ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი აცხადებს, რომ ვაკის პარკის შადრევანში დენის დარტყმის შედეგად დაშავებული ერთ-ერთი ბავშვის მდგომარეობა გაუმჯობესდა.

„მისი მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესებულია გუშინდელს შემდეგ. ძალიან დიდი იმედებით გამოვედი კლინიკიდან“, — განუცხადა მინისტრმა აზარაშვილმა ჟურნალისტებს.

„ჩვენი მხრიდან რაც არის საჭირო, რეაბილიტაციისა თუ მკურნალობის პროცესსი, ყველაფერს გავაკეთებთ“, – განაცხადა მან.

კითხვაზე, კვლავ მართვით სუნთქვაზეა თუ არა არასრულწლოვანი, მინისტრმა თქვა, რომ დეტალებზე კომენტარებს ექიმი გააკეთებს.

მინისტრის განცხადებითვე, კიდევ ერთ დაშავებულს, რომელიც იაშვილის კლინიკაშია, სავარაუდოდ, დღესვე გაწერენ და თავს კარგად გრძნობს.

13 ოქტომბერს ვაკის პარკის შადრევანში გადავარდნილი ბურთის ამოსაღებად წყალთან მისული 13 წლის გოგო დენის დარტყმის შედეგად დაიღუპა. 2 მოზარდი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ჟურნალისტების კითხვაზე, უნდა აიღოს თუ არა პოლიტიკური პასუხისმგებლობა თბილისის მერმა, აზარაშვილმა განაცხადა:

„ფაქტი ძალიან სამწუხაროა, ძალიან ცუდია და პასუხისმგებლობას ამაზე მეც ვგრძნობ. ასეთი ფაქტი არ უნდა მომხდარიყო. ამ და სხვა პოლიტიკურ თემებზე, მოდით, დღეს არ გიპასუხებთ“.


თბილისის მერიამ აგვისტოს ბოლოს ოფიციალურად ჩაიბარა ვაკის პარკში შადრევნის სარეაბილიტაციო სამუშაოები.

ინსპექტირების განმახორციელებელი კომპანია წერდა, რომ შესრულებული სამუშაოები სამშენებლო ნორმებს შეესაბამებოდა.

„ნეტგაზეთის“ ინფორმაციითვე, რეაბილიტაციაში ჩართული კომპანიის მეწილეები წლების წინ ფულის გათეთრებისა და სამეწარმეო საქმიანობაში უკანონო მონაწილეობის ბრალდებით იყვნენ დაკავებულები.

13 ოქტომბერს შადრევანში გადავარდნილი ბურთის ამოსაღებად წყალთან მისული 13 წლის გოგო დენის დარტყმის შედეგად დაიღუპა.

გამოძიება მიმდინარეობს სამუშაოების ელექტროენერგიის ობიექტის განლაგების, დაპროექტების, მშენებლობის ან ექსპლუატაციის დროს უსაფრთხოების წესების დარღვევას მუხლით.

მუხლი 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.