ახალი ამბები

დილითაც გაიწმინდა შადრევანი, ჩვეულებრივად ჩაირთო – მერიის წარმომადგენელი

13 ოქტომბერი, 2022 • 1109
დილითაც გაიწმინდა შადრევანი, ჩვეულებრივად ჩაირთო – მერიის წარმომადგენელი

თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელი, გიგა გიგაშვილი აცხადებს, რომ ვაკის პარკის შადრევანი, – სადაც მოზარდებს დენმა დაარტყა, რის შემდეგაც ერთ-ერთი მათგანი გარდაიცვალა, – ექსპლუატაციაში გაშვებამდე შემოწმებული იყო.

„რეაბილიტაცია არის ჩვენი სამსახურის ჩატარებული… ჩვენ ჩავიბარეთ ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე, რომელიც აკრედიტებულმა ექსპერტიზის ბიურომ ჩაატარა“, – განაცხადა მან.

„ძალიან დიდი ხანია ეგ დატესტვის რეჟიმშიც არის, „დაექსპერტებული“ არის, თუმცა, კონკრეტულად რამ გამოიწვია, ახლა ნამდვილად ვერ გეტყვით. შესაბამისი ექსპერტიზა ჩატარდება და დაადგენს“, – განუცხადა მან ჟურნალისტებს, როდესაც გამოკითხვიდან გამოვიდა.

„დილითაც გაიწმინდა შადრევანი. ჩვეულებრივად ჩაირთო, არანაირი პრობლემა არ ჰქონია. რაიმე პრობლემა რომ ჰქონოდა, ექსპლუატაციაში ვერ შევიდოდა“, – აცხადებს თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსი.


„ნეტგაზეთმა“ მოიპოვა დოკუმენტები, სადაც ჩანს, რომ თბილისის მერიამ აგვისტოს ბოლოს ოფიციალურად ჩაიბარა ვაკის პარკში შადრევნის სარეაბილიტაციო სამუშაოები.

ინსპექტირების განმახორციელებელი კომპანია წერდა, რომ შესრულებული სამუშაოები სამშენებლო ნორმებს შეესაბამებოდა.

„ნეტგაზეთის“ ინფორმაციითვე, რეაბილიტაციაში ჩართული კომპანიის მეწილეები წლების წინ ფულის გათეთრებისა და სამეწარმეო საქმიანობაში უკანონო მონაწილეობის ბრალდებით იყვნენ დაკავებული.

13 ოქტომბერს შადრევანში გადავარდნილი ბურთის ამოსაღებად წყალთან მისული 13 წლის გოგო დენის დარტყმის შედეგად დაიღუპა.

გამოძიება მიმდინარეობს სამუშაოების ელექტროენერგიის ობიექტის განლაგების, დაპროექტების, მშენებლობის ან ექსპლუატაციის დროს უსაფრთხოების წესების დარღვევას მუხლით.

ვრცლად:

მასალების გადაბეჭდვის წესი