მას შემდეგ, რაც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ რექტორის მოვალეობის შემსრულებლად ერთადერთი კანდიდატი, ჯაბა სამუშია აირჩია, უნივერსიტეტში აქცია ჩაინიშნა.
„მაისის სტუდენტურმა მოძრაობამ“, რომელიც არჩევნების პარალელურად აქციას მართავდა, ორშაბათს, 24 ოქტომბერს, მორიგი აქცია დანიშნა უნივერსიტეტის ეზოში.
„თავისუფლება უნივერსიტეტს“, – სკანდირებდნენ სტუდენტები არჩევნების პარალელურად.
არჩევნებში მონაწილეობას მხოლოდ სამუშია იღებდა.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელი ჯაბა სამუშია იქნება.
აკადემიურმა საბჭომ გადაწყვეტილება დღეს, 20 ოქტომბერს მიიღო.
რექტორის კონკურსში ჯაბა სამუშია ერთადერთი კანდიდატი იყო.
საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, პროფესორმა კახა ლორიამ განაცხადა, რომ არჩევნებში მონაწილეობა აკადემიური საბჭოს უმრავლესობამ, 30-მა წევრმა მიიღო და სამუშიას 28 მათგანმა მისცა ხმა. 2 ხმა გაბათილდა.
უნივერსიტეტის პირველ კორპუსში, სადაც რექტორის მოვალეობის შემსრულებელს ირჩევდნენ, სტუდენტები იყვნენ შეკრებილი.
ისინი „მმართველი პარტიის მიერ ხელდასმულს“ უწოდებდნენ ჯაბა სამუშიას.
სტუდენტები ითხოვდნენ, დაიშალოს აკადემიური საბჭო, რომელიც, მათი სიტყვებით, არ გამოხატავს სტუდენტებისა და პროფესორების ინტერესებს.
მათი აზრით, როგორც რექტორის მოვალეობის შემსრულებელს, ისე თავად რექტორს, უნდა ირჩევდეს მთელი აკადემიური პერსონალი და არამხოლოდ აკადემიური საბჭო, რომელიც “კლანად ჩამოყალიბდა”.
მათივე თქმით, აკადემიური პერსონალი უნდა ირჩევდეს უშუალოდ რექტორსაც.
რამდენიმე დღით ადრე, 7 ოქტომბერს, „ნეტგაზეთის“ კითხვაზე პასუხად, აპირებდა თუ არა რექტორად კენჭისყრას, სამუშიამ განაცხადა: „ამ ეტაპზე არაფერი მსგავსი არც იგეგმება“.
თსუ-ის რექტორის თანამდებობას გიორგი შარვაშიძე, – რომელიც მანამდე განათლების მინისტრის მოადგილე იყო, – 2016 წლიდან იკავებდა. მეორე ვადით 2020 წლის აგვისტოში აირჩიეს, 4 წლით, შესაბამისად, შარვაშიძე რექტორად 2024 წლამდე უნდა დარჩენილიყო.
თუმცა მან პოსტი ვადაზე ადრე დატოვა.
„ნეტგაზეთის“ ინფორმაციით, შარვაშიძე დიპლომატიურ კორპუსში განაგრძობს საქმიანობას