საზოგადოება

მურუსიძე და გვრიტიშვილი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებად აირჩიეს

23 ოქტომბერი, 2022 • 1736
მურუსიძე და გვრიტიშვილი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებად აირჩიეს

ლევან მურუსიძე და დიმიტრი გვრიტიშვილი კვლავ გახდნენ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები.

უვადო მოსამართლე ლევან მურუსიძე 2013-2017 წლებში იკავებდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის პოსტს. დიმიტრი გვრიტიშვილი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი 2017-2021 წლებში იყო.

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ორი მოსამართლე წევრის ადგილი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც გიორგი გოგინაშვილმა და გოჩა აბუსერიძემ მოსამართლეთა კონფერენციას თანამდებობის დატოვების თხოვნით მიმართეს. დიმიტრი გვრიტიშვილის კანდიდატურა ვაკანტურ ადგილას იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ წარადგინა, ლევან მურუსიძემ კი საკუთარი თავი თავად დაასახელა.

ორ ვაკანტურ თანამდებობაზე ასარჩევად მხოლოდ მურუსიძის და გვრიტიშვილის კანდიდატურები დასახელდა, მოსამართლეთა კონფერენციამ ორივე მათგანს მხარი დაუჭირა. ლევან მურუსიძემ 268 ხმა მიიღო, გვრიტიშვილმა კი — 267.

ლევან მურუსიძე ამბობს, რომ ერთი პერიოდი ფიქრობდა სასამართლო სისტემიდან წასვლაზე, თუმცა ახლა აპირებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის პოზიციიდან პასუხი გასცეს ბრალდებებს მისი და სასამართლო სისტემის წინააღმდეგ.

„რამდენიმე წლის განმავლობაში ვიყავი ჩუმად, წყნარად. ვიხილავდი საქმეებს, მაგრამ რატომღაც არ მოისვენეს — არასამთავრობო სექტორი იქნებოდა თუ სხვადასხვა პოლიტიკოსი, ექსპერტი, — და ხშირად ატრიალებდნენ ჩემს სახელს. ჩემი სახელი ისეთი არაფერი, მაგრამ ამას აბამდნენ სასამართლო სისტემას. მურუსიძე გვარი რატომღაც უარყოფით კონტექსტში გამოიტანეს და გვარს აყენებდნენ შეურაცხყოფას. ყველა პრობლემას, რაც ქვეყანაში და სასამართლოში იყო, მე მაბრალებდნენ. რადგან რიგითი მოსამართლე ვიყავი და არ მქონდა საშუალება, პასუხი გამეცა, ბევრი ფიქრის შემდეგ გადავწყვიტე, რომ თუ პრეტენზია ექნება ვინმეს და რემე, თვითონ გავცემ პასუხს… გამსახურდიაში რომ არის, მე იმ გვარისა ვარ, ვისაც უკან დახევა არ სჩვევიაო და თუ გნებავთ, ვიმეგობროთ, გვქონდეს ურთიერთობა, კრიტიკაც იყოს და იყოს დადებითი მომენტების გამოკვეთაც, თუ არადა, თუ უნდათ ბრძოლა, ვიბრძოლოთ, სხვა გზა არ არის“, — განუცხადა ლევან მურუსიძემ ჟურნალისტებს.

ლევან მურუსიძე ამბობს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები დღეს მოსამართლეებს ჩაგრავენ და ამას ადამიანის უფლებების სახელით აკეთებენ, თვითონ ის კი, იბრძოლებს სასამართლოს დამოუკიდებლობის გასაძლიერებლად.

„დღეს არ აქვთ საშუალება, თორემ ცეცხლზეც დაგვწვავდნენ ეს არასამთავრობოები“, — თქვა მან.

მასალების გადაბეჭდვის წესი