ახალი ამბები

NGO-ები: საზღვარზე ჩრდ. კავკასიელების შემოწმებისას, სავარაუდოდ, დისკრიმინაციული მიდგომაა

28 სექტემბერი, 2022 • 492
NGO-ები: საზღვარზე ჩრდ. კავკასიელების შემოწმებისას, სავარაუდოდ, დისკრიმინაციული მიდგომაა

არასამთავრობო ორგანიზაციები ეხმიანებიან მედიასა და სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან ლარსის საზღვარზე ჩრდილოეთ კავკასიელების შემოწმების სპეციალური და მკაცრი წესი მოქმედებს.

ორგანიზაციების განცხადებით, ეს აჩვენებს, სავარაუდოდ, დისკრიმინაციული გამოცდილებას და მოუწოდებენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, შექმნას სასაზღვრო შემოწმების თანასწორი და ღირსეული გარემო ამ რეგიონებში მცხოვრები ადამიანებისთვის.

„რუსეთში დაწყებული სამხედრო მობილიზაციის პირობებში, რუსეთის მიერ კოლონიზებული და მასთან ისტორიული დაპირისპირების გამოცდილების მქონე საზოგადოებების მხარდაჭერა კავკასიაში საქართველოს ისტორიული როლი და ამოცანა იყო და ჩვენს რეგიონში მეგობრული და სოლიდარული ხალხთაშორისი ურთიერთობებისთვის, ამ რთულ მომენეტში, სწორი პოლიტიკური და სიმბოლური ნაბიჯების გადადგმა არსებითი გვგონია.

რუსეთის მოქალაქეებისთვის საქართველოს საზღვარი ადვილი გადასალახია და ის ძირითადად სპეციალური შემოწმებისა და ლოდინის გარეშე მიმდინარეობს. სხვადასხვა კვლევა აჩვენებს, რომ საზღვრის კვეთაზე უარის სტატისტიკა რუსეთის მოქალაქეეებთან მიმართებით ძალიან დაბალია.

თუმცა მედიასთან და ჩვენთანაც არაერთი რესპონდენტი განმარტავს, რომ სწორედ ჩრდილოეთ კავკასიაში მცხოვრები ადამიანები (ან ისინი, ვინც მათ ჰგვანან ფიზიკურად სხვადასხვა გარეგნული, რელიგიური და კულტურული ატრიბუტის მიხედვით) საათების განმავლობაში გადიან შემოწმების რთულ და ხანგრძლივ პროცესს მხოლოდ მათთვის გამოყოფილ სპეციალურ ოთახში (#222) და ზოგჯერ გაჭიანურებულ, რამდენიმედღიან შესწავლასაც კი ექვემდებარებიან. ცხადია, რომ ამ ფონზე ჩრდილოეთ კავკასიელების საზღვარზე შემოწმების სპეციალური და უფრო მკაცრი წესის მოქმედება დისკრიმინაციული მოპყრობის ვარაუდებს აჩენს“, – აცხადებენ ორგანიზაციები.

არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, ადამიანის უფლებებზე მომუშავე აქტორებს არ აქვთ წვდომა იმ ე.წ. ნეიტრალურ ზონებთან საზღვარზე, სადაც იმყოფებიან ლოდინის ან უკვე უარის გადაწყვეტილების პირისპირ დარჩენილი ადამიანები, მათ შორის ქალები და ბავშვები.

მათი თქმით, ამის გამო ერთმევათ სიტუაციის დეტალური ანალიზისა და პრობლემის მასშტაბის დადგენის შესაძლელობა.

ორგანიზაციები ხაზს უსვამენ, რომ ხელმისაწვდომი არაა ჩრდილოეთ კავკასიის რეგიონებში მცხოვრები ადამიანებისთვის საზღვრის კვეთაზე უარის სტატისტიკა, რომელსაც, როგორც შსს განმარტავს, ოფიციალურად არც აწარმოებს.

„ამის მიუხედავად, ჩვენი რესპონდენტების განცდაა, რომ მათ მიმართ მიღებული უარის გადაწყვეტილებები უფრო ხშირია, ვიდრე რუსეთის სხვა მოქალაქეების შემთხვევაში და მათი თქმით, თითქმის ყოველი მეხუთე პირი მათგან უარს იღებს. ჩვენ, ცხადია, ვაღიარებთ საზღვრის კვეთის პროცესში სახელმწიფო კონტროლის მნიშვნელობას ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე.

აქვე ცხადია ისიც, რომ ამ პროცესში სახელმწიფოს ფართო დისკრეცია აქვს და მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების დასაბუთება ზოგჯერ საიდუმლო ინფორმაციას შეიძლება ეფუძნებოდეს. თუმცა მნიშვნელოვანია, ეს პროცესი თვითნებობის და დისკრიმინაციული მოპყრობის გარეშე წარიმართოს და მასზე ქმედითი და დროული სასამართლო კონტროლი არსებობდეს“, – აცხადებენ არასამთავრობო ორგანიზაციები.

ამასთან, არასამთავრობო ორგანიზაციები აღნიშნავენ, რომ საზღვრის კვეთის მარეგულირებელი კანონმდებლობა, განსაკუთრებით კი „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის „ი“ ქვეპუნქტი, რომელიც უცხოელისთვის შემოსვლაზე უარის საფუძვლად „კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევას უთითებს“,  ხდება საზღვრის კვეთის დროს უარის გადაწყვეტილებების დასაბუთების ყველაზე მასიური საფუძველი.

მათი თქმით, აღნიშნული არ აკმაყოფილებს განჭვრეტადობისა და სიცხადის ელემენტარულ მოთხოვნასაც კი და არაკონსტიტუციურია.

„როგორც ამ ნორმასთან დაკავშირებული სასამართლო და ადმინისტრაციული პრაქტიკა აჩვენებს, აღნიშნული მუხლის გამოყენების უკან სამართალდამცავი ორგანოები მათ მიერ შედგენილ ოფიციალურ სიებს გულისხმობენ, სადაც პირის შეყვანა სათანადო სტანდარტების, პროცედურის გარეშე ხდება.

ხშირ შემთხვევაში სწორედ ეს ნორმა ხდება ჩრდილოეთ კავკასიელებისთვის საქართველოში შემოსვლაზე უარის საფუძველი. ამ პროცესში სამწუხაროა ისიც, რომ ამგვარ გადაწყვეტილებებზე სასამართლო კონტროლი ფორმალისტურ ხასიათს ატარებს და უფლების დარღვევის მსხვერპლის ადვოკატსაც კი არ აქვს წვდომა იმ ინფორმაციაზე“, – აცხადებენ არასამთავრობოები.

არასამთვრობო ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ ჩრდილოეთ კავკასიელების მიმართ უსაფრთხოების პოლიტიკა ხშირად წინასწარგანწყობებსა და დისკრიმინაციულ სტერეოტიპებს ეფუძნება, რაც მეტწილად ამ რეგიონში რუსეთის მიერ წლების განმავლობაში წარმოებული იმპერიული და რეპრესიული პოლიტიკის და დისკურსის შედეგია.

„სამწუხაროა, რომ საქართველოს მთავრობა, ისევე როგორც უსაფრთხოებისა და სამართალდამცავი ორგანოები, რომლებიც უნდა იაზრებდენ ჩრდილოეთ კავკასიის რეგიონის ისტორიულ წინააღმდეგობას რუსეთის იმპერიულ პოლიტიკასთან და განსაკუთრებით სამხედრო მობილიზაციის პირობებში უკრაინაში საომარ მოქმედებებში ჩართვის პოლიტიკურ, კულტურულ და ეთიკურ დილემებს, დღეს მათ მიმართ უფრო მოქნილ და მხარდამჭერ მიდგომებს არ ირჩევს“, – აცხადებენ არასამთავრობო ორგანიზაციები.

მათი თქმით, კავკასიის ხალხებს შორის მხარდაჭერის, სოლიდარობისა და თანამშრომლობის შენება საქართველოს ისტორიული ამოცანა იყო კავკასიის რეგიონში და ყველაზე რთულ მომენტებში ჩვენი ქვეყანა დევნის გამოცდილების წინაშე მდგარი ხალხების მიმართ სოლიდარული და მასპინძელი ქვეყანა რჩებოდა.  ამის მაგალითად მათ მოჰყავთ რუსეთ-ჩეჩნეთის ომის დროს ჩეჩენი ლტოვილების მიღების გამოცდილება.

ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით, არამთავრობო ორგანიზაციები მოუწოდებენ:

  • შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, საზღვრის კვეთის დროს ჩრდილოეთ კავკასიელების შემოწმების სეგრეგირებული და, სავარაუდოდ, დისკრიმინაციული პრაქტიკა დროულად აღმოფხვრას და ეს პროცესი თანასწორობისა და ღირსების პატივისცემის პრინციპებს დააფუძნოს;
  • ადამიანის უფლებებზე მომუშავე აქტორებს, მისცენ შესაძლებლობა მოინახულონ ე.წ. ნეიტრალური ზონები, რომ შეძლონ ადგილზე უფლებრივი მდგომარეობის მონიტორინგი;
  • საქართველოს მთავრობამ რუსეთის მოქალაქეების მიგრაციის მაღალი მასშტაბების გათვალისწინებით შექმნას სამუშაო და პოლიტიკური ფორმატები, რომელიც ამ პროცესთან დაკავშირებული რისკების, პოლიტიკური, უსაფრთხოების, სოციალური და ეკონომიკური ეფექტების გაზომვისა და რელევანტური შემაკავებელი და მაკომპენსირებელი ზომების მიღების შესახებ მსჯელობის სივრცე იქნება საზოგადოებრივ ჯგუფებთან და პოლიტიკურ ოპოზიციასთან;
  • საქართველოს პარლამენტმა შეიმუშაოს სათანადო საკანონმდებლო ცვლილებების პროექტი, რომელიც საზღვრის კვეთის მარეგულირებელ კანონმდებლობაში თვითნებობის, დისკრიმინაციული მოპყრობისა და სამართლიანი სასამართლო უფლების ხელყოფის რისკებს მაქსიმალურად შეამცირებს. ამ პროცესზე სასამართლო კონტროლს კი რეალურსა და ეფექტიანს გახდის.

განცხადებას ხელს აწერენ:

  • სოციალური სამართლიანობის ცენტრი
  • საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
  • ადამიანის უფლებათა ცენტრი
  • დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI)

მასალების გადაბეჭდვის წესი