საზოგადოება

ყვარელში რუსეთის დეპუტატმა და დაღესტნის სამინისტრომ ჭიდაობის ტურნირი ჩააატარეს

18 აგვისტო, 2022 •
ყვარელში რუსეთის დეპუტატმა და დაღესტნის სამინისტრომ ჭიდაობის ტურნირი ჩააატარეს

კახეთში, ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ თივში ჭიდაობის ჩემპიონატი ჩაატარეს დაღესტნის სპორტის სამინისტრომ და დაღესტნის ჭიდაობის ფედერაციამ.

ტურნირი, რომელშიც ადგილობრივებმა და სხვა რეგიონებიდან ჩასულებმა მიიღეს მონაწილეობა, დუმის დეპუტატმა დაასპოსნორა. ამის შესახებ ინფორმაციას თავად დუმის დეპუტატი ავრცელებს ტელეგრამზე.

ჩემპიონატი და საპრიზო ფონდი

ტურნირის ერთ-ერთი გამარჯვებულის მამა, გია ბახბახიშვილი „მთავარ არხთან“ საუბარში ამბობს, რომ ფულადი პრიზი I-II-III ადგილისთვის იყო 600, 400 და 200 ლარი, „აბსოლუტურში“ [ანუ აბსოლუტურ ფალავნობაში] კი – „ცხვარი“.

„ხუთი თუ მეტი წელია, რაც ტარდება ეგ დღეობა“, – ამბობს იგი.

„მთავარ არხს“ ადგილობრვიები ეუბნებიან, რომ მოჭიდავეებს შორის იყვნენ ჩამოსულები დაღესტნიდან, თელავიდან და ახმეტიდან.

ღონისძიებაზე თივში იმყოფებოდნენ დაღესტნის რესპუბლიკის სპორტის სამინისტროს ფიზ. კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის უფროსი ხალიტბეგ მახაჩევი, დაღესტნის მოჭიდავეთა გუნდის მთავარი მწვრთნელი მაჰმუდ მაგომედოვი და სპორტის სამინისტროს სხვა მაღალჩინოსნები.

საიგიდფაშა უმახანოვი

ვინ არის საიგიდფაშა უმახანოვი

ღონისძიების სპონსორი დუმის დეპუტატი არის საიგიდფაშა უმახანოვი, რუსეთის მმართველი პარტია „ედინაია რასიას“ წევრი, – რომელიც დუმაში დაღესტნის რესპუბლიკას წარმოადგენს.

საიგიდფაშა უმახანოვი, – რომელიც თავადაც ეთნიკურად ავარია, – 1997-დან 2015 წლამდე დაღესტნის ქალაქ ხასავიურტის მერი იყო. მას რუსეთ-ჩეჩნეთის ომში აქვს მონაწილეობა მიღებული.

შემდეგ ხასავიურთის ტრანსპორტის, ენერგეტიკისა და კომუნიკაციების მინისტრი იყო, 2020-21 წლებში- დაღესტნის მეთაურის მრჩეველი, 2021 წლის სექტემბრიდან კი დუმის წევრია.

უმახანოვი პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან

კვლევითი ცენტრის, „ჯეიმსტაუნის ფონდის“ ცნობით, დაღესტანში, – რომელიც თავისი რთული „კლანური სტრუქტურით“ არის ცნობილი, – უმახნოვების კლანი ძლიერ პოზიციებს იკავებს.

უმახანოვი ამბობს, რომ 1990-იანი წლებიდან მოსახლეობას არაერთხელ დახმარებია „სხვადასხვა ყოველდღიური, კულტურული და საგანმანათლებლო საკითხების გადაწყვეტაში და მშობლიურ ენაზე გაკვეთილების ორგანიზებაში“.

სოფელ თივის მოსახლეობა

ყვარლის ამ სოფლის უმრავლესობას (68% – 2014 წლის აღწერით, 225 ადამიანი) ეთნიკურად ავარები (ხუნძები) წარმოადგენენ.

ავარები დაღესტნის მკვიდრი მოსახლეობაა. საქართველოში მცხოვრები ავარების უმრავლესობა სწორედ ყვარლის მუნიციპალიტეტში სახლობს.

სოფელი თივი ყვარლის მუნიციპალიტეტის ჩრდილოეთში მდებარეობს და ბოლო დასახლებაა. მის შემდეგ კავკასიონის ქედია, ქედს გადაღმა კი ყვარელს დაღესტანი ესაზღვრება.

რას ამბობენ ყვარელში?

ყვარლის მუნიციპალიტეტის მერმა, გივი ზაუტაშვილმა „ნეტგაზეთს“ უთხრა, რომ შვებულებაშია და ამ საკითხზე არაფერი იცის.

მერის წარმომადგენელმა სოფელ თივში, მალხაზ მარტიაშვილმა „ნეტგაზეთის“ ზარებსა და მოკლე ტექსტურ შეტყობინებას არ უპასუხა.

მასალების გადაბეჭდვის წესი