხადა, რომ აღმოსავლეთ პოლონეთში სარაკეტო აფეთქება უკრაინის საჰაერო თავდაცვის რაკეტამ გამოიწვია, — წერს Reuters ნატო-ში წყაროზე დაყრდნობით.

წყაროზე დაყრდნობით  Assosiated Press-ის მიერ მანამდე გავრცელებული ინფორმაციით, სამმა ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა თქვა, რომ წინასწარი ვარაუდით, რაკეტა უკრაინულმა ძალებმა გაისროლეს შემომავალი რუსულ რაკეტის ჩამოსაგდებად.

15 ნოემბერს რუსეთმა მასობრივი სარაკეტო იერიში მიიტანა უკრაინაზე. უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, უკრაინის საჰაერო თავდაცვამ 77 მფრინავი რაკეტა, 10 ირანული „შაჰედ 136“ და ერთი „ორიონი“ ჩამოაგდო.

15 ნოემბრის ღამით პოლონეთში (რომელიც ნატოს წევრი ქვეყანაა), უკრაინის საზღვართან ახლოს მოხდა აფეთქება, რამაც ორი ადამიანი იმსხვერპლა. მომხდარიდან მალევე „ტელეგრამ“ არხებსა და მედიასაშუალებებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინაზე თავდასხმის დროს 2 რუსული რაკეტა პოლონეთში ჩამოვარდა და აფეთქებაც სწორედ ამას უკავშირდებოდა.

აფეთქების გამო პოლონეთში ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის კომიტეტის სხდომა ჩაინიშნა. სხდომის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ პოლონეთის მთავრობა ნატო-ს მე-4 მუხლის გააქტიურების საფუძველს განიხილავს. პარალელურად, ნატოში აცხადებენ, რომ ალიანსი იკვლევს გავრცელებულ ცნობებს და კოორდინაციაში არიან პოლონეთთან.

უკრაინა პოლონეთის ტერიტორიაზე რაკეტების გაშვებაში რუსეთს ადანაშაულებს, რუსეთი ბრალდებას უარყოფს და პროვოკაციას უწოდებს.

ბაიდენმა ოთხშაბათს ინდონეზიაში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ნაკლებად სავარაუდოა, რომ პოლონეთში რაკეტა რუსეთიდან ისროლეს.

ვარშავა აცხადებს, რომ რაკეტის ჩამოვარდნა „ცალკეული შემთხვევაა“ და გასროლის ადგილს გამოძიება დაადგენს.

ოქტომბრის ბოლოს მოლდოვის შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომ უკრაინის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის (ჰსთ) მიერ მოგერიებული რუსული რაკეტა მოლდოვაში, უკრაინის საზღვართან მდებარე ნასლავჩას დასახლებასთან ჩამოვარდა. შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია, თუმცა დაზიანდა შენობების ფანჯრები.

რაკეტის ჩამოვარდნა „ცალკეული შემთხვევაა“, ჯერ უცნობია გასროლის ადგილი – პოლონეთი

ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთიდან ისროლეს – ბაიდენი პოლონეთში აფეთქებაზე

უკრაინაზე თავდასხმის დროს 2 რაკეტა პოლონეთში ჩამოვარდა – მედია

მასალების გადაბეჭდვის წესი