საზოგადოება

რას (არ) ეკითხებიან რუსეთის მოქალაქეებს საზღვარზე და რა რისკებს ქმნის ეს

3 ოქტომბერი, 2022 • 1102
რას (არ) ეკითხებიან რუსეთის მოქალაქეებს საზღვარზე და რა რისკებს ქმნის ეს

მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ რუსეთის ფედერაციიდან საქართველოს საზღვარს ათიათასობით მოქალაქე კვეთს.

რუსეთის არაერთი მოქალაქე, რომელმაც უკვე გადმოკვეთა საქართველოს საზღვარი, ნეტგაზეთს უყვება, რომ საზღვარზე მისთვის არაფერი უკითხავთ – არც დარჩენის შესახებ გეგმებზე, არც იმაზე, აქვთ თუ არა ფინანსური რესურსი, რომ ქვეყანაში ცხოვრება შეძლონ.

სპეციალისტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ მიგრაციული ნაკადის ასეთი ზრდა – განსაკუთრებით, იმის ფონზე, თუ  მონიტორინგი არასათანადოდ ხდება – ქვეყანას ეკონომიკური რისკების წინაშე დააყენებს. მათ შორის გაჩნდება რისკი, რომ მიგრანტების ნაწილს რაღაც ეტაპზე რესურსი ამოეწურება და მათი უზრუნველყოფა საქართველოს ბიუჯეტს მოუწევს.

მიუხედავად ნეტგაზეთის არაერთი მცდელობისა, შინაგან საქმეთა სამინისტროს ჯერ არ უპასუხია კითხვებისთვის – არსებობს თუ არა კონკრეტული პროტოკოლი ან კითხვათა ნუსხა, რომელსაც რუსეთის მოქალაქეებს უსვამენ.

„არაფერი უკითხავთ, უბრალოდ ბარგი შეამოწმეს“

ნეტგაზეთი პირადად ესაუბრა რუსეთის ათეულობით მოქალაქეს, რომლებმაც მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ საქართველოს საზღვარი გადაკვეთეს. უმეტესობა საჯაროდ საუბარს ერიდება, თუმცა პირად საუბრებში ადასტურებს, რომ საქართველოს მესაზღვრეებს მათთვის თითქმის არაფერი უკითხავთ. მათ შორის არც იმის შესახებ, რამდენი ხნით რჩებოდნენ ქვეყანაში, ჰქონდათ თუ არა დასარჩენი, ფინანსური რესურსი ან სამუშაო ადგილი.

იმის შესახებ, რომ საქართველოს საზღვარზე დამატებითი კითხვები არავის დაუსვამს, ღიად საუბრობენ ტელეგრამის ღია ჯგუფებშიც. ერთ-ერთ ასეთ გამორჩეულ არხს – „ზემო ლარსი“ ჰქვია. ამ ტელეგრამ არხზე დღეში  ათასობით კომენტარი იწერება. მათ შორის ძალიან ბევრია ისეთი შეტყობინებაც, სადაც მოქალაქეები აცხადებენ, რომ საქართველოს საზღვარზე, ფაქტობრივად, არაფერი ჰკითხეს.

სქრინები ტელეგრამ არხიდან.

„არაფერი მკითხეს, ყველაფერმა სწრაფად ჩაიარა, მგონი, ყველას ყველაფერი ესმის“, – წერს ერთი.
„რუსეთის სასაზღვრო პუნქტზე ნივთებიც კი არ შემიმოწმეს, მხოლოდ პასპორტი. საქართველოში მხოლოდ „რენტგენში“ გაატარებ ჩანთას და მორჩა“ ,- აცხადებს მეორე.

სქრინი ტელეგრამის არხიდან.

„არც რუსეთის და არც საქართველოს საზღვარზე უკითხავთ, რამდენი ფული მოგვაქვს და, შესაბამისად, არც გადათვლა მოგვთხოვეს“, – ამბობს მესამე.

ორი დღის წინ საქართველოში ჩამოვიდა საშაც [სახელი შეცვლილია რესპონდენტის თხოვნის შესაბამისად]. საშა მუსიკოსია, საქართველოში დიდად არც ნაცნობები ჰყავს, არც მეგობრები და არც სამსახური. ამბობს, რომ ამ ეტაპისთვის, სულ მცირე, ერთი თვით დარჩება, შემდეგ კი რუსეთში არსებული სიტუაციის შესაბამისად გადაწყვეტს – დარჩეს თუ წავიდეს.

საშა გვიყვება, რომ მას და მის ნაკადში მყოფ მოქალაქეებს არაფერი ჰკითხეს, თუმცა იცის, რომ მესაზღვრეებმა სხვებს  უფრო დეტალურად გამოჰკითხეს დარჩენის მიზეზისა და სხვა დეტალების შესახებ.

„ჩემს შემთხვევაში მოხდა ისე, რომ ძალიან ბევრი ხალხი იყო და, როგორც მივხვდი, მესაზღვრეები ვეღარ უმკლავდებოდნენ ნაკადს. რიგი [თითთო მესაზღვრესთან] იწყება 5-5 ადამიანისგან, ხოლო უშვებენ [საზღვრის მიღმა] დაახლოებით 50-ს. რაღაც მომენტში იმდენი ვიყავით, რომ 50-ის ნაცვლად, 100-100 ადამიანის შემოშვება დაიწყეს. შესაბამისად, მესაზღვრეები უბრალოდ გვიყურებდნენ ყურადღებით და გვიშვებდნენ“, – ამბობს საშა და ამატებს, რომ მისთვის არც ჩანთები შეუმოწმებიათ.

უკონტროლო ნაკადის ეკონომიკური რისკები – ექსპერტის მოსაზრება

რუსეთის მოქალაქეებს საქართველოში შემოსვლა და დარჩენა უვიზოდ შეუძლიათ, თუმცა უვიზო რეჟიმი არ ნიშნავს, რომ ქვეყანა არ ამოწმებს ტურისტს, აქვს თუ არა დასარჩენი ადგილი და საკმარისი ფინანსები იმისათვის, რომ საკუთარი საჭიროებების უზრუნველყოფა შეძლოს. ამის მაგალითია საქართველოს უვიზო რეჟიმი ევროპის ქვეყნებთან, სადაც ქართველებს ევროპაში მოგზაურობისას მაინც სჭირდებათ საცხოვრებლის ჯავშნები, ფინანსების დადასტურება, სამედიცინო დაზღვევა და სხვა.

დავით კეშელავა – ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის (ISET) კვლევითი ინსტიტუტის უფროსი მკვლევარი, ამბობს, რომ მოქალაქეთა ამ ნაკადის მონიტორინგის  გარეშე მიღება რამდენიმე თვალსაზრისითაა რისკის შემცველი.

„ერთი მიმართულება უკავშირდება იმას, თუ რა ფინანსური შესაძლებლობები აქვთ მათ. მაგალითად, თუ რუსეთიდან შემოსული მოქალაქე უბრალოდ ომს გამოქცეულია, რომელსაც შეიძლება არ ჰქონდეს სათანადო ფინანსური რესურსები – ეს შეიძლება უფრო მეტად დააწვეს ქართულ ეკონომიკას, ვიდრე სარგებელი მოუტანოს.

რუსებისა და ბელარუსების შემოსვლის პირველი ნაკადისას [მიგრაცია თებერვალსა და მარტში] ცოტა განსხვავებული სიტუაცია იყო – გამოკითხვაც ჩატარდა [იგულისხმება გერმანიის ეკონომიკური ჯგუფის მიერ ჩატარებული გამოკითხვა] პირველ ნაკადთან დაკავშირებით, თუ რა ფინანსური შესაძლებლობები ჰქონდათ, რა მიზნები და ა.შ. და აშკარად ჩანდა, რომ ბევრად უფრო მაღალი იყო საშუალო შემოსავალი ამ ადამიანების, ვიდრე საქართველოს მოქალაქეების. პირველ ეტაპზე ამას, საბოლოო ჯამში, დადებითი გავლენა ჰქონდა ქართულ ეკონომიკაზე, წარმოქმნილი დამატებითი მოთხოვნის გამო და პლუს ამას, ამ ადამიანებს ჰქონდათ იმის შესაძლებლობა, რომ შეეძინათ უძრავი ქონება, დაეწყოთ ბიზნესი ან ჩართული ყოფილიყვნენ ეკონომიკურ აქტივობაში.

მაგრამ თუ ახლა დავუშვებთ იმას, რომ აქ შემოსული ადამიანების დიდი ნაწილი ფინანსურად ნაკლებად შეძლებულია, ამას ეკონომიკაზე დიდი პოზიტიური გავლენა ვერ ექნება. ეს ადამიანები, ცხადია, მოიხმარენ ინფრასტრუქტურას, შესაბამისად, ზეწოლა ინფრასტრუქტურაზე ამ დროს მნიშვნელოვნად იზრდება და რამდენად დააკომპენსირებს გაზრდილი ეკონომიკური მოთხოვნა აქ ინფრასტრუქტურასა და სერვისებზე გაჩენილ დამატებით საჭიროებას – ეს ცოტა საეჭვო იქნება. მაგრამ, ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დავუშვებთ, რომ ამ ადამიანთა დიდი ნაწილი დაბალი ფინანსური შესაძლებლობის არის.

ამ დროისთვის არ ვიცით ეს ყველაფერი, იმიტომ, რომ მათი გამოკითხვა სათანადო დონეზე არ მომხდარა და არც ის ვიცით, როგორი საშუალო შემოსავლები აქვთ. ალბათ, დიდმა ნაწილმა თვითონაც არ იცის, როგორი მიზნები აქვს, მათ შორის, დროებით აპირებენ აქ გაჩერებას თუ დიდი ხნით ფიქრობენ დარჩენას“, – განმარტავს მკვლევარი.

კეშელავას მოსაზრებით, იმ შემთხვევაში, თუ დავუშვებთ, რომ ახალ მიგრაციულ ნაკადსაც კარგი ფინანსური შესაძლებლობები აქვს – პრობლემები მაინც წარმოიქმნება. საუბარია ქირასა და უძრავ ქონებაზე ფასების მატებაზე, რამაც რუსეთის მოქალაქეთა პირველი ნაკადის მიგრაციისას იჩინა თავი.

„აქ ორი კატეგორიის ხალხი იყო ზოგადად: პირველი კატეგორია იყვნენ ადამიანები, ვისაც ჰქონდა გრძელვადიანი გათვლები ქვეყანასთან დაკავშირებით, აქ დარჩენას დიდხანს აპირებდნენ, ვინც შეიძინა უძრავი ქონება და გაზრდილი მოთხოვნის ფონზე უძრავი ქონების ფასი ასიმეტრიულად გაიზარდა. გაცილებით მაღალი იყო ინფლაცია უძრავი ქონების სექტორში, ვიდრე, ზოგადად, ქვეყანაში და ეს ცუდია იმიტომ, რომ საქართველოს მოქალაქეებს ექმნებათ ბინის შეძენის პრობლემა. მათი ხელფასები უძრავი ქონების ფასების ტემპით ვერ გაიზარდება – ანუ ხელმისაწვდომობა შემცირდება უძრავ ქონებაზე.

მეორე კატეგორია ადამიანებისა და ახლა შემოსული მიგრანტების დიდი ნაწილი, ალბათ, ამ კატეგორიაში გავა დიდი ალბათობით – ეს არის ის ხალხი, ვისაც უფრო მოკლევადიანი გათვლები აქვს, დროებით აპირებს ქვეყანაში გაჩერებას. ასეთი ტიპის ხალხი არ ყიდულობს უძრავ ქონებას, ისინი ბინებს ქირაობენ“, – განმარტავს კეშელავა.

„რა თქმა უნდა, რისკი იმისა, რომ ამ მოქალაქეებს სოციალური უზრუნველყოფა დასჭირდებათ, საბოლოო ჯამში, მაინც არსებობს. თუმცა ჩვენ ამ ეტაპზე არ გვაქვს მექანიზმები, რომლებიც ასეთ შემთხვევაში სახელმწიფოს ჩარევაზე ცოტა უკეთეს წარმოდგენას მოგვცემდა. ჩვენ რა სოციალური პაკეტებიც გვაქვს, ვრცელდება მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებზე.

რაც შეეხება ლტოლვილებს, უკრაინელების შემოსვლამდე, ამ მიმართულებითაც არ არსებობდა საერთო წესი, რომელსაც მივყვებოდით. მთავრობამ განსაკუთრებული პაკეტი მაშინ შექმნა, როდესაც ლტოლვილები ამ პრობლემების წინაშე დადგნენ. ამიტომ, როგორი იქნება მთავრობის როლი და ჩართულობა, თუ ამ ადამიანების დიდ ნაწილს სერიოზული პრობლემები შეექმნება, მართალი გითხრათ, ამ ეტაპზე არ ვიცი. მაგრამ თუ მთავრობა გარკვეულ სოციალურ პასუხისმგებლობებს აიღებს მათ მიმართ, ეს, რა თქმა უნდა, ტვირთად დააწვება სახელმწიფო ბიუჯეტს“.

მკვლევარი ამბობს, რომ კრიტიკულად მნიშვნელოვანია, შემოსული ნაკადი სათანადოდ შეისწავლონ. ეს აუცილებელია არა მხოლოდ უსაფრთხოების თვალსაზრისით, არამედ იმისთვისაც, რომ ხელისუფლებამ შემდგომში სათანადო პოლიტიკა დაგეგმოს, როგორც ცენტრალურ, ასევე მუნიციპალურ დონეზე.

„ეს ნაკადები თუ ასე შენარჩუნდა, დატვირთვა ადგილობრივ ინფრასტრუქტურაზე დიდი იქნება და ძალიან ბევრი პრობლემა შეიძლება წარმოიქმნას მუნიციპალურ დონეზე, განსაკუთრებით თბილისში, სადაც ადამიანთა დიდი ნაწილი იყრის თავს. მნიშვნელოვანია, რომ წინასწარ მომზადებული შევხვდეთ ამ ყველაფერს“, – ამბობს ის.

„დედას გეფიცებით, ეგრეა“ – ღუდუშაური საზღვრის კონტროლზე

„ქართულმა ოცნებამ“ უკრაინაში ომის დაწყებისა და ქვეყანაში რუსეთის მოქალაქეების მასობრივი შემოსვლის შემდეგ არაერთხელ განაცხადა, რომ საზღვარს სათანადოდ აკონტროლებენ.

ერთ-ერთი მათგანი დეპუტატი ალუდა ღუდუშაურია. ჟურნალისტებთან საუბარში მან განაცხადა, რომ ცივილიზებული სამყარო ჯერ ჩამოყალიბებული არ არის, ასეთ შემთხვევებში რა უნდა ქნას.

„არ მგონია, რომ ვინმეს ზოგადად ჩაკეტილი ჰქონდეს საზღვარი და, ასე ვთქვათ, პირველი მერცხლები როგორ ან რატომ უნდა ვიყოთ, ესეც გაუგებარი არის. როდესაც სახელმწიფო უწყების წარმომადგენლები, მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირები აცხადებენ, რომ დიახ, ყველაფერი კონტროლდება… თუმცა, რა თქმა უნდა, სტატისტიკა არის გაზრდილი და ეს არის ცალსახა. ასეთ შემთხვევაში, ყოვლად დაუშვებელი არის იმაზე მეტი აჟიოტაჟის ატეხა, ვიდრე, ზოგადად, ობიექტური სურათი არის“, – თქვა მან.

დამატებით კითხვას, დარწმუნებულია თუ არა, რომ ნაკადი კონტროლდება, ღუდუშაურმა უპასუხა:

„დედას გეფიცებით, რომ ეგრეა,“.

ნეტგაზეთმა დამატებითი დეტალებისთვის კითხვით შინაგან საქმეთა სამინისტროსაც მიმართა. ჩვენ ვკითხეთ უწყებას, თუ არსებობდა სპეციალური პროტოკოლი მესაზღვრეებისთვის რუსეთის მოქალაქეების მიმართ, გამომდინარე იქიდან, რომ ახლა საქმე გვაქვს არა ტურისტების რაოდენობის ზრდასთან, არამედ  მობილიზაციას გამოქცეული ადამიანების ნაკადების ზრდასთან, უწყებისგან პასუხი ჯერ არ მიგვიღია.


მას შემდეგ, რაც რუსეთში „ნაწილობრივი მობილიზაცია“ გამოცხადდა, მოქალაქეების დიდი ნაწილი – მრავალათასიანი ნაკადი საქართველოსკენ წამოვიდა.

ნეტგაზეთი ამ თემაზე გირჩევთ:

მასალების გადაბეჭდვის წესი