გლდანის მე-8 საპყრობილის პატიმრების თქმით, პენიტენციური დაწესებულების დირექტორმა, ნოდარ ქინქლაძემ მათ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, ერთ-ერთ პატიმარს კი გაუპატიურებით დაემუქრა. ამის შესახებ “ნეტგაზეტს” ერთ-ერთი პატიმრის ადვოკატმა, ალექსანდრე კობაიძემ განუხცხადა.
კობაიძის განმარტებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი შენგელი ჭეჭვაძე ყვება, რომ მის საკანში მყოფმა პირებმა ქინქლაძეს სთხოვეს, ეზრუნა ჩაის ხარისხის გაუმჯობესებაზე, რაზეც ქინქლაძემ დაიწყო გინება და საკნის ერთ-ერთ მკვიდრს გაუპატიურებით დაემუქრა. ამის შემდეგ კი პატიმრებმა თავდაცვის მიზნით თვითდაზიანება მიიყენეს.
“როგორც ჩემი დაცვის ქვეშ მყოფმა მითხრა, ქინქლაძე მათ საკანში მყოფ ერთ-ერთ პირს გაუპატიურებით დაემუქრა. საკანში მყოფ პატიმრებს შეეშინდათ, რომ ციხის ადმინისტრაცია მათ ფიზიკურ შეურაცხყოფას მიაყენებდა და შემდეგ, პირიქით, მათ დააბრალებდა, რომ თვითონ იძალადეს ადმინისტრაციის წარმომადგენელზე. ამიტომ, პროტესტის ნიშნად ხელების დასერვა გადაწყვიტეს, ასეთი რამ გვაკადრა დირექტორმაო. ამის შემდეგ ისინი დეესკალაციის ოთახში გადაიყვანეს, სადაც, როგორც ამბობენ, მატრასიც კი არ აქვთ და იატაკზე სძინავთ”, – განმარტა კობაიძემ.
მისი თქმით, ჭეჭვაძე ამბობს, რომ ქინქლაძის მხრიდან ეს არ არის სიტყვიერი შეურაცხყოფის პირველი შემთხვევა და ნასვამ მდგომარეობაში ხშირად გადაადგილდება საპატიმრო დაწესებულებაში და პატიმრებს აგინებს.
კობაძიის თქმით, დღეს გლდანის ციხესთან აქციის გამართვას გეგმავენ. მათი მთავარი მოთხოვნაა, რომ აღნიშნულ საქმეში საგამოძიებო უწყებები ჩაერთონ და გამოძიების დასრულებამდე ქინქლაძეს დირექტორის უფლებამოსილება შეუწყვიტონ.
კობაიძის მხრიდან გახმიანებულ ბრალდებებთან დაკავშირებით სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა განცხადება გაავრცელა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ქინქლაძის შესახებ გაკეთებული განცხადებები ცილისწამება და საპატიმრო დაწესებულების დისკრედიტაციის მცდელობაა:
“სპეციალური პენიტენციური სამსახური აცხადებს, რომ ეს [კობაიძის განცხადება] არის N8 პენიტენციური დაწესებულების დისკრედიტაციის მცდელობა. ამ მხრივ მიზანმიმართული აქტიურობით გამოირჩევა ადვოკატი კობაიძე, რომელიც არის ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის ლიდერი, აქვს საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის გაცხადებული გეგმა და ამ მიზნით არ ერიდება არც ტყუილს და არც პატიმრებისა და საპატიმროების თემით მანიპულირებას. ადვოკატი ალექსანდრე კობაიძე გუშინვე იქნა მიწვეული კონკრეტული ფაქტების მისაწოდებლად (თუკი მას ასეთი გააჩნია) შესაბამის უფლებამოსილ უწყებაში, თუმცა მან დათქმულ დროს, მოუცლელობის მიზეზით, განაცხადა, რომ მის მიერ გამოთქმული ბრალდებების დამადასტურებელი ფაქტების მისაწოდებლად გამოცხადდება დღეს საღამოს”, – წერია განცხადებაში.
ამასთან, სპეციალური პენიტენციური სამსახურის ცნობით, გლდანის ციხის დირექტორმა ნოდარ ქინქლაძემ გუშინ, 24 სექტემბერს შესაბამის უწყებებს მიმართა. ქინქნლაძემ მის მიმართ ალექსანდრე კობაიძის მხრიდან გაკეთებულ განცხადებაში მოცემული ფაქტების სასწრაფოდ შესწავლა მოითხოვა.
სპეციალური პენიტენციური სამსახურის ცნობით, ქინქლაძე გლდანის ციხეში 2013 წლის მაისიდან მუშაობს და მას “უკავშირდება გლდანში წინა ხელისუფლების დროს გამეფებული წამების მძიმე შედეგების წარმატებული ლიკვიდაცია და შემდგომ თითოეულ პატიმარზე ზრუნვა მისი კეთილდღეობისათვის”. სამსახურის განცხადებით, სწორედ ამის გამო “გარკვეული ძალების მიერ იქნა შერჩეული დარტყმის ობიექტად”.
აღნიშნულ საპატიმრო დაწესებულებაში მომხდარი შესაძლო შემთხვევის შესწავლა დაიწყო სახალხო დამცველმაც. სახალხო დამცველის მოადგილის, გიორგი ბურჯანაძის თქმით, აპარატის წარმომადგენლები მერვე პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმრებს შეხვდნენ, მოისმინეს მათი ბრალდებები და შესაბამისი დოკუმენტები სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს მიაწოდეს:
“პატიმრებმა შეხვედრისას გარკვეულ ფაქტებზე ისაუბრეს, რომელიც ჩვენი აზრით, გარკვეული არასათანადო მოპყრობის ნიშნებს შეიცავს. ეს ინფორმაცია გუშინვე მივაწოდეთ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს. იმედი მაქვს, რომ დაიწყება გამოძიება და გამოკითხავენ პატიმრებს და დადგინდება სიმართლე”, – განმარტა ბურჯანაძემ ნეტგაზეთთან საუბრისას.
მისი თქმით, გაუპატიურების მუქარასთან დაკავშირებით სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებს ინფორმაცია არ მიუღიათ.
მოჰყვა თუ არა რაიმე სახის სამართლებრივი რეაგირება აღნიშნულ ინფორმაციას სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მხრიდან, ამ კითხვით ნეტგაზეთმა უწყებას მიმართა. პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.