ახალი ამბები

ვაკის პარკში მომხდართან დაკავშირებით ალექსანდრე კობაიძე 17 ოქტომბერს აქციას გეგმავს

17 ოქტომბერი, 2022 • 542
ვაკის პარკში მომხდართან დაკავშირებით ალექსანდრე კობაიძე  17 ოქტომბერს აქციას გეგმავს

ვაკის პარკის შადრევანში 13 წლის მოზარდის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ხუთშაბათს, 20 ოქტომბერს, 12 საათზე თბილისში, პარლამენტის შენობასთან აქცია იგეგმება. ამის შესახებ დღეს, 17 ოქტომბერს,დედაქალაქის მერიას განცხადებით მიმართეს იურისტებმა, ალექსანდრე კობაიძემ და გიორგი კვაბზირიძემ.

მათი თქმით, აქციის მთავარი სათქმელი იქნება, რომ მომხდართან დაკავშირებით პოლიტიკური პასუხისმგებლობა აიღონ თანამდებობის პირებმა, მათ შორის თბილისის მერმა, კახა კალაძემ:

“შუა ქუჩაში იღუპება ახალგაზრდა გოგონა და ჩვენი ხელისუფლება პოლიტიკურ პასუხისმგებლობას არ იღებს, ეს არის დიდი ტრაგედია და ამიტომ ჩვენი ამოცანაა, რომ კახი კალაძეს მოვუწოდოთ, აიღოს პოლიტიკური პასუხისმგებლობა. ან სხვა მაღალჩინოსანმა, ამ შემთხვევაში ღარიბაშვილმა, და კეთილი ინებონ და პასუხი აგონ იმ გულგრილობაზე, რაც არის ჩადენილი”, – განაცხადა კობაიძემ ჟურნალისტებთან.

გიორგი კვაბზირიძის თქმით, აქციაში მონაწილეობას მიიღებენ როგორც უფლებადამცველები, ასევე, სამოქალაქო აქტივისტებიც.

“ის ფაქტი, რაც მოხდა 13 ოქტომბერს, რომელმაც შეძრა სრულიად საქართველო, მოითხოვს, რომ საზოგადოებამ ხმა ამოიღოს, რათა ქვეყანაში აღარ მოხდეს მსგავსი ფაქტები. შესაბამისად, ხუთშაბათს, 12 საათზე ვგეგმავთ აქციას, [მერიაში] შეგვაქვს წერილი და საზოგადოების ყველა ფენას მოვუწოდებთ, ვინც შეწუხდა ამ ფაქტის გამო, ვინც ჩათვალა, რომ შეიძლება ნებისმიერი ჩვენგანის შვილი ყოფილიყო ამ ბავშვის ადგილზე, უნდა მოვიდეს ამ აქციაზე და ყველამ ერთად უნდა მოვითხოვოთ, რომ ქვეყანაში დადგეს დრო, როცა მსგავს ფაქტებზე მაღალი თანამდებობის პირები იღებენ პასუხისმგებლობას”, – განმარტა მან.


მიმდინარე წლის 13 ოქტომბერს ვაკის პარკში, ახლადგახსნილ შადრევანში ჩავარდნილი ბურთის ამოსაღებად 13 წლის ორი ბიჭი შევიდა, რომლებსაც დენმა დაარტყა.მეგობრების დასახმარებლად წყალში ჩავიდა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი, რომელიც დენის დარტყმის შედეგად გარდაიცვალა.განახლებული შადრევანი შემთხვევის წინა დღეს გახსნა თბილისის მერმა კახა კალაძემ.მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, გამოძიებამ გამოავლინა თუ არა ვინმეს დანაშაული.

წაიკითხეთ ასევე:

მასალების გადაბეჭდვის წესი