ახალი ამბები

შაქარაშვილის საქმეზე თავისუფლების აღკვეთის ნაწილში ნაფიც მსაჯულებს მოვითხოვთ – ადვოკატი

21 სექტემბერი, 2020 • 1028
შაქარაშვილის საქმეზე თავისუფლების აღკვეთის ნაწილში ნაფიც მსაჯულებს მოვითხოვთ – ადვოკატი

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე გურამ ამირხანაშვილისთვის თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ნაწილში ბრალდებულ არჩილ გაგნიძის ადვოკატი ალექსანდრე კობაიძე აცხადებს, რომ გეგმავს მოითხოვოს, საქმე ნაფიცმა მსაჯულებმა განიხილონ.

კობაიძის თქმით, ჯერჯერობით ადვოკატებს გადაწყვეტილება არ აქვთ მიღებული, მოითხოვენ თუ არა ნაფიცი მსაჯულების სასამართლოს ახალგაზრდა ფეხბურთელის მკვლელობის საქმის ნაწილშიც.

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ამჟამად სასამარლო ორ ეპიზოდს განიხილავს. ცალკე გამოყოფილია ჯგუფურ ძალადობასა და გურამ ამირხანაშვილისთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლებით წარმოებული საქმე, მკვლელობაში ბრალდებული 5 პირის საქმეს კი სასამართლო განცალკევებულად განიხილავს. სწორედ ამ 5 პირს შორისაა არჩილ გაგნიძე.

19 წლის ფეხბურთელი გიორგი შაქარაშვილი 4-დღიანი ძიების შემდეგ, 22 ივნისს მდინარე არაგვში გარდაცვლილი იპოვეს. პროკურატურის მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, შაქარაშვილის დაკარგვას წინ უძღოდა ორ ჯგუფს შორის დაპირისპირება, რომლის თავიდან ასარიდებლადაც შაქარაშვილი მდინარის მიმართულებით გაიქცა, რა დროსაც მისი კვალი დაიკარგა.

ამ დროისათვის 18 ივნისს მომხდარი ჩხუბის ეპიზოდზე 17 პირია დაკავებული. ყველა მათგანს წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული. ბრალდებულთა შორის არიან არასრულწლოვნებიც.

პროკურატურამ 10 ივლისს გამოქვეყნა ექსპერტიზის დასკვნა, რომლის მიხედვითაც, შაქარაშვილის სიკვდილი წყალში დახრჩობამ გამოიწვია, მაგრამ მას სხეულზე გარდაცვალებამდე მიყენებული დაზიანებები აღენიშნებოდა. გარდა ამისა, გამოძიებას დაემატა ახალი მუხლი – დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობა, რომლის ფრგლებშიც ბრალი 5 პირს აქვს წარდგენილი.

შაქარაშვილის ოჯახი თავდაპირველად “ტოიოტა ქამრის” ყველა მგზავრის, მთლიანობაში, 6 ადამიანისთვის ითხოვდა მკვლელობის მუხლით ბრალის წარდგენას. ეს უკანასკნელები ამ ბრალდებას უარყოფენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი