ახალი ამბები

ეს არ არის დამთხვევა, მიზანმიმართული დაზიანებაა – ბორელი გაჟონვაზე

28 სექტემბერი, 2022 • 1035
ეს არ არის დამთხვევა, მიზანმიმართული დაზიანებაა – ბორელი გაჟონვაზე

ევროკავშირი აცხადებს, რომ „ნორდსტრიმის“ გაზსადენების დაზიანება მიზანმიმართული ქმედების შედეგია და ამის გამო შეშფოთებას გამოხატავს.

„ნორდსტრიმის“ გაზსადენის სიახლოვეს ძლიერი წყალქვეშა აფეთქებები დაფიქსირდა, რის შედეგადაც გაზმა ბალტიის ზღვაში გაჟონა.

დანიის ენერგეტიკის სააგენტოს თანახმად, გაზი ჟონავს ბალტიის ზღვაში „ნორდსტრიმ 1“ და „ნორდსტრიმ 2“ მილსადენებიდან, სამ ადგილას.

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უშიშროების პოლიტიკის სფეროში, ჯოზეფ ბორელი აცხადებს, რომ „ევროპის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ნებისმიერი სახის, მიზანმიმართული დაზიანება ყოვლად დაუშვებელია და მას მტკიცე და ერთიანი პასუხი გაეცემა“.

„ეს ინციდენტები არ არის დამთხვევა“, – აცხადებს იგი.

ინციდენტი დროში ემთხვევა ახალი გაზსადენის გახსნას. ახალმა გაზსადენმა, – რომლითაც ნორვეგიული გაზი პოლონეთს მიეწოდება, – უნდა შეამციროს ევროპის ენერგეტიკული დამოკიდებულება მოსკოვზე.

ჯერჯერობით ევროკავშირს არ დაუსახელებია შესაძლო დამნაშავე გაზსადენის დაზიანებაში.

პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მათეუშ მორავიეცკიმ გუშინ განაცხადა, რომ ეს „საბოტაჟია“.

დანიის ენერგეტიკის სააგენტოს წარმომადგენლის განცხადებით, გაჟონვა მასშტაბურია და შესაძლოა, მის შეჩერებას ერთი კვირა დასჭირდეს.

კრემლის სპიკერი დმიტრი პესკოვი კი აცხადებს, რომ ეს „ძალიან შემაშფოთებელი ახალი ამბავია“.

ზელენსკის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი აცხადებს, რომ „გაზის გაჟონვა „ნორდსტრიმიდან“ სხვა არაფერია, თუ არა რუსეთის მიერ დაგეგმილი ტერორისტული აქტი და ევროკავშირის წინააღმდეგ მიმართული აგრესია“.

„ნორდ სტრიმი“ არის სახელი ევროპა-რუსეთს შორის დამაკავშირებული ორი მილსადენისა, რომლითაც გაზის მიწოდება ხდება.

„ნორდსტრიმ 2“, რუსეთის უკრაინაში შეჭრის ფონზე, სერტიფიცირებული არ არის.

ვრცლად:

მასალების გადაბეჭდვის წესი