ახალი ამბები

საქართველოში რუსეთის 100 000-მდე მოქალაქეა, მათ არ სურთ პუტინის რუსეთის ბედის გაზიარება – პრეზიდენტი

13 ნოემბერი, 2022 • 703
საქართველოში რუსეთის 100 000-მდე მოქალაქეა, მათ არ სურთ პუტინის რუსეთის ბედის გაზიარება – პრეზიდენტი

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ საქართველოში რუსეთიდან შემოსულთაგან ადგილზე 100 000-მდე რჩება.

„ფრანც ინტერთან“ (საზოგადოებრივი რადიოს ნაწილი) 12 ნოემბრის ინტერვიუში პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ სამხედრო მობილიზაციის შემდეგ, „რუსეთის 700 000-მა მოქალაქემ გადალახა საქართველოს საზღვარი, საიდანაც 600 000-მა სხვადასხვა მიმართულებით გადალახა საზღვარი, მათ შორის სომხეთის, თურქეთის და ევროპული ქვეყნების მიმართულებით. დაახლოებით 100 000 კი დარჩა“.

მისი თქმით, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ საქართველოში ასევე შემოვიდა 30 000-მდე უკრაინელი ლტოლვილი, რომელთა ნაწილიც კიევში ვითარების დასტაბილურების შემდეგ დაბრუნდა.

რადიო წერს, რომ „იმის მიუხედავად, რომ ქვეყნის 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ, პრეზიდენტის განცხადებით, „სერიოზული ინციდენტი არ დაფიქსირებულა“.

„შიგადაშიგ არის ხოლმე სიტყვიერი დაპირისპირებები, თუმცა, საერთო ჯამში, რუსეთის მოქალაქეები, რომლებიც საქართველოში ჩამოვიდნენ და რომლებიც ამჟამად აქ იმყოფებიან, არის მოსახლეობა, რომელსაც, ცხადად ჩანს, არ უნდა გაიზიაროს პუტინის რუსეთის ბედი, არ უნდა მობილიზაციაში მოჰყვეს“, – განაცხადა პრეზიდენტმა.


საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 26 ოქტომბრის ინფორმაციით, მიმდინარე წელს საქართველოში შემოვიდა და რჩება რუსეთის 112 733 მოქალაქე. ეს საქართველოს მოსახლეობის 3,05%-ია.

ნახეთ ასევე:

მასალების გადაბეჭდვის წესი