ვაკის პარკში დენის დარტყმის შედაგად გარდაცვლილი არასრულწლოვნის საქმეზე დაკავებული გიორგი ვახტანგაშვილის ადვოკატის თანახმად, მისი კლიენტისთვის „უცნობია, თუ რაში გამოიხატება გულგრილობა“, რომელსაც მას გამოძიება ედავება.
თბილისის მერიის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილე გიორგი ვახტანგაშვილი დაკავებულია სამსახურეობრივი გულგრილობის ბრალდებით, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. ეს მუხლი ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით ორიდან ხუთ წლამდე.
„გიორგი ვახტანგაშვილმა თავისი სამსახურეობრივი უფლებამოსილება და ვალდებულება შეასრულა ჯეროვნად და კეთილსინდისიერად. რაც შეეხება მის უშუალო პოზიციას, ხელთ არ გვაქვს ბრალის შესახებ დადგენილება და არ ვიცნობთ საქმის მასალებს.
მისთვის უცნობია, რაში უნდა გამოხატულიყო მისი სამსახურეობრივი გულგრილობა. ეს გახლავთ მისი პოზიცია.
რაც შეეხება კონკრეტულ დეტალებს ფაქტებთან დაკავშირებით, უშუალოდ ისაუბრებს სასამართლო განხილვის ეტაპზე“, – განაცხადა ვახტანგაშვილის ადვოკატმა ლაშა ცუცქირიძემ.
წარდგენილ ბრალს არ აღიარებს საქმეზე დაკავებულთა ნაწილიც, მათ შორის „გრინსერვის+-ისა“ და „მშენექსპერტის“ თანამშრომლებიც.
რა მოხდა – შსს-ს ვერსია
დღევანდელ ბრიფინგზე მურადაშვილმა ასევე ისაუბრა გამოძიების ოფიციალურ ვერსიაზე. კერძოდ:
„გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლის 22 ოქტომბერს თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურსა და შპს „გრინსერვის +“-ს შორის გაფორმდა ხელშეკრულება ვაკის პარკის ტერიტორიაზე მდებარე შადრევნისა და შადრევნის კასკადის სამუშაოების წარმოების შესახებ.
2022 წლის 26 აგვისტოს კი, მხარეებს შორის მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე, მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა ჩაიბარა შადრევნებზე შესრულებული სამუშაოების ნაწილი.
ცენტრალურ შადრევანზე დასრულებული სამუშაოების მიუხედავად, მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილემ – გ.ვ.-მ, შპს „გრინსერვის +“-ის მენეჯერს – ა. მ.-ს სთხოვა, რომ შადრევანში მდებარე ელექტროძრავიდან გამომავალი შავი ფერის წყლის მილები შეეფუთათ უჟანგავი, თეთრი ფერის კონსტრუქციით.
ა. მ.-მ აღნიშნულის შესახებ აცნობა შპს „გრინსერვის +“-ის დირექტორს – ლ.ფ.-ს, რომელმაც თავის მხრივ დაავალა მას, რომ აღნიშნული სამუშაოს შესრულება შეეკვეთათ მათივე ქვეკონტრაქტორი ფირმის – შპს „ნიუ მეტალ დიზაინის“ წარმომადგენლის – ლ. ჭ.-სთვის.
ლ.ჭ.-მ თავის მხრივ სამუშაოების შესრულება დაავალა კერძო ელექტროშემდუღებლებს – გ.გ.-ს და ვ.გ.-ს., ხოლო მათ მიერ შესრულებულ სამუშაოზე ზედამხედველობა და კონტროლი დაევალა შპს „გრინსერვის +“-ის სამუშაოთა მწარმოებელს – ბ. მ.-ს.
2022 წლის 22 სექტემბერს, ელექტროშემდუღებლებმა სამუშაოს წარმოების დროს, დაარღვიეს უსაფრთხოების ნორმები, კერძოდ: წყლის მილებზე, უჟანგავი ლითონის კონსტრუქციის მორგების მიზნით, მოხსნეს ელექტროძრავის შესაფუთი ლითონის ცხაური, რომლის კვლავ დამაგრებისას, ბეტონის ზედაპირსა და ცხაურს შორის მოაყოლეს ელექტროსადენი, რის შედეგადაც დაზიანდა სადენის იზოლაცია.
„გრინსერვის +“-ის დირექტორმა შესრულებული სამუშაო შესაბამისი ინსპექტირების ჩატარების გარეშე წარუდგინა მერიის საქალაქო სამსახურს, ხოლო მერიის გარემოს დაცვის სამსახურის უფროსის მოადგილემ აღნიშნული მიიღო შესაბამისი ინსპექტირების გარეშე.
თავის მხრივ, „გრინსერვის +“-ის ქვეკონტრაქტორი ფირმის წარმომადგენელმა – ლ. ჭ.-მ არ გადაამოწმა თავის მიერ დაქირავებული ელექტროშემდუღებლების შესრულებული სამუშაო, ხოლო „გრინსერვის +“ – ის საქმეთა მწარმოებელმა – ბ. მ.-მ არ გაუწია შესაბამისი კონტროლი აღნიშნულ საქმიანობას.
ხსენებულ პირთა მიერ თავიანთი მოვალეობის ჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, გამოვლენილი იქნებოდა ელექტროსადენის დაზიანების ფაქტი და თავიდან იქნებოდა აცილებული დამდგარი შედეგი.
გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ შპს „გრინსერვის +“-მა, თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურთან მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებისთვის სავალდებულო, შესაბამისი დასკვნის მომზადების მიზნით, ხელშეკრულება გააფორმა შპს ,,მშენექსპერტთან“.
შპს ,,მშენექსპერტის“ დირექტორმა – ნ. ქ.-მ და ინსპექტორმა – დ.თ.-მ მოახდინეს ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების მოცულობის ღირებულების ინსპექტირება, რომლის პროექტი მიაწოდეს შპს ,,გრინსერვის +“-ის თანამშრომელს – დ. კ.-ს.
ვინაიდან აღნიშნული დასკვნის შინაარსი არ აკმაყოფილებდა თბილისის მერიისა და შპს „გრინსერვის +“-ს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაში მითითებულ სავალდებულო მოთხოვნებს და თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური არ ჩაიბარებდა „გრინსერვის +“-ის მიერ შესრულებულ სამუშაოებს, კომპანიის თანამშრომელმა – დ.კ.-მ, მათ ფირმასთან სამომავლო საქმიანი ურთიერთობის გაგრძელების სანაცვლოდ, დაიყოლია შპს ,,მშენექსპერტის“ დირექტორი და ინსპექტორი, რომ დასკვნაში ჩაეწერათ, თითქოს შეისწავლეს ჩატარებული სამუშაოების შესაბამისობა საქართველოში მოქმედ სამშენებლო ნორმებსა და წესებთან.
2022 წლის 25 აგვისტოს დ.თ.-მ და ნ. ქ.-მ შეადგინეს ყალბი ოფიციალური დოკუმენტი – ინსპექტირების ანგარიში, რომლის დასკვნით ნაწილში ასევე დააფიქსირეს, რომ შესრულებული სამუშაოები შეესაბამება საქართველოში მოქმედ სამშენებლო ნორმებსა და წესებს.
აღნიშნული ყალბი დასკვნა შპს „გრინსერვის +“-ის დირექტორმა – ლ. ფ.-მ წარადგინა თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურში, რაც გახდა მხარეებს შორის მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების საფუძველი“, – აცხადებს შსს.
მიმდინარე წლის 13 ოქტომბერს ვაკის პარკში, ახლად გახსნილ შადრევანში ჩავარდნილი ბურთის ამოსაღებად 13 წლის ორი ბიჭი შევიდა, რომლებსაც დენმა დაარტყა.
მეგობრების დასახმარებლად წყალში ჩავიდა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი, რომელიც დენის დარტყმის შედეგად გარდაიცვალა.
წაიკითხეთ ასევე: