ახალი ამბებისამართალი

საქართველოში რუს ბლოგერს არ უშვებენ

16 ივნისი, 2022 • 3632
საქართველოში რუს ბლოგერს არ უშვებენ

რუსეთის მოქალაქეს, ყაბარდო-ბალყარელ ბლოგერ ინსა ლანდერს, რომლის წინააღმდეგაც რუსეთში სისხლისსამართლებრივი დევნა მიმდინარეობს, საქართველოში არ უშვებენ.

რუსი უფლებადამცველი და აქტივისტი ეგორ კუროპტევი, რომელიც წლებია, საქართველოში ცხოვრობს, ამბობს, რომ მისი ინფორმაციით, ინსა ლანდერი უკვე მე-5 დღეა, ლარსის გამშვებ პუნქტზე ნეიტრალურ ზონაშია დაყოვნებული.

როგორც მან ტელეკომპანია „ფორმულას“ განუცხადა, ლანდერი არაადამიანურ პირობებში იმყოფება; მისი თქმითვე, საქმის კურსშია საქართველოს სახალხო დამცველი.

სახალხო დამცველის აპარატში „ნეტგაზეთს“ განუცხადეს, რომ უწყება საქმის კურსშია და სწავლობს საქმეს, ხოლო მათი წარმომადგენლები იმყოფებოდნენ ადგილზე, თუმცა არ მიეცათ ბლოგერის მონახულების საშუალება.

„ნეტგაზეთი“ დაუკავშირდა შსს-ს ინფორმაციის მისაღებად. უწყების პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

ინსა ლანდერი (მისი სრული სახელია ოგუზ ინსა სოლთან-ხამიდოვა) ბალყარეთის ქალაქ ბაქსანში ცხოვრობს.

2021 წლის 9 დეკემბერს მას შინაპატირმობა შეუფარდეს ტერორიზმის ხელშეწყობის ბრალდებით.

მისი მეგობრების თანახმად, ბრალდებას რეალური საფუძველი არ გააჩნია.

რუსული უფლებადაცვითი ორგანიზაციის, OVD-Info-ს თანახმად, ლანდერის წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნა უკავშირდება მის ჟურნალისტურ აქვიტობას, კერძოდ, ბოლო თვეების განმავლობაში სწავლობდა უშიშროების სამსახურის ერთ-ერთი წარმომადგენლის საქმიანობას, კერძოდ, საქველმოქმედო ფონდიდან თანხების გაფლანგვას.

17:00 – განახლება

შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ 12 ივნისს რუსეთის ფედერაციის სასაზღვრო გამტარი პუნქტიდან საქართველოს საზღვარზე შემოვიდა რუსეთის ფედერაციის მოქალაქე ოგუზ ინსა (OGUZ INSA), რაც დაფიქსირდა რუსეთის ფედერაციის მიერ მის პასპორტში გაკეთებული შტამპით.

„აღნიშნულ პიროვნებას „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის საფუძველზე უარი ეთქვა საქართველოში შემოსვლაზე, ვინაიდან იგი იძლეოდა აშკარად ცრუ და ურთიერთსაწინააღმდეგო ინფორმაციას თავისი ვიზიტის მიზნების შესახებ, რაზეც შედგა შესაბამისი სამართლებრივი დოკუმენტი და ჩაბარდა კანონით დადგენილი წესით“, – აცხადებს შსს.

შსს-ს თანახმად, მეორე დღეს, 13 ივნისს, აღნიშნული მოქალაქე კვლავ გამოცხადდა დარიალის სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე და მოითხოვა საერთაშორისო დაცვა.

„მისი განმარტებით, ის ბრალდებულია რუსეთის ფედერაციაში ტერორისტულ ორგანიზაციასთან თანამშრომლობის გამო და სასამართლოს მიერ შეფარდებული აქვს შინაპატიმრობა საქმის არსებით განხილვამდე. მისივე განმარტებით, მან დაარღვია შინაპატიმრობის წესები, მოიხსნა ე.წ. ,,სამაჯური” და საპასპორტო კონტროლის გავლის შემდგომ აპირებდა საქართველოში შემოსვლას“, – წერია შსს-ს განცხადებაში.

„აღსანიშნავია, რომ მასობრივი ინფორმაციის წყაროებიდან ნამდვილად იკვეთება, რომ აღნიშნული პიროვნება არის ბრალდებული ისეთ მძიმე საერთაშორისო დანაშულში, როგორიც არის ტერორისტულ ორგანიზაციასთან თანამშრომლობა. საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, უცხოელის საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლის საკითხი თანხვედრაში უნდა იყოს საზღვრის კვეთის შესაბამის მოთხოვნებთან. თუკი პირი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ კრიტერიუმებს, მათ შორის, თუკი პირის საქართველოში ყოფნა საფრთხეს შეუქმნის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას ან/და საზოგადოებრივ წესრიგს ან თუ პირის მიმართ მიმდინარეობს სისხლისსამართლებრივი დევნა ისეთ საერთაშორისო დანაშაულებთან დაკავშირებით, როგორებიცაა: ტერორიზმი, ნარკოტიკების კონტრაბანდა, ადამიანით ვაჭრობა (ტრეფიკინგი), ასეთ პირს საქართველოში შემოსვლაზე შეიძლება უარი ეთქვას სახელმწიფო ინტერესის გათვალისწინებით“, – აცხადებენ უწყებაში.

შსს-ს თანახმად, „ლტოლვილთა შესახებ კონვენციის“ (1951 წელი) 33-ე მუხლის მე-2 პუნქტი და „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი „სახელმწიფოს ანიჭებს უფლებას შეზღუდოს უცხოელის ქვეყანაში შესვლა, როდესაც საკითხი ეხება სახელმწიფო უსაფრთხოებას“.

ნახეთ ასევე:

მასალების გადაბეჭდვის წესი