ახალი ამბები

რაკეტის ჩამოვარდნა „ცალკეული შემთხვევაა“, ჯერ უცნობია გასროლის ადგილი – პოლონეთი

16 ნოემბერი, 2022 • 601
რაკეტის ჩამოვარდნა „ცალკეული შემთხვევაა“, ჯერ უცნობია გასროლის ადგილი – პოლონეთი

პოლონეთის პრემიერ-მინისტრის, მატეუშ მორავეცკის განცხადებით, მათ მიერ შეგროვებული მტკიცებულებები ადასტურებს, რომ პოლონეთში რაკეტის ჩამოვარდნა იყო „ცალკეული შემთხვევა“.

ქვეყნის პრეზიდენტის, ანჯეი დუდას განცხადებით კი, ყველაზე მეტად სავარაუდოა, რომ „რაკეტა რუსეთში იყო შექმნილი, თუმცა პოლონეთმა ამ დრომდე კვლავ არ იცის, თუ საიდან გაისროლეს“.

პოლონელი ლიდერების განცხადებებს CNN ავრცელებს.

პოლონეთში რაკეტის ჩამოვარდნის შემდეგ, ქვეყანამ სამხედრო მზადყოფნა მნიშნველოვნად გაზარდა.

ქვეყნის საჰაერო სივრცეში პატრულირება დაიწყეს გამანადგურებელმა თვითმფრინავებმა.

პოლონურმა მხარემ ასევე განაცხადა, რომ განიხილავს, მიმართოს ჩრდილო-ატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციას წესდების მეოთხე მუხლის ამოქმედების შესახებ, რაც გულისხმობს სამომავლო ნაბიჯებისთვის ორგანიზაციის წევრი სახელმწიფოების მიერ სასწრაფო კონსულტაციების დაწყებას.

ქვეყნის აღმოსავლეთში, უკრაინის საზღვართან ახლოს რაკეტა გუშინ, 15 ნოემბერს ჩამოვარდა, რამაც ორი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

რაკეტის გასროლაში უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთი დაადანაშაულა, თუმცა ამ უკანასკნელმა მომხდარში მისი მონაწილეობა გამორიცხა და ფაქტს „მიზანმიმართული პროვოკაცია“ უწოდა.

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, „ნაკლებად სავარაუდოა, რომ რაკეტა რუსეთიდან ისროლეს“.

მასალების გადაბეჭდვის წესი