ახალი ამბები

გვახსოვდეს, როდესაც უფალი გვაძლევს განსაცდელს, ის გვაძლევს ძალას – ილია II

14 ოქტომბერი, 2022 • 863
გვახსოვდეს, როდესაც უფალი გვაძლევს განსაცდელს, ის გვაძლევს ძალას – ილია II

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქმა ილია მეორე სვეტიცხოვლობის წირვაზე ქადაგება წაიკითხა.

„მრავალი სასწაული გვინახავს ჩვენ, მაგრამ აი, ეს სასწაული, რომ უფალი ჩვენთან არის, უფალი გვიძღვება წინ, უფალი არ დაგვტოვებს ჩვენ, უფალი აღგვავსებს სიყვარულით. არ უნდა შეგეშინდეთ, არ გაგვიტყდეს გული, ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ უფალი როდესაც გვაძლევს განსაცდელს, იგივე უფალი გვაძლევს ძალას,  რომელიც გვეხმარება ჩვენ. მე გულითადად მივესალმები პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს, რომლებიც აქ ესწრებიან. ღმერთი იყოს თქვენი მფარველი, ღმერთმა გაგაძლიეროთ. ჩვენთან არს ღმერთი“, – თქვა მან.

13 ოქტომბერს ილია მეორემ მიუსამძიმრა მარიტა მეფარიშვილის მშობლებს. სამძიმარში ნათქვამი იყო:

„აღვავლენთ ლოცვებს პატარა მარიტა-მარიამის უკვდავი, ნათელი სულისათვის, რათა უფალმან თვის საუფლოში – სავანესა მართალთასა დააწესოს იგი, ხოლო თქვენ მოგმადლოთ ჭირსა შიგან სიმტკიცე და ურყევი რწმენა იმისა, რომ სინამდვილეში სიკვდილი არ არსებობს, რადგან გარდაცვალება არის დასაწყისი ახალი, მარადიული, ჭეშმარიტი ცხოვრებისა, რომელიც მხოლოდ დროებით განგვაშორებს ახლობლებს; მთავარია, ჩვენ შევძლოთ ღვთის გზით სვლა“.


13 ოქტომბერს ვაკის პარკის შადრევანში გადავარდნილი ბურთის ამოსაღებად წყალთან მისული 13 წლის მარიტა მეფარიშვილი დენის დარტყმის შედეგად დაიღუპა. 2 მოზარდი საავადმყოფოში გადაიყვანეს. მათი მდგომარეობა გაუმჯობესებულია.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო და გამოძიების მსვლელობისას დაზუსტდა კვალიფიკაცია და სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილით გრძელდება, რაც გულისხმობს ელექტროობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას, რასაც მოჰყვა ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.ვრცლად:

მასალების გადაბეჭდვის წესი