„ნორდსტრიმის“ გაზსადენის სიახლოვეს ძლიერი წყალქვეშა აფეთქებები დაფიქსირდა, გაზმა ბალტიის ზღვაში გაჟონა.
ინფორმაციას დანიის თავდაცვის ძალები და შვედეთის სეისმური ცენტრი ავრცელებენ.
დანიის თავდაცვის ძალებმა გაავრცელა ვიდეო, რომელიც აჩვენებს, რომ ბალტიის ზღვაში, „ნორდსტრიმ 1“ და „ნორდსტრიმ 2“ მილსადენების ზემოთ, წყალი დაბინძურებულია.
დანიის ენერგეტიკის სააგენტოს თანახმად, გაზი ბალტიის ზღვაში ამ ორი მილსადენიდან სამ ადგილას ჟონავს.
„გარდიანის“ ცნობით, არსებობს სპეკულაცია, რომ ინფრასტრუქტურა გამიზნულად არის დაზიანებული.
Se video og fotos af gaslækagerne på Nord Stream 1 og 2-gasledningerne i Østersøen på https://t.co/pj96CN7CDB: https://t.co/7bgt8TljaH #dkforsvar pic.twitter.com/I1zEPaBLYO
— Forsvaret (@forsvaretdk) September 27, 2022
ამავე წყაროს ცნობით, გაჟონვის ეპიცენტრიდან 1კმ-ის დიამეტრია დაბინძურებული.
შვედეთის სეისმური ცენტრის წარმომადგენელი, ბიორნ ლუნდი აცხადებს, რომ „უდავოდ აფეთქებებია მომხდარი“.
მისი თქმით, პირველი აფეთქება ორშაბათს, დილის 2.03 საათზე დაფიქსირდა, მეორე კი, ორშაბათს, საღამოს 19:04-ზე.
პოლონეთის პრემიერ-მინისტრი მათეუშ მორავიეცკი აცხადებს, რომ ეს „საბოტაჟია“: „დეტალები არ ვიცით მომხდარის შესახებ, მაგრამ ვხედავთ, რომ ეს არის საბოტაჟი, რაც უკავშირდება უკრაინაში ვითარებას ესკალაციის მომდევნო ეტაპს“, – განაცხადა მან.
დანიის ენერგეტიკის სააგენტოს წარმომადგენლის განცხადებით, გაჟონვა მასშტაბურია და შესაძლოა, მის შეჩერებას ერთი კვირა დასჭირდეს. დანიის პრემიერ-მინისტრმა მეტე ფრედერიკსონმა განაცხადა, რომ „საბოტაჟი ვერ გამოირიცხება“. „საუბარია სამ ადგილას გაჟონვაზე, ერთმანეთისგან საკმაოდ დაშორებული ადგილებიდან, ამიტომ რთულია წარმოვიდგინოთ, რომ ეს დამთხვევაა“, – განაცხადა მან.
კრემლის სპიკერი დმიტრი პესკოვი კი აცხადებს, რომ ეს „ძალიან შემაშფოთებელი ახალი ამბავია“.
ზელენსკის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი აცხადებს, რომ „გაზის გაჟონვა „ნორდსტრიმიდან“ სხვა არაფერია, თუ არა რუსეთის მიერ დაგეგმილი ტერორისტული აქტი და ევროკავშირის წინააღმდეგ მიმართული აგრესია“.
„რუსეთს სურს ევროპაში ეკონომიკური ვითარების დესტაბილიზაცია და ზამთრისწინა პანიკის გამოწვევა. საუკეთესო პასუხი ამ ყველაფერზე იქნება ტანკები უკრაინისთვის. განსაკუთრებით, გერმანული ტანკები“, – წერს იგი ტვიტერზე.
„ნექსტას“ ცნობით, „ნორდსტრიმის“ გაზის მიწოდების შეწყვეტის გამო, ევროპაში 1000 კუბური მეტრი გაზის ფასი 1900 აშშ დოლარს აღწევს.