ახალი ამბები

ადვოკატი აცხადებს, რომ დედამისს სამსახურიდან მისი საქმიანობის გამო ათავისუფლებენ

8 ოქტომბერი, 2020 • 1088
ადვოკატი აცხადებს, რომ დედამისს სამსახურიდან მისი საქმიანობის გამო ათავისუფლებენ

ადვოკატი ალექსანდრე კობაიძე აცხადებს, რომ დედამისს პენიტენციური სამსახურიდან მისი საქმიანობის გამო ათავისუფლებენ.

როგორც ადვოკატი ამბობს, დღეს, 8 ოქტომბერს, დედამისს, რომელიც მე-18 პენიტენციურ დაწესებულებაშია დასაქმებული, დირექტორმა დაურეკა და განუცხადა, რომ სამსახურიდან გათავისფლების შესახებ განცხადება უნდა დაწეროს.

აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმაც გაავრცელა და კობაიძის ბრალდბებს სიცრუე უწოდა.
უწყების განცხადებით, დასაქმებულს მხოლოდ იმ სამუშაოს შესრულება შესთავაზეს, რასაც მისი პოზიცია ითვალისწინებს და რაზეც მან, პენიტენციური სამსახურის თქმით,  განაცხადა უარი:
“კერძოდ, თ.მ-ს 2017 წლის 10 ივლისიდან დღემდე უკავია N18 პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციული განყოფილების დამხმარე მოსამსახურის თანამდებობა. მის ფუნქციებში შედის ელექტროგაყვანილობის, ელექტრომოწყობილობების, სავენტილაციო ძრავების, ასევე საკნებში/პალატებში ელექტრომოწყობილობების, გარე განათების გამართული მუშაობის უზრუნველყოფა და ხარვეზის აღმოფხვრა. ასევე, შედუღება, ინვენტარის შეკეთება, საკანალიზაციო სისტემის გამართული მუშაობა და ა.შ. თუმცა დღემდე იგი ასრულებდა კანცელარიის თანამშრომლის ფუნქციებს და არა იმ მოვალეობებს, რასაც მის მიერ დაკავებული პოზიცია ითვალისწინებდა და რა სამუშაოს შესრულებაზეც დანიშვნის დროს მას ხელი აქვს მოწერილი” ,- ნათქვამია პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
პენიტენციურში აღნიშნავენ, რომ მიმდინარე წლის 7 აპრილიდან კოვიდ-19-ის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით, პენიტენციური დაწესებულებების ის თანამშრომლები, რომლებსაც პატიმრებთან უშუალო შეხება არ აქვთ (დაწესებულებების კანცელარიის, ბუღალტერიის თანამშრომლები და ა.შ.), დაწესებულებების პერიმეტრის გარეთ, სპეციალურად მათთვის მოწყობილ სამუშაო სივრცეში ასრულებენ სამუშაოს და დადიან მორიგეობით. ამასთან, მათი განცხადებით, სამსახურში მყოფი თანამშრომლები ასრულებენ იმათ უფლება-მოვალეობებს, ვინც იმ მომენტისთვის სამსახურში არ იმყოფება:
“ამ პრინციპიდან გამომდინარე და იმ მიზეზით, რომ თ.მ-ს არ აქვს კომპიუტერის საოფისე პროგრამებთან მუშაობის უნარები (მუშაობდა მხოლოდ მატერიალური სახით დოკუმენტებთან), შესაბამისად, ვერ შეასრულებდა სამუშაოს დისტანციურად, იგი მიმდინარე წლის მარტის ბოლოდან სამსახურში არ გამოცხადებულა. ამჟამად კი, ვინაიდან N18 პენიტენციურ დაწესებულებაში დგას ადმინისტრაციული განყოფილების დამხმარე მოსამსახურის საჭიროება, თ.მ-ს შეეთავაზა მისი პოზიციით გათვალისწინებული საქმიანობის განხორციელება, რაზეც მან განაცხადა უარი იმ მოტივით, რომ ამ საქმის შესრულება არ შეუძლია.
ამასთან, მას დაკავებული თანამდებობიდან წასვლის შესახებ განცხადებით დაწესებულების ადმინისტრაციისთვის არ მიუმართავს. ამიტომ მასზე ზეწოლა და მისი სამსახურიდან წასვლის იძულება არის სრული სიცრუე და ადვოკატ კობაიძის მიერ პენიტენციური სამსახურის მიმართ გამოთქმული მორიგი ცრუ ბრალდება” ,- აცხადებენ პენიტენციურ სამსახურში. 
მანამდე, კობაიძემ გაავრცელა ინფორმაცია გლდანის მე-8 საპყრობილის პატიმრებზე ციხის ადმინისტრაციის მხრიდან შესაძლო ძალადობის შესახებ. ადვოკატი ერთ-ერთ პატიმარზე დაყრდნობით ამბობდა, რომ ციხის დირექტორმა ნოდარ ქინქლაძემ მსჯავრდებულებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, ერთ-ერთ პატიმარს კი გაუპატიურებით დაემუქრა.

კობაიძის მხრიდან გახმიანებულ ბრალდებებთან დაკავშირებით სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა განცხადება მაშინაც გაავრცელა. უწყებაში ამბობდნენ, რომ ქინქლაძის შესახებ გაკეთებული განცხადებები ცილისწამება და საპატიმრო დაწესებულების დისკრედიტაციის მცდელობაა.

ალექსანდრე კობაიძე რამდენიმე გახმაურებულ საქმეზე, მათ შორის გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის ეპიზოდში ერთ-ერთი ბრალდებულის, არჩილ გაგნიძის ადვოკატია.

საადვოკატო საქმიანობის გარდა, კობაიძე პოლიტიკურ საქმიანობასაც ეწევა და რუსთავი-გარდაბნის მაჟორიტარულ ოლქში იყრის კენჭს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში.

პატიმრის თქმით, გლდანის ციხის დირექტორი ერთ-ერთ პატიმარს გაუპატიურებით დაემუქრა – კობაიძე

მასალების გადაბეჭდვის წესი