ახალი ამბები

არაფერი იყო დადგმული, აბსოლუტურად ღია პროცესი მიდის — სამუშია თავის არჩევაზე

20 ოქტომბერი, 2022 • 829
არაფერი იყო დადგმული, აბსოლუტურად ღია პროცესი მიდის — სამუშია თავის არჩევაზე

ჯაბა სამუშია, რომელიც თსუ-ის აკადემიურმა საბჭომ რექტორის მოვალეობის შემსრულებლად აირჩია, პირობას დებს, რომ უნივერსიტეტში “დახურული კითხვა” არ იარსებებს. მანვე აღნიშნა, რომ არჩევნები, რომელშიც მხოლოდ თავად მონაწილეობდა, “დადგმული ფარსი” არ ყოფილა.

“ჩემი არჩევის შემთხვევაში, როგორც რექტორის მოვალეობის შემსრულებლისა, არ იქნება არცერთი დახურული კითხვა.

მე შევეცდები, ყველა იმ საკითხზე, რომელი საკითხიც ბოლო პერიოდში ჩვენს სტუდენტობას აწუხებდა, ყველა ამ კითხვაზე პასუხი გავცეთ და გვქონდეს მუდმივი დიალოგი ყველასთან: ყველა სტუდენტთან, ყველა ადამიანთან, რომელსაც გული შესტკივა თსუ-ის მომავალზე”, — დასძინა მან.

ჟურნალისტთა კითხვას, აპირებს თუ არა, შეხვდეს სტუდენტებს, რომლებიც დღეს, მისი არჩევის პარალელურად, საპროტესტო აქციას მართავდნენ, სამუშიამ უპასუხა:

“რა თქმა უნდა”.

ჯაბა სამუშია რექტორის მოვალეობის შემსრულებლად 20 ოქტომბერს აირჩიეს. ის ერთადერთი კანდიდატი იყო. ჟურნალისტმა სამუშიას უთხრა, რომ სტუდენტების ნაწილი არჩევნებს უნდობლობას სწორედ ამ მიზეზით უცხადებს, რაზეც მან უპასუხა:

“ეს რომ იყოს რაიმე დადგმული ფარსი, ალბათ, შეძლებდა, თუნდაც მე ან ვინმე, მეორე კანდიდატურაც, ვთქვათ, შემოეტანა. რომ არ იყო არაფერი დადგმული და აბსოლუტურად ღია პროცესი მიდის, თუნდაც აქედანაც ჩანს. თუნდაც ის, რომ მხარდაჭერა არის აკადემიური საბჭოსი ამ ლეგიტიმაციით, რა თქმა უნდა, ამის ნათელი მაგალითია.

…მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო: არ არსებობს დახურული შეკითხვა ან რაიმე პრობლემა უნივერსიტეტში. უბრალოდ, ეს ყველაფერი უნდა იყოს გამოტანილი საჯაროდ განხილვის საგანი. სტუდენტებსაც შევხვდები, შევხვდები სხვა ჯგუფებს, პროფესურას…”

სამუშიას სიტყვებით, “არის საკითხები, რომლებიც არ არის ვიწრო ერთი ჯგუფის ან პროფესურის რაღაც ნაწილის აზრი. ჩვენ ეს უნდა გამოვიტანოთ, საერთო, საყოველთაო განხილვის საგნად ვაქციოთ”.

“ამიტომ მე ვთვლი, რომ არის პროცესები, რომელი პროცესებიც ჩვენ იქითა კვირიდან უნდა დავიწყოთ. ამ პროცესს ჰქვია დიალოგი. დიალოგის გარეშე ჩვენ ვერანაირ შედეგზე ვერ გავალთ. ყველა დონეზე უნდა იყოს დიალოგი”, — დაამატა მან.

ჟურნალისტმა ჯაბა სამუშიას ჰკითხა, ხომ არ უქმნის უხერხულობას ფაქტი, რომ არჩევნებში მხოლოდ თავად მონაწილეობდა და როგორ ჰგონია, სხვამ რატომ არ შეიტანა განაცხადი რექტორის მოვალეობის შემსრულებლის კანდიდატურაზე.

“მე ვერაფერს მოგიხსენებთ, სხვამ რატომ [არ] შემოიტანა. ეს ცოტა უხერხული კითხვაა ჩემ მიმართ. შეიტანა კანდიდატმა, ამ შემთხვევაში მე შევიტანე განაცხადი, სხვას ჰქონდა თავისი პოზიცია, ბუნებრივია.

მე ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, აქ არის საუბარი მოვალეობის შემსრულებელზე. მოვალეობის შემსრულებლის ფუნქცია გარკვეულწილად არის ის, რომ მოამზადოს დიდი არჩევნები უნივერსიტეტში და შესაძლოა, ამანაც განაპირობა ის, რაზეც თქვენ ამ შემთხვევაში აკეთებთ აქცენტს”.

საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, პროფესორმა კახა ლორიამ განაცხადა, რომ არჩევნებში მონაწილეობა აკადემიური საბჭოს უმრავლესობამ, 30-მა წევრმა მიიღო და სამუშიას 28 მათგანმა მისცა ხმა. 2 ხმა გაბათილდა.

უნივერსიტეტის პირველ კორპუსში, სადაც რექტორის მოვალეობის შემსრულებელს ირჩევდნენ, სტუდენტები იყვნენ შეკრებილი.

ისინი „მმართველი პარტიის მიერ ხელდასმულს“ უწოდებდნენ ჯაბა სამუშიას.

სტუდენტები ითხოვდნენ, დაიშალოს აკადემიური საბჭო, რომელიც, მათი სიტყვებით, არ გამოხატავს სტუდენტებისა და პროფესორების ინტერესებს.

მათი აზრით, როგორც რექტორის მოვალეობის შემსრულებელს, ისე თავად რექტორს, უნდა ირჩევდეს მთელი აკადემიური პერსონალი და არამხოლოდ აკადემიური საბჭო, რომელიც “კლანად ჩამოყალიბდა”.


რამდენიმე დღით ადრე, 7 ოქტომბერს, „ნეტგაზეთის“ კითხვაზე პასუხად, აპირებდა თუ არა რექტორად კენჭისყრას, სამუშიამ განაცხადა: „ამ ეტაპზე არაფერი მსგავსი არც იგეგმება“.

თსუ-ის რექტორის თანამდებობას გიორგი შარვაშიძე, – რომელიც მანამდე განათლების მინისტრის მოადგილე იყო, – 2016 წლიდან იკავებდა. მეორე ვადით 2020 წლის აგვისტოში აირჩიეს, 4 წლით, შესაბამისად, შარვაშიძე რექტორად 2024 წლამდე უნდა დარჩენილიყო.

თუმცა მან პოსტი ვადაზე ადრე დატოვა.

„ნეტგაზეთის“ ინფორმაციით, შარვაშიძე დიპლომატიურ კორპუსში განაგრძობს საქმიანობას.

სამუშიას რექტორად არჩევის შემდეგ თსუ-ში 24 ოქტომბრისთვის აქცია ჩაინიშნა

მასალების გადაბეჭდვის წესი