ლარსის გამშვები პუნქტიდან საქართველოში შემოსვლასთან დაკავშირებით პრობლემები ექმნებათ ჩრდილოეთ კავკასიიდან მომავალ ადამიანებს. ამის შესახებ ინფორმაცია ვრცელდება ჩეჩენი ოპოზიციონერი ბლოგერის, ტუმსო აბდურახმანოვის ტელეგრამ არხზე.
მისი თქმით, დაუკავშირდნენ ჩეჩნეთის მოქალაქეები და უთხრეს, რომ ლარსის გამშვებ პუნქტზე მეოთხე დღეა იმყოფებიან ახალგაზრდა კაცები, ქალები და ბავშვები, თუმცა საქართველოში შემოსვლის უფლებას არ აძლევენ:
“ლარსის გამშვები პუნქტიდან ჩეჩნები დამიკავშირდნენ, მათ საქართველოში არ უშვებენ. უკვე 4 დღეა სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე არიან. იქ არიან ქალები, ბავშვები და ახალგაზრდა მამაკაცები. რუსები, რომლებიც საზღვარზე გადადიან, რაღაც ოთახში შეჰყავთ და დაკითხვას უტარებენ. შემდეგ ან უშვებენ, ან უკან აბრუნებენ. ჩრდილოეთკავკასიიდან ჩამოსულ ადამიანებს კი [იმ ოთახშიც] არ უშვებენ. უსამართლობაა რუსების შეშვება და კავკასიელების არა. ეს ეხება ჩეჩნებს, დაღესტნელებს და ინგუშებს. უცნაურია, რაც ხდება. თუ ვინმე უნდა შეუშვან საქართველოში, ეს კავკასიელები უნდა იყვნენ. რადგან ჩვენ განსაკუთრებული ურთიერთობები გვაკავშირებს.
ვფიქრობ, რომ რუსეთის მხრიდან გარკვეული ბრძანებაა გაცემული, რომ ქართველებმა კავკასიელები არ გაატარონ. რუსეთში რაც ხდება, ყველამ იცის. ძალიან მძიმე ვითარებაა. ჩრდილოეთ კავკასიაში ადამიანებს იჭერენ და ომში ძალით უშვებენ. იგივე ელოდებათ იმ ბიჭებს, რომლებიც ლარსის საზღვარზე იმყოფებიან. ამ ადამიანებს არ სურთ უსამართლო ომში მონაწილეობა. ვიმედოვნებ, რომ რუსეთში არსებული არასტაბილური ვითარება რეჟიმს დაასრულებს, თუმცა კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ მდგომარეობა არასტაბილური და მძიმეა. არავინ იცის, რა მოხდება”, – უთხრა “მთავარ არხს” ტუმსო აბდურახმანოვმა [მთავარი არხის თარგმანი].
მის ტელეგრამ არხში ასევე ვრცელდება ფოტო და ვიდეომასალა, სადაც ჩანს, რომ ლარსის გამშვებ პუნქტში, სავარაუდოდ, მოსაცდელ ოთახში, ათობით ადამიანია თავმოყრილი, რომლებსაც იატაკზე სძინავთ. ერთ-ერთი მათგანი, ახალგაზრდა ქალის ვიდეო, გაავრცელა ტელეკომპანია “მთავარმა არხმა”. ქალი ჰყვება, რომ იმედი ჰქონდათ, ბავშვების უსაფრთხო ქვეყანაში გადაყვანას შეძლებდნენ, თუმცა “ოთხი დღეა საზღვარზე სძინავთ”.
“საჭმელიც არ გვაქვს. შოკში ვართ. ქალები არიან მცირეწლოვანი ბავშვებით. ყირიმელ თათრებსაც არ ატარებენ. ძალიან მძიმე ვითარებაში ვართ”, – ამბობს ის.
აღნიშნული ინფორმაციის დასაზუსტებლად “ნეტგაზეთი” შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა. უწყებაში ამ თემაზე ამჟამად განცხადებას არ აკეთებენ, თუმცა გვითხრეს, რომ ინფორმაციას დააზუსტებენ და ოფიციალური პასუხის არსებობის შემთხვევაში დაგვიკავშირდებიან.
მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა და ომი დაიწყო, რუსეთის მოქალაქეებმა ქვეყნის დატოვება დაიწყეს. მათი ერთ-ერთი დანიშნულების ადგილი საქართველოა, რადგან მათ აქ შემოსასვლელად ვიზა არ სჭირდებათ და ქვეყანაში გაჩერება ერთი წლის ვადით შეუძლიათ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, საქართველოში 2022 წლის აგვისტოში რუსეთის ფედერაციის 24 076-ით მეტი მოქალაქე შემოვიდა, ვიდრე ამავე წლის ივლისში. სამინისტროს მონაცემებით, აგვისტოში საქართველოში რუსეთის 260 810 მოქალაქე შემოვიდა, ხოლო ივლისში -236 734 მოქალაქე.
ამავე თემაზე გირჩევთ: რუსეთიდან საქართველოში ჩრდილოკავკასიელებს არ უშვებენ – ჩეჩენი ბლოგერი