ახალი ამბები

ის, რაც თამარას, მფრინავ გოჭს და კალიას აერთიანებს

14 მაისი, 2010 • • 2545
ის, რაც თამარას, მფრინავ გოჭს და კალიას აერთიანებს

არა აქვს მნიშვნელობა, რამდენი წლის ხარ, თუ შენში ჯერ კიდევ ცხოვრობს ბავშვი, ეს სამყარო შენთვის ნაცნობი და ახლობელია. მისი წიგნები არ გეუბნებიან, როგორ იცხოვრო, არ მიგითითებენ, რა არის სწორი და რა – არა. ისინი, უბრალოდ, გიამბობენ საინტერესო, სასაცილო და სახალისო ამბებს. ისტორიებს, რომლებიც ადამიანებს გადახდათ, თავგადასავლებს, რომლებიც ხოჭოებს, მიკრობებს, კალიებს შეემთხვათ. ეს ილუზიური და თან რეალური სამყაროა, სამყარო, რომელიც ნახატებით და სიტყვებით მოდის შენამდე.

სანდრო ასათიანი 37 წლის არის. მისთვის ჯერ ფუნჯი და მოლბერტი იყო, შემდეგ კი– სიტყვები, რომლებიც ფურცლებზე დახატულმა უცნაურმა კაცუნებმა თავისთავად  შეკრეს სხვადასხვა, ფერად ამბებად.

„ერთმა მხატვარმა მითხრა,რომ ჩემი ნახატები ისტორიებს ყვებიან“, – მას შემდეგ ეს ისტორიები დაიწერა.

telescope
telescope

რამდენიმე წელია, რაც სანდროს წიგნები მეგობრების წრეს გასცდა. თუმცა, ისტორია ასე დაიწყო: იტალიაში, სამხატვრო აკადემიაში სწავლისას, მისი წიგნებით ერთი იტალიური გამომცემლობა „ლიბრილიბერი“ დაინტერესდა.

„დამტვრეული იტალიურით ვუამბე, რა ხდებოდა ჩემს წიგნებში, ისინიც დაინტერესდნენ და გადაწყვიტეს, ჩემი წიგნები დაებეჭდათ“.

პირველი წიგნები, სწორედ, იტალიურ ენაზე გამოიცა. მოგვიანებით კი ქართულად, რუსულად, ინგლისურად და ახლა უკვე ფრანგულად.

დღეს ალექსანდრე დიუმას ფრანგული კულტურის ცენტრში ცენტრში სანდრო ასათიანი ხუთი ისტორიის (წიგნის) პრეზენტაციას მართავს. ფრანგულ ენაზე თარგმნილი წიგნები სიყვარულზეა.

„თამარას წიგნი“ –ასე ჰქვია ერთ–ერთ ისტორიას, რომელიც გოგონაზე გვიამბობს, საკუთარ სურვილებს ყუთში რომ აგროვებს. როგორ უგროვდება მას უამრავი სურვილი და რა ხდება შემდეგ, ახლა, უკვე ფრანგულად შეგიძლიათ წაიკითხოთ.

tamara
tamara

სანდრო ხშირად არის თავისი წიგნების თარგმანის მონაწილე. რუსულად თავად წერს, ხოლო სხვა ენებზე თარგმნისას, მთარგმნელთან ერთად მუშაობს.

„მაგალითად, იტალიურად როცა ვთარგმნეთ წიგნები, ზოგი სიტყვა ძალიან სასაცილო გამოვიდა, მაგრამ გამომცემლობაში რედაქტორმა აღარ ჩაასწორა,  მოუხდა ეს უცნაური სიტყვები, თურმე“.

სანდრო ფიქრობს, რომ თანამედროვე სამყაროში თითქმის ყველაფერს ადამიანი თვალით აღიქვამს. შესაბამისად, ვიზუალი ყველაზე მნიშვნელოვანია, მათ შორის, წიგნებისთვის. ხშირად, ილუსტრირებულ წიგნებში  ერთ გვერდზე მხოლოდ ერთ წინადადებას ნახავთ, ან რამდენიმეს.

ილუსტრაციებიც სანდროს ეკუთვნის და ხშირად საკუთარი წიგნების გამომცემელი თავად არის.“სანდროს წიგნები“– ასე ჰქვია მის პატარა გამომცემლობას. 

ათეულობით პატარა წიგნი ხშირად, ხელით კეთდება. წესები კი მარტივია და განსაკუთრებულს არაფერს მოითხოვს. პრინტერის დახმარებით ბეჭდავს ტექსტებს, შემდეგ საკუთარი ხელით ჭრის მისთვის  სასურველ ზომაზე, ბოლოს კი, კინძავს. ხელნაკეთი წიგნები ძალიან ორიგინალური, ფერადი და საინტერესოა.

სანდრო ცოტა ხნის წინათ, 6 ქართველ საბავშვო მწერალთან ერთად, შვედეთში იყო, მანამდე კი, შვედი მწერლები ქართველებთან ერთად მუშაობდნენ საბავშო ლიტერატურაზე. ამბავი, რომელიც სანდრომ და მისმა ორმა მეგობარმა (მათ შორის ერთი შვედია და ერთი ქართველი) შექმნეს, მედუზებზეა. თუმცა, იმისთვის, რომ ორ ქვეყანას შორის არსებული კულტურული განსხვავება წარმატებით დაეძლიათ, შვედებს სიუჟეტურ დათმობებზე  მოუხდათ წასვლა.

ერთი სერია სანდროს წიგნების მუყაოს კოლოფებშია ჩაწყობილი, კოლოფის შიგნით კი წიგნის ისტორიის  ატრიბუტებია. მაგალითად, ქვა, ტილო, ჯოხი. რა საჭიროა ეს  ყველაფერი, მხოლოდ იმ შემთხვევაში გაიგებთ, თუ წიგნს წაიკითხავთ.

ორიგინალური ფორმის ძიება– ეს ის არის, რაშიც სანდროს პროფესია ეხმარება. გარდა იმისა, რომ ხატავს, წერს, წიგნებს ბეჭდავს  და უნივერსიტეტში ლექციებს კითხულობს, სანდრო ასათიანი გრაფიკული დიზაინერია. დროის უდიდეს ნაწილს კომპიუტერთან ატარებს და ფიქრობს, რომ თანამედროვე სამყაროში კომპიუტერის ენის სწავლა ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც შორეულ წარსულში დამწერლობის სწავლა იყო.

„მაგალითად, უფროსი თაობა, რომელიც სულ ამბობს, რომ ახალგაზრდები გაუნათლებლები არიან, კომპიუტერში თუ რამე სჭირდებათ, მოდიან და „გაუნათლებლებს“ ეკითხებიან“.

კომპიუტერი და თანამედროვე ტექნოლოგიები, მისი თქმით, ადამიანს უამრავ ახალ შესაძლებლობებს აძლევს.

სანდრო ფიქრობს, რომ საქართველოში წიგნებთან დაკავშირებით ძალიან ბევრი პრობლემაა. ამიტომ ქართულ გამომცემლობებთან ურთიერთობას ურჩევნია, თავად დაბეჭდოს წიგნები.

„იმდენ დროს ვუთმობ ჩემს წიგნებს, რომ მენანება სხვას მივცე დასაბეჭდად“.

სანდრომ გადაწყვიტა, სხვებსაც გააცნოს საიტი–გამომცემლობა, რომელიც ავტორს საშუალებას აძლევს წიგნები თვითონ დაბეჭდოს და გაყიდოს.

„ეს საიტი ამერიკაში ყოფნისას აღმოვაჩინე. გავუგზავნე ჩემი წიგნი და მათ დაბეჭდილი გამომიგზავნეს“.

პრინციპი ასეთია: ავტორი დაკაბადონებულ ტექსტს უგზავნის საიტ–გამომცემლობას, შემდეგ კი საიტის სტუმრებს წიგნის გამოწერა შეუძლიათ.

სანდრომ მისივე წიგნი ამ საიტზე 26 დოლარად შეიძინა. თუმცა, შორს რომ არ წახვიდეთ, ამბებს მფრინავ, ქათქათა გოჭებზე, მითიურ პეგასებზე, ლუიჯის ღვინოსა და უცნაურ ნივთებზე , ხუთ ენაზე თარგმნილს, ქართული წიგნის მაღაზიებში შეხვდებით, დაათვალიერებთ სანდროს ინტერნეტ–გვერდზე , ან, უბრალოდ, დაუმეგობრდებით და თავად გაჩუქებთ.

მასალების გადაბეჭდვის წესი