საზოგადოება

„მმართველი პარტიის მიერ ხელდასმული სამუშია“ – აქცია თსუ-ში რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევნებზე

20 ოქტომბერი, 2022 • 1026
„მმართველი პარტიის მიერ ხელდასმული სამუშია“ – აქცია თსუ-ში რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევნებზე

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსში, სადაც რექტორის მოვალეობის შემსრულებელს ირჩევენ, სტუდენტები არიან შეკრებილი. ისინი „მმართველი პარტიის მიერ ხელდასმულს“ უწოდებენ ჯაბა სამუშიას, რომელიც ერთადერთი კანდიდატია დღევანდელ არჩევნებზე.

სტუდენტები ითხოვენ, დაიშალოს აკადემიური საბჭო, რომელიც, მათი სიტყვებით, არ გამოხატავს სტუდენტებისა და პროფესორების ინტერესებს.

მათი აზრით, როგორც რექტორის მოვალეობის შემსრულებელს, ისე თავად რექტორს, უნდა ირჩევდეს მთელი აკადემიური პერსონალი და არამხოლოდ აკადემიური საბჭო, რომელიც “კლანად ჩამოყალიბდა”.

“ნეტგაზეთს” თსუ-ში განუცხადეს, რომ არჩევნები საქართველოს უმაღლესი განათლების კანონის შესაბამისად გაიმართა.

სტუნდენტები 107-ე აუდიტორიასთან არიან შეკრებილი.

ადგილზე მობილიზებულია თსუ-ის უსაფრთხოების სამსახური.

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობაზე განაცხადი მხოლოდ ერთმა კანდიდატმა – ჯაბა სამუშიამ შემიტანა.

რამდენიმე დღით ადრე, 7 ოქტომბერს, „ნეტგაზეთის“ კითხვაზე პასუხად, აპირებდა თუ არა რექტორად კენჭისყრას, სამუშიამ განაცხადა: „ამ ეტაპზე არაფერი მსგავსი არც იგეგმება“.

თსუ-ის რექტორის თანამდებობას გიორგი შარვაშიძე 2016 წლიდან იკავებდა. მეორე ვადით იგი 2020 წლის აგვისტოში აირჩიეს, 4 წლით, შესაბამისად, შარვაშიძე რექტორად 2024 წლამდე უნდა დარჩენილიყო.

„ნეტგაზეთის“ ინფორმაციით, შარვაშიძე დიპლომატიურ კორპუსში განაგრძობს საქმიანობას.

მასალების გადაბეჭდვის წესი