ახალი ამბებირეკლამა

თსუ-ს სტუდენტური ლიტერატურული კონკურსის „შემოდგომის ლეგენდა 2022-ის“ ფინალური ტური გაიმართა

8 ნოემბერი, 2022 • 531
თსუ-ს სტუდენტური ლიტერატურული კონკურსის „შემოდგომის ლეგენდა 2022-ის“ ფინალური ტური გაიმართა

„მეზობელი“- ჟიურის მიერ შერჩეულ ამ თემაზე 12 საათში დაწერეს ნაშრომები თსუ ლიტერატურული კონკურსის „შემოდგომის ლეგენდის“ ფინალურ, იმპროვიზაციულ ტურში კონკურსანტებმა. ფინალურ ტურში ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებული   პირველი ტურის შედეგად გამოვლენილმა ცხრა  ფინალისტმა და ლეგენდის ქვეპროექტის – შემოქმედებითი მასტერკლასის „წერის არქიტექტურის“ კონკურსის ერთმა გამარჯვებულმა მიიღეს მონაწილეობა. 

წარმატება უსურვა კონკურსანტებს თსუ რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ჯაბა სამუშიამ და აღნიშნა, რომ თავის დროზე, ბევრ, შემდგომში უკვე ცნობილ ახალგაზრდა მწერალს მიუღია მონაწილეობა ამ კონკურსში. „პროექტი მნიშვნელოვანია იმით, რომ ახალგაზრდა თაობისათვის ეს არის ერთგვარი გზა, ხიდი, დიდ მწერლობაში. ბუნებრივია, ასეთი პროექტების არსებობა ქართული მწერლობის, ქართული სიტყვიერების განვითარებისათვის მნიშვნელოვანია. თემაც ძალიან საინტერესო შესთავაზა ჟიურიმ კონკურსანტებს, რომლის გარშემოც მათ შექმნეს თავიანთი ნაწარმოებები,“- განაცხადა ჯაბა სამუშიამ. 

წელს სიახლეა ლიტერატურული ჟიურის შემადგენლობაში: მწერალთა ტრადიციულ სამეულს – დათო ტურაშვილს, თეონა დოლენჯაშვილს და მაკა ლდოკონენს ორი ახალი წევრი – მწერლები არჩილ ქიქოძე და რუსუდან რუხაძე დაემატნენ. ჟიურის შემადგენლობაშია ასევე შარშანდელი კონკურსის გამარჯვებული მარიამ ქავთარაძე. 

,,წლევანდელი კონკურსის  თემა ,,მეზობელი“, ცხადია, არ იქნება ჩვენი მომავალი მოთხრობების სათაური, ეს იქნება უბრალოდ თემა. ასე, რომ სტუდენტებს შეუძლიათ მეზობლად მოგვივლინონ როგორც კონკრეტული პერსონაჟი, ასევე, ქვეყანა, სულაც აიჭრან კოსმოსში და პლანეტა აქციონ მეზობლად. რაც მთავარია, ძალიან მოეწონათ სტუდენტებს ეს თემა. რაც შეეხება ჩვენს კონკურსს – იმ ადამიანების ძალისხმევით, რომლებსაც ლიტერატურა ძალიან უყვართ, ეს კონკურსი კვლავ გრძელდება და ჩვენი ოჯახი, ლეგენდელების ოჯახი ფართოვდება, გვემატებიან როგორც ახალი სტუდენტები, ასევე ჟიურის წევრები,“– აღნიშნა მწერალმა მაკა ლდოკონენმა.

თსუ სტუდენტური ლიტერატურული კონკურსი მე-14 წელია ტარდება. წელს მას კახეთში  შუხმანის მამულმა უმასპინძლა. კონკურსის შედეგად, ნოემბრის ბოლოსთვის,  გამოვლინდება სამი გამარჯვებული, რომელთაც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფულადი პრემია 1000, 700 და 500 ლარი და კონკურსის ჯილდო გადაეცემათ. წელს, წინაშესარჩევ ტურში 300-მდე სტუდენტი მონაწილეობდა, რომელთაგან 10 ფინალისტი შეირჩა. 

„დიდი ხანია ,,შემოდგომის ლეგენდაში“ მინდა მონაწილეობის მიღება და პირველად გავბედე. ძალიან მიხარია, რომ აქ მოხვდი. ვფიქრობ, რომ ეს პროექტი ბევრ შესაძლებლობას აძლევს დამწყებ ავტორებს და ძალიან მნიშვნელოვანია, მითუმეტეს სტუდენტებისთვის. თემა, რაც ჩვენ მოგვცეს, არის ,,მეზობელი.“ ვფიქრობ, რომ საკმაოდ საინტერესო თემაა, ისეთი, რომ ფრთების გაშლის საშუალებას გვაძლევს, ბევრ ისტორიას შეიძლება მოვარგოთ და საინტერესოა. უკვე დავიწყეთ მზადება და იდეებს ვუზიარებთ ერთმანეთს მონაწილეები,“- განაცხადა  ,,შემოდგომის ლეგენდის“ ფინალისტმა, თსუ  ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტმა მარიამ კაპანაძემ. 

 განსაკუთრებულია ის პრიზები, რომელიც გამარჯვებულების გამოვლენამდე ყველა ფინალისტმა მიიღო. სტუდენტებს და ჟიურის წევრებს გადაეცათ უნიკალური პროექტის „ვივაინ – ონლაინ მევენახეობის“ ფარგლებში იშვიათი ჯიშის ვაზის ციფრული ნერგების სერტიფიკატი. პროექტი გულისხმობს საქართველოს ტერიტორიაზე გადაშენების პირას მყოფი ვაზის ჯიშების აღდგენას. „შემოდგომის ლეგენდის“ მონაწილეთა სახელზე იშვიათი ჯიშის ვაზი დაირგვება, რაც თითოეული მათგანის ციფრულ მევენახეობაში ჩართვას უზრუნველყოფს. 

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტი განკუთვნილია მათთვის,  ვინც ქმნის პროზაულ ნაშრომებს, სურს მიიღოს ლიტერატურული გამოცდილება, გაიცნოს სფეროს წარმომადგენლები და გააცნოს თავისი ნაშრომი საქართველოს. კონკურსში მონაწილეობა საქართველოს ყველა უმაღლესი სასწავლებლის, სამივე საგანმანათლებლო საფეხურის (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა) სტუდენტებს შეუძლიათ. წელსაც კონკურსანტები არიან სხვადასხვა უნივერსიტეტიდან და მათ საშუალება აქვთ გაუზიარონ ერთმანეთს თავისი ნაწარმოებები. 

„შემოდგომის ლეგენდა 2022“-ის გამარჯვებულები ნოემბერში დასახელდებიან. იმპროვიზაციულ ტურში შექმნილი ნაშრომები ტრადიციულ, ყოველწლიურ ბროშურაში დაიბეჭდება, რომელიც კონკურსის დაჯილდოებაზე მოსულ ყველა სტუმარს საჩუქრად გადაეცემა.

მასალების გადაბეჭდვის წესი