ახალი ამბები

„სილის გაწვნა საზოგადოებისა და ევროპული პერსპექტივისთვის“ – ოპოზიცია მურუსიძე-გვირიტიშვილის არჩევაზე

24 ოქტომბერი, 2022 • 872
„სილის გაწვნა საზოგადოებისა და ევროპული პერსპექტივისთვის“ – ოპოზიცია მურუსიძე-გვირიტიშვილის არჩევაზე

ოპოზიცია ეხმიანება იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოსამართლეების, ლევან მურუსიძისა და დიმიტრი გვრიტიშვილის, კვლავ არჩევას და აცხადებს, რომ ეს არის ქართული დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრა და ევროინტეგრაციის პროცესზე ღიად თავდასხმა.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადებით, მურუსიძისა და გვრიტიშვილის არჩევით მოსამართლეთა კონფერენციამ საერთაშორისო რეკომენდაციები არაფრად ჩააგდო.

მისი თქმით, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ლევან მურუსიძის არჩევით სასამართლო სისტემამ და „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ ღიად განაცხადა უარი ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულებასა და სისტემის რეფორმირებაზე.

„ხელისუფლებას და თავად ამ მანკიერ სისტემას შეეძლოთ წამოეყენებინათ ვინმე ნაკლებად ცნობილი მურუსიძის კანდიდატურა და ის აერჩიათ, მაგრამ მათ ღიად, უტიფრად და თავხედურად სწორედ მურუსიძე აირჩიეს. მათ გამოიწვიეს საზოგადოება, დასავლეთი.

ლევან მურუსიძე და გვრიტიშვილი აქამდეც იყვნენ სასამართლო სისტემაში გავლენიან პოზიციებზე, მაგრამ ეს არჩევა ნიშნავს იმას, რომ ახლა უკვე ისინი მოსამართლეებად უფრო მარტივად დანიშნავენ თავისნაირებს – მურისიძის იუსტიციის საბჭოში არჩევა ნიშნავს ასობით მურუსიძეს სასამართლო სისტემაში!

სასამართლო საბოლოდ ჩამოყალიბდა როგორც ყოველგვარ ავტორიტეტს მოკლებული, კორუფციულ-კლანური ინსტიტუცია, რომელიც მოსწონს მხოლოდ რუს ოლიგარქს და არავის სხვას“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

მელიასთ თქმით, მაშინ, როცა მთელი დასავლეთი საუბრობს საქართველოს სასამართლოში არსებულ მძიმე ვითარებაზე, „რუსული ოცნება“ აცხადებს, რომ სასამართლო დამოუკიდებელია და რეფორმირებას არ საჭიროებს.

„გუშინ მომხდარი ფაქტი ცხადყოფს, რომ ეს ხელისუფლება პრინციპულად არ აპირებს ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულებას. მეტიც, მათი ქმედებებიდან ცალსახად იკვეთება, რომ ისინი ყველაფერს აკეთებენ სწორედ იმისთვის, რომ ახდეს რუსული ოცნება და საქართველო არ გახდეს ევროპული ოჯახის წევრი“, – აცხადებს მელია.

ენმ-ის თავმჯდომარე დასალვლელ პარტნიორებს მოუწოდებს, რომ დროული რეაგირება მოახდინონ და ამ ფაქტებს შესაბამისი შეფასება მისცენ.

მისი თქმით, ნათელია, რომ რეკომენდაციების შესრულების თეორიული შანსიც კი დაკარგულია და  გასაგები მიზეზების გამო მნიშვნელოვანია პარტნიორების მხრიდან სიცხადის შეტენა, რათა საზოგადოებამ მათგანაც იცოდეს, რომ „ამ მთლიანად ყალბი პროცესის საპარლამენტო კენჭისყრებამდე მიყვანა და პარტნიორებისგან ამავე პროცესში ოპოზიციის სავალდებულო ჩართულობაზე საუბარი აზრს მოკლებულია“.

იუსტიციის საბჭოში მურუსიძისა და გვრიტიშვილის დაბრუნებას ეხმიანება პარტია „ლელოც“ და აცხადებს, რომ ევროკომისიის 12 პუნქტის შესრულების ნაცვლად, „სასამართლო კლანის“ ძალაუფლება ხელისუფლებამ მორიგ ჯერზე გაამყარა და მართლმსაჯულების სისტემაზე საკუთარი პოლიტიკური კონტროლი გააძლიერა.

„სასამართლოს პოლიტიკური გავლენებისგან გათავისუფლების და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სრულყოფილი რეფორმის განხორციელების ნაცვლად, რაც ევროინტეგრაციის პროცესის სულისკვეთებას ასახავდა, მმართველმა გუნდმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრებად “კლანის” ორი გავლენიანი სახე, ლევან მურუსიძე და დიმიტრი გვრიტიშვილი აირჩია.
ერთი მხრივ, ეს წარმოადგენს ოლიგარქიული რეჟიმის მცდელობას, რომ ყველა ინსტიტუტზე, განსაკუთრებით კი მართლმსაჯულების სისტემაზე, დაამყაროს ტოტალური კონტროლი. მეორე მხრივ, დღევანდელი გადაწყვეტილება წარმოადგენს ევროპული კავშირის მიერ დადგენილი კრიტერიუმების სრულ უგულებელყოფას და მიზანმიმართულად ანადგურებს საქართველოს მიერ ევროკავშირის კანდიდატობის მოპოვების შესაძლებლობას.
დღეს “ქართულმა ოცნებამ” მორიგ ჯერზე განაცხადა, რომ ის არ აპირებს ევროკავშირის კანდიდატობის მოსაპოვებლად აუცილებელი რეფორმებიდან არცერთი რეფორმის განხორციელებას, რადგან ივანიშვილის ოლიგარქიული რეჟიმის ინტერესები პირდაპირ წინააღმდეგობაშია დემოკრატიასა და კანონის უზენაესობაზე დაფუძნებული ევროპული კავშირის იდეალებთან“, – აცხადებს „ლელო“.

პარტიის „საქართველოსთვის“ შეფასებითაც,  იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ლევან მურუსიძისა და დიმიტრი გვრიტიშვილის არჩევა ძირს უთხრის სასამართლოს მიმართ სანდოობას და მართლმსაჯულების სისტემის დამოუკიდებლობას, რაც პარტიის განცხადებით, პირდაპირ ეწინააღმდეგება ევროკავშირის რეკომენდაციებს და ბარიერია კანდიდატის სტატუსის მისაღებად.

პარტია ხაზს უსვამს, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო არის კონსტიტუციური ორგანო და კანონით სასამართლოს დამოუკიდებლობის გარანტი.

პარტიის განცხადებით, კანონის საპირისპიროდ კი, აღნიშნული ორგანო დღეს არის ხელისუფლების ხელში და ე.წ. გავლენის ჯგუფის მეშვეობით, მთლიანი სასამართლო სისტემის მართვის ინსტრუმენტადაა გადაქცეული.

„იუსტიციის უმაღლესი საბჭოში გავლენის ჯგუფის გაძლიერება იმ ფონზე, როცა ოცნებას არ დაუწყია სასამართლოს ფუნდამენტური რეფორმა, არის ხელისუფლების მიერ კიდევ ერთხელ ღიად გამოხატული ნება, რომ ის არ აპირებს სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობისთვის ქმედითი ნაბიჯის გადადგმას და, შესაბამისად, ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულებას. აღნიშნულს ემატება ისიც, რომ არსებობს იუსტიციის საბჭოს 5 არამოსამართლე წევრად ხელისუფლებისთვის სასურველი კანდიდატების არჩევის რისკები.

კიდევ ერთხელ მოვითხოვთ ხელისუფლებისგან, გვერდით გადადოს ძალაუფლების შენარჩუნების ინტერესი და დაუყოვნებლივ დაიწყოს სასამართლოს ფუნდამენტური რეფორმა, რომლის გზა იუსტიციის საბჭოს რეფორმირებაზე გადის; დაუყოვნებლივ დაიწყოს პარტიის „საქართველოსთვის“ ინიციატივის განხილვა საბჭოში გადაწყვეტილების ე.წ. ორმაგი 2/3-ით მიღების შესახებ და გადადგას შესაბამისი ნაბიჯები ყველა სხვა რეკომენდაციის შესასრულებლად, რომლებიც მიზნად სასამართლოს რეალურ დამოუკიდებლობას ისახავს“, – აცხადებს პარტია „საქართველოსთვის“.

პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხოშტარიას შეფასებით კი, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მურუსიძისა და გვრიტიშვილის დაბრუნება სილის გაწვნაა საზოგადოებისა და ქვეყნის ევროპული პერსპექტივისთვის.

მისი თქმით, დღეს საქართველო იმყოფება განვითარების იმ ეტაპზე, როდესაც ნებისმიერი პოლიტიკური გადაწყვეტილება, გარდა ქვეყნის დემოკრატიის ხარისხისა, პირდაპირ გავლენას ახდენს საქართველოს ევროპულ პერსპექტივაზე.

„24 ივლისის გადაწყვეტილების შემდეგ, ჩვენ მივიღეთ ძალიან მკაფიო სამოქმედო გეგმა, თუ რა უნდა გააკეთოს ქართულმა სახელმწიფომ იმისთვის, რომ ევროკავშირის წევრი გახდეს, და ეს პერსპექტივა არის ძალიან ხელშესახები უკრაინის ბრძოლის გამო, თუ ჩვენ გვექნება პოლიტიკური ნება, რომ განვახორციელოთ რამდენიმე ფუნდამენტური რეფორმა.

ერთ-ერთი ფუნდამენტური რეფორმა არის მართლმსაჯულების სისტემის რეფორმა. ამ გადაწყვეტილებიდან სულ რამდენიმე დღეში, „ქართულმა ოცნებამ“ ჩინჩალაძე დააწინაურა, დანიშნა და გაამყარა მართლმსაჯულების სისტემის „კლანის“ მმართველობაში.

ამდენი თვის შემდეგ, როდესაც ჩვენ ლუპის ქვეშ გვიყურებენ ჩვენი ევროპელი პარტნიორები, ვხედავთ, რომ სრულიად ცინიკურად, პრაქტიკულად, სილის გაწვნით ჩვენი საზოგადოებისა და ჩვენი ევროპული პერსპექტივისთვის, მურუსიძე და გვრიტიშვილი მშვიდად ბრუნდებიან იუსტიციის საბჭოში, ასევე, „კლანის“ გასამყარებლად და მართლმსაჯულების სისტემის ბოლომდე მისატაცებლად“, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.


გუშინ, 23 ოქტომბერს, ლევან მურუსიძე და დიმიტრი გვრიტიშვილი კვლავ გახდნენ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები.

უვადო მოსამართლე ლევან მურუსიძე 2013-2017 წლებში იკავებდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის პოსტს. დიმიტრი გვრიტიშვილი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი 2017-2021 წლებში იყო.

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ორი მოსამართლე წევრის ადგილი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც გიორგი გოგინაშვილმა და გოჩა აბუსერიძემ მოსამართლეთა კონფერენციას თანამდებობის დატოვების თხოვნით მიმართეს. დიმიტრი გვრიტიშვილის კანდიდატურა ვაკანტურ ადგილზე იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ წარადგინა, ლევან მურუსიძემ კი საკუთარი თავი თავად დაასახელა.

ორ ვაკანტურ თანამდებობაზე ასარჩევად მხოლოდ მურუსიძის და გვრიტიშვილის კანდიდატურები დასახელდა, მოსამართლეთა კონფერენციამ ორივე მათგანს მხარი დაუჭირა. ლევან მურუსიძემ 268 ხმა მიიღო, გვრიტიშვილმა კი — 267.

ლევან მურუსიძე ამბობს, რომ ერთი პერიოდი ფიქრობდა სასამართლო სისტემიდან წასვლაზე, თუმცა ახლა აპირებს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის პოზიციიდან პასუხი გასცეს ბრალდებებს მისი და სასამართლო სისტემის წინააღმდეგ.

მასალების გადაბეჭდვის წესი